„რუსეთმა შესაძლოა შეზღუდული დარტყმებით დაიწყოს და პარალელურად ბირთვული იარაღით დაემუქროს ალიანსს“ - კვირის პალიტრა

„რუსეთმა შესაძლოა შეზღუდული დარტყმებით დაიწყოს და პარალელურად ბირთვული იარაღით დაემუქროს ალიანსს“

მოსკოვიდან სულ უფრო ხშირად ისმის გაფრთხილებები ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, ხოლო ნატო და ევროპელი ლიდერები რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებსა და ევროპის მზარდ საფრთხეებზე საუბრობენ. ამჯერად რუსული მუქარა უკავშირდება კალინინგრადის სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოწყვეტილია და ნატოს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზრით, ნატო ამ ოლქის დანარჩენი რუსეთისგან მოწყვეტას გეგმავს და ალიანსს მუქარის შემცველ დოკუმენტებს უგზავნის. ამ ყველაფრის პარალელურად, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მომზადების პროგრამას კიდევ ორი წლით აგრძელებს, გერმანია უკრაინის ომის გამოცდილების გათვალისწინებით საკუთარი დრონების პოლკის შექმნას გეგმავს, ნატო კი აცხადებს, რომ რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებზე რეაგირების ყველა ვარიანტი აქვს... სად გადის წითელი ხაზი და ვინ შეიძლება პირველმა გამოჰკრას ხელი "ჩახმახს"? ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება.

- რუსეთი უკვე დიდი ხანია ევროპის მასშტაბით თანდათანობით ახდენს ვითარების ესკალაციას. ეს გამოიხატება როგორც ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში, ისე დრონებით საჰაერო სივრცის დარღვევისა და სხვადასხვა ობიექტზე საბოტაჟის ცდებში. ცოტა ხნის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში ჩავიდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და მიუთითებს, რომ დასავლეთი, პირველ რიგში, შეერთებული შტატები და შემდეგ ევროპა უკვე ცალსახად ხედავს ძალიან სერიოზულ საფრთხეს. მსგავსი ვიზიტი 2021 წელსაც შედგა, უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე. გარდა ამისა, კრემლიდან სულ უფრო ხშირად ისმის მუქარა არა მხოლოდ კალინინგრადთან, არამედ უკრაინასთან დაკავშირებითაც. პუტინი მოელის, რომ ტრამპი ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე და აიძულებს რუსეთის პირობებს დათანხმდეს.

- რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?

- ვერ ვიტყვი, რომ უსაფუძვლოა, ტრამპი აშკარად უწყობს ხელს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას. შეგახსენებთ, რომ მან ზელენსკის რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდა. ისიც კი შესთავაზა, რომ მოსკოვში ჩასულიყო. საერთაშორისო ვითარება, განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, დამატებით შეშფოთებას იწვევს. გერმანიაში გაძლიერდნენ პრორუსული პოზიციებით ცნობილი მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური ძალები - "ალტერნატივა გერმანიისთვის" და მემარცხენე პარტია "იე Lინკე". მსგავსი ტენდენციები შეინიშნება საფრანგეთშიც. ამ ყველაფერს ემატება ტრამპის ფაქტორი. მისი ადმინისტრაციის პოლიტიკამ უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტისა და ევროპაზე ზეწოლის შესახებ რუსეთის სტრატეგიას გარკვეული შესაძლებლობები გაუჩინა.

- ამ მოცემულობაში რა არის დღეს ის კონკრეტული მოვლენა, რომელმაც შეიძლება "ჩახმახის გამოკვრის" მომენტამდე მიგვიყვანოს?

- ესკალაცია შეიძლება დაიწყოს რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ შეზღუდული მასშტაბის სამხედრო დარტყმებით. ამისთვის ყველაზე რეალისტური პერიოდი დეკემბრამდეა, თუმცა კონკრეტული ვადების განსაზღვრა რთულია. გარკვეული ფაქტორების გამო ამან შეიძლება იანვრამდე ან თებერვლამდეც გადაიწიოს, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, უფრო გვიან აღარ უნდა ველოდოთ.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ მოსკოვმა უკრაინა საკუთარ პირობებზე დაითანხმოს?

- უკრაინამ უნდა აჩვენოს, რომ გარე ძალების გადაწყვეტილებების მიუხედავად, შეუძლია სამხედრო ვითარების შეცვლა და ზელენსკი ახლა სწორედ ამ მიმართულებით მოქმედებს. ვხედავთ მის ცდებს დონბასის მიმართულებით, მათ შორის დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. თუმცა უკრაინა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროპულ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაზე, ხოლო შეიარაღებაში ამერიკაზეც და ეს პუტინს კარგად ესმის. ამიტომ მოსკოვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამოყენება, ევროპის დასუსტება და უკრაინისთვის ევროპული მხარდაჭერის შემცირება.

- ნატოს გენმდივანი მარკ რუტეც აღნიშნავს, რომ რუსეთი ევროპის დაშინებითა და ჰიბრიდული თავდასხმებით უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ცდილობს. თუმცა, მისივე თქმით, მოსკოვი უკრაინაში დასახულ მიზნებს ვერ აღწევს და ვერც დასავლეთს დააშინებს.

- მარკ რუტეს შეფასებას საფუძველი ნამდვილად აქვს. ამ ეტაპზე გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები ევროპული ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერის ძირითადი საყრდენები არიან, მაგრამ ეს რუსეთმაც კარგად იცის და ამიტომ აძლიერებს ჰიბრიდულ ზეწოლას ამ ქვეყნებზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გამოყენებით. ამიტომ მთავარი კითხვა ახლა ის არის, გაუძლებენ თუ არა ევროპული ქვეყნები რუსეთის ზეწოლას და საჭიროების შემთხვევაში ერთიანი, თანამიმდევრული პასუხის გაცემას. ჩემი აზრით, კრემლში სწორედ იმის იმედი აქვთ, რომ რუსეთის მუქარასა და ესკალაციას ევროპის სათანადო პასუხი არ მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში მოსკოვს შესაძლებლობა მიეცემა ზეწოლა უფრო გააძლიეროს და დასავლეთში არსებულ პოლიტიკური უთანხმოებები საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს.

- მარკ რუტემ ისიც განაცხადა, რომ უკვე განხილული აქვს რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის სცენარები და ამისთვის მზად არიან.

- სცენარი ბევრია. ეს შეიძლება დაიწყოს ნატოს ინფრასტრუქტურაზე საბოტაჟით, მასშტაბური კიბერთავდასხმებით, წყალქვეშა კაბელების დაზიანებით ან სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმით. ასევე შესაძლებელია ბალტიის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დრონებით ან სარაკეტო სისტემებით შეზღუდული დარტყმები. არ უნდა გამოვრიცხოთ რუსულენოვანი მოსახლეობის ფაქტორის გამოყენებაც ესტონეთსა და ლატვიაში. მოსკოვმა შესაძლოა წაახალისოს არეულობა და საპროტესტო გამოსვლები, შემდეგ კი შექმნილი ვითარება საკუთარი ჩარევის გასამართლებლად გამოიყენოს, მათ შორის ე.წ. მწვანე კაცუნების მეშვეობით... რუსეთმა შესაძლოა შეზღუდული დარტყმებით დაიწყოს და პარალელურად ბირთვული იარაღის გამოყენებით ან კონფლიქტის გაფართოებით დაემუქროს ალიანსს. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოჩნდება, რამდენად შეუძლია ნატოს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

- საჭიროების შემთხვევაში დასავლეთი ერთსულოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს?

- ვფიქრობ, კრემლი სწორედ იმაზე აკეთებს გათვლას, რომ ევროკავშირი და ნატო დიდხანს იმსჯელებენ, უნდა უპასუხონ თუ არა რუსეთს და რა ფორმით. თუ ადეკვატური და სიმეტრიული პასუხი დროულად არ იქნება, ეს შეიძლება სტრატეგიული მარცხის დასაწყისი გახდეს. ამიტომ ნატომ რუსეთს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით კი არა, სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებითაც უნდა აჩვენოს, რომ პასუხისთვის მზად არის. "ცივი ომის" პერიოდში ალიანსი სწორედ ასე მოქმედებდა, რუსეთის სამხედრო სწავლებებს საკუთარ სამხედრო მზადყოფნასა და შესაბამის სწავლებებს უპირისპირებდა, დღეს კი ასეთი თანამიმდევრული მიდგომა ნაკლებად ჩანს.

- თუ რუსეთსა და ევროპას შორის დაპირისპირება პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- ჩვენთვის ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხე დღემდე არ შემცირებულა. პირიქით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დასრულდება რუსეთისა და ევროპის დაპირისპირება. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეს უმძიმეს შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, ხოლო თუ რუსეთი დამარცხდება და მისი აგრესიული პოლიტიკა შეჩერდება, საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმის სტრატეგიული შესაძ­ლებლობა მიეცემა...

ხათუნა ბახტურიძე