„ისეთი ბიჭები წავიდნენ, მათ გარეშე ცხოვრება ძალიან რთული გახდა...“ - კვირის პალიტრა

„ისეთი ბიჭები წავიდნენ, მათ გარეშე ცხოვრება ძალიან რთული გახდა...“

"ახლა აღარც ჩემი გოგია, აღარც ჩემი ვახუშტი", - ამბობს მომღერალი თემურ ჭკუასელი და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებს იხსენებს.

გოგი დოლიძე

- ცხოვრებაში ბევრ საინტერესო პი­როვ­ნებასთან მქონია ურთიერთობა, როცა მეგობრები ვიკრიბებით, ხშირად ვიხსენებთ ამ ადამიანებს... თამადობა ხშირად მიწევდა. გამორჩეულად მიყვარდა ერთი სადღეგრძელო, იმ ადამიანებს ვადღეგრძელებდი, ღამე სიზმრებში ჩვენთან რომ მოდიან. გარდა­ცვ­ლილ ახლობლებთან დღემდე მაქვს ასეთი კონტაქტი. ადამიანი თურმე ყველაზე დიდ მწუხარებასაც ეჩვევა, მაგრამ გოგი დოლიძის წასვლასთან შეგუება არა მხოლოდ მე, ნახევარ საქართველოს გაუჭირდა.

სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ვცხოვრობდი, დედა რაიონში მუშაობდა და მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა. ჩემი პატარა ბინა მეგობრების თავშეყრის ადგილი იყო. ერთ დღეს გოგი მოიყვანეს, მაშინ არ ვიცნობდი, გიტარით იყო და ის რომ იმღერებდა, რაც მოხდებოდა, გასაგებია... ცოტა შევზარხოშდით, გვიანი იყო რომ წავიდა და გიტარა დარჩა. მეორე დღეს მოაკითხა, როგორც ჩანს, ჩემი ბინა კარგად არ ახსოვდა, ქუჩაში იდგა და ჩემს სახელს ჰყვიროდა. აივანზე გავედი, დავუძახე, აქ ვარ-მეთქი. გაცნობის დღიდან ერთმანეთს აღარც დავშორებივართ...

"ქართული ხმები" 1986 წელს შეიქმნა, 9 ოქტომბერს დიდი საიუბილეო კონცერტი გვაქვს, 40 წელი გვისრულდება. ამას წინათ 1986 წელს გადაღებულ ვიდეოს ვუყურებდი, ზუსტად 10 წლის შემდეგ 1996 წელს გარდაიცვალა გოგი... ძალიან უშუალო იყო, ისე მოგეფერებოდა, ყველა თვლიდა, რომ მისი მეგობარი იყო და მართლაც ასე იყო. ცალკე სალაპარაკოა გოგი და ბავშვები, გოგი და მეგობრები, გოგი და მეზობლები, გოგი და ქალბატონები...

მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდით. ისე მოხდა, რაღაც საქმეს გვიანობამდე შევრჩით. სახლში გოგის უნდა წავეყვანე. კოსტავას ქუჩაზე, სანამ გმირთა მოედანზე ჩავიდოდით გოგონა დავინახეთ, გოგიმ გაუჩერა - დაბრძანდით, წაგიყვანთო. მან შეიძლება იცნო გოგი და ღიმილით უპასუხა, - არა, ძალიან შორს მივდივარო. აღმოჩნდა, რომ გოგონა ბათუმში მიდიოდა. გოგიმ უთხრა, დაჯექი, თემურს სახლში დავტოვებ და წაგიყვანო. მართლა წაიყვანა, უკან დილის 6 საათზე დაბრუნდა. ჩემთან მოვიდა, მითხრა, 3 საათით დავიძინებ და მერე სამსახურში ერთად წავიდეთო. ასეთი გულიანი იყო...

გოგი ე.წ. იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. მეზობლებს ძილის საშუალებას არ ვაძლევდით, მაგრამ არავინ აპროტესტებდა, ალბათ, მოსწონდათ ჩვენი სიმღერა. ერთ საღამოს გვიან მივედით, ვივახშმეთ, თან საქმეზე ვსაუბრობდით, სიმღერას არ ვაპირებდით. ღამის 12 საათზე კარზე კაკუნის ხმა გაისმა, გოგიმ გააღო კარი და უკან რომ მობრუნდა, სიცილით გვითხრა, მეზობლები იყვნენ, ამდენი ხანია გელოდებით, გაგვაგებინეთ, იმღერებთ თუ დავწვეთ და დავიძინოთო? საოცარი სამეზობლო ჰყავდა...

12-1791120620.png

ვახუშტი კოტეტიშვილი

- როცა ტელევიზიაში ვმუშაობდით და "ფოლკლორის საღამოებს" ვაკეთებდით, ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით (უფრო რუსული სიტყვა "კამანდა" უხდება). ვახუშტი კოტეტიშვილის რეგიონებში ჩასვლა ხომ ზეიმი იყო. ერთხელ ვანში ჩავედით. ჟინჟღლავდა. ერთ ეზოში მასპინძელი გამოგვეგება. ვახუშტი რომ დაინახა, ეს რა ხალხი მესტუმრაო, მოგვეფერა და მერე გამასპინძლების ფიქრში სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა. შუა ეზოში გაჩერდა, მოტრიალდა ვახუშტის ეუბნება, ბოდიში, ჩემო ბატონო, წვიმსო. ვახუშტი გადაირია, პირველად ვნახე, წვიმის გამო ადამიანმა მოიბოდიშაო... ვახუშტის თამადობა იმპროვიზაციით იყო გამორჩეული. ერთხელ, ძალიან შეზარხოშებულები რომ ვიყავით, ჭიქა აიღო და დაიწყო სადღეგრძელო: ნისლიან ალბიონში ერთადერთი ძირი ვაშლის ხე იდგა, გამოვიდა ეს ნიუტონი და მაინცდამაინც იმ ერთი ძირი ვაშლის ხის ქვეშ დაიძინა. ამ ხეს მხოლოდ ერთი ცალი ვაშლი ება, ქარმა დაუბერა, მოწყდა ეს ვაშლი და ნიუტონს თავში დაეცა...

სადღეგრძელოს ამბობს, მაგრამ შენ ხომ ფიქრობ, რას შეიძლება ეს ამბავი დაუკავში­როს, როგორი გაგრძელება ექნება? ...ნიუტონმა გაიღვიძა, ამ ვაშლის ხეს შეხედა და ამის შემდეგ მთელი მსოფლიოს ბავშვები იტანჯებიან ნიუტონის კანონით. ჩვენთან, გორის მაზრაში, ჩემს საყვარელ ქართლელებს თავები ვაშლებით აქვთ დახეთქილი, მაგრამ არავითარ კანონებს არ იგონებენ. მინდა ახლა იმ კაცის სადღეგრძელო დავლიო, რომელსაც თავში ვაშლი მოხვდება, მაგრამ არ გააბაზრებსო...

temur-chkuaseli-1-1791120621.jpg

მეორე დღეს ვურეკავ, წუხელ რა სადღეგრძელო თქვი, გახსოვს-მეთქი? არაო. მოვუყევი და ისე მოეწონა, მერე თავის წიგნშიც კი შეიტანა.

ახლა აღარც ჩემი ვახუშტია, აღარც ჩემი გოგი. ახლახან ჩემი ორი უახლოესი მეგობარიც წავიდა: ბადრი ვადაჭკორია და პაატა ნაცვლიშვილი. მე და ბადრი სტუდენტობიდან ერთად მოვდიოდით - სანამ ჟინვალის წყალსაცავში წყალი დაგროვდებოდა, ფსკერზე არქეოლოგიურ გათხრებზე ვმუშაობდით. დავდიოდით ხევსურეთში, ყველგან დაჰქონდა თავისი აპარატი... პაატასთანაც ბევრი წლის მეგობრობა მაკავშირებდა. ორიგინალობით გამორჩეული კაცი იყო. ერთხელ რედაქციაში მივიყვანე მანქანით, მითხრა, მალე ჩამოვალო, თან თავისი ლექსების ბროშურა მომცა, გადახედე, რომ არ მოიწყინოო. ლექსებს გადავხედე და თვალში ორი რამ მომხვდა, ერთგან ეწერა, ამ წლის ამ დღეს დავწერე ლექსი, მერე ავედი 21 ნომერ ავტობუსში და დავკარგე - გვერდი, სადაც ეს ლექსი უნდა დაბეჭდილიყო, ცარიელი იყო. რამდენიმე ლექსის შემდეგ ისევ შემხვდა წარწერა, ეს ლექსი ამ წლის ამ რიცხვში უნდა დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე და ისევ ცარიელი ფურცელი... პაატა რომ დაბრუნდა, ბროშურა მივაწოდე. რა ქენი, წაიკითხეო? კი-მეთქი! მერეო? ორი ლექსი წარმოუდგენლად მომეწონა-მეთქი. რომელიო? ერთი, რომელიც ავტობუსში დაკარგე და მეორე, რომ არ დაგიწერია-მეთქი. მისი რეაქცია ადვილი წარმოსადგენია...

განა შეიძლება ოდესმე დამავიწყდეს ჩემი "ქართული ხმების" წევრები გურამ თამაზაშვილი, დათო გოგიაშვილი ("თავგასა"), ზაურ ბოლქვაძე, გია ჭირაქაძე... ისეთი ბიჭები იყვნენ, მათ გარეშე ცხოვრება რთული გახდა, ძალიან რთული...

თამუნა კვინიკაძე