"გაჯეტებზე დამოკიდებულება ტვინის გამოფიტვას იწვევს" - რატომ უჭირთ ბავშვებს მეტყველება
ძალიან ბევრი მასწავლებელი და მშობელი ჩივის, რომ ბავშვებს ქართულად მეტყველება და ტექსტიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეებს უჭირთ შედარებით რთული ტექსტების გააზრება, დასკვნების გამოტანა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ჩვენ დავინტერესდით, რით შეიძლება ავხსნათ ეს მოვლენა?
"გაჯეტებზე დამოკიდებულება ტვინის გამოფიტვას იწვევს"
თამაზ ლაღიძე, ფსიქოლოგი: - გაჯეტებს ვაბრალებ დღევანდელ ბავშვებს რომ უჭირთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა და აზრის გამოთქმა. როცა ბავშვი საათობით ზის ინტერნეტში, ის ან თამაშობს, ან ვიდეოებს უყურებს, ეს კი ბავშვების აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს ხელს ვერ შეუწყობს. მოკლე ვიდეოები სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია - ასეთი მასალა ტვინის მუშაობას აფერხებს და პატარებზე ისე მოქმედებს, როგორც ნარკოტიკი - ისინი ინტერნეტის გარეშე ვეღარ ძლებენ. ამ ვიდეოებისგან სასიამოვნო ემოციებს და განცდებს იღებენ, რის გამოც უჭირთ გაიგონ წიგნის ფასი. კითხვის პროცესში ბავშვს ფანტაზიის უნარი უვითარდება და ეჩვევა, რომ წიგნის შინაარსი გაიაზროს. გაჯეტებზე დამოკიდებულება კი, პირიქით, ტვინის გამოფიტვას იწვევს და კრიტიკული აზროვნების უნარს კლავს.
ბავშვების მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ მშობლები მათთვის ვერ იცლიან და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თვითონაც გაჯეტებში "იკარგებიან"...
ე.წ. ორენოვანი ბავშვების რიცხვი მომრავლდა. არაერთი ბავშვი თავიდანვე ორ ენაზე იწყებს ფიქრს და მეტყველებას. მათ სასაუბრო ლექსიკონში ინგლისური და ქართული სიტყვები ერთმანეთშია არეული და მეტყველების პრობლემას ესეც ქმნის. როდესაც ბავშვი თავს ვერ აკონტროლებს და საათობით შეუძლია ინტერნეტში იყოს, მისთვის ცოცხალი ურთიერთობები ბოლო ადგილზე გადადის.
"ბავშვს უნდა მოუსმინოთ"
ნინო უდესიანი, პედიატრი: - დაწყებით კლასებში წაკითხული მასალის გაგება და შინაარსის გადმოცემა ბევრს უჭირს - ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მე, როგორც პედიატრი, აუცილებლად გამოვიკვლევდი რკინის, B12-ისა და D ვიტამინების დეფიციტს, ასევე გამოვიკვლევდი, რა დროს იძინებს და იღვიძებს ბავშვი. ყველაზე მთავარი კი მაინც კვებაა.
არანაკლებ სერიოზული ფაქტორია მშობლებთან კონტაქტის დეფიციტი. შეიძლება ბავშვი ჰიპერაქტიური იყოს, ან ყურადღების დეფიციტი ჰქონდეს, რაც ასევე ცუდად მოქმედებს ათვისების უნარზე. მოუსმინეთ ბავშვს, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.
სწავლის დროს, როდესაც რომელიმე სიტყვა მისთვის უცნობია, ბავშვი შინაარსს ვერ იგებს, სტრესში ვარდება და ამის გამო აღარაფერს მოგიყვებათ. ეს არის მთავარი მიზეზები, რის გამოც პატარებს სწავლა უჭირთ.
ყველა ბავშვი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. მათთვის მშობლები მისაბაძი ადამიანები არიან და როცა მშობელი პატარას უსმენს, მის აზრს ითვალისწინებს, ეს მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია.
"ვფიქრობ, ზოგიერთი სახელმძღვანელოს ავტორებს სკოლასთან ახლოსაც არ გაუვლიათ"
ნინო ნ.-ძე, პედაგოგი: - 20 წელია, რაც მასწავლებელი ვარ, მეოთხე-მეხუთე კლასს ვასწავლი და ასეთი სუსტი ნაკადი ჯერ არ მინახავს. სხვა მასწავლებლებიც ჩივიან, რომ ბავშვები მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობენ და აზრს ვერ გადმოსცემენ. ამას ხელს უწყობს სახელმძღვანელოები, ურთულესი მასალითა და ამოცანებით. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მათ ავტორებს სკოლასთან ახლოსაც არ გაუვლიათ და ამ წიგნებს მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისთვის ადგენდნენ. ხომ არსებობენ ჩვეულებრივი, საშუალო დონის მოსწავლეები, მათზეც ხომ უნდა ვიზრუნოთ?
"მთელი თაობა გვეკარგება!
რეზო აფხაზავა, განათლების სპეციალისტი: - თუ მეოთხე ან მეხუთე კლასში ბავშვების უმრავლესობას წერა-კითხვა უჭირს და წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს, ეს ჩვენი განათლების სისტემის ბრალია. ნორმალურ ქვეყნებში ხარისხიანი განათლების მიღება ყველა ბავშვს შეუძლია და ეს მარტო ოჯახზე არ არის დამოკიდებული. ჩვენთან კი ბავშვებს მშობლიურ ენაზე აზრის ჩამოყალიბება თუ უჭირთ, ეს ნიშნავს, რომ სხვა საგნებშიც პრობლემები ექმნებათ და ბავშვები \სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ. გასაგებია, რომ ეს ციფრული ტექნოლოგიების ბრალიცაა, მაგრამ იმიტომ ვაფინანსებთ განათლების სამინისტროს, რომ მსგავსი პრობლემები აღმოფხვრას.
პრობლემაა როგორც კვალიფიციური კადრების მოზიდვა, ასევე სახელმძღვანელოების შინაარსი და რაც მთავარია: იმის გამო, რომ სკოლებში არ არის უფასო კვება, ძნელია ბავშვებთან კლასგარეშე მუშაობა და დამატებითი მეცადინეობის ჩატარება. ბევრი ბავშვი სოციალურ შემწეობას იღებს. ეს მათ კოგნიტურ შესაძლებლობებზეც აისახება და უამრავ პრობლემას ქმნის. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეების კვება უფასოა, ჩვენი ბავშვები კი ამას ვერ ეღირსნენ. სამაგიეროდ, მილიონობით ლარი დაიხარჯა გაურკვეველი ხარისხის სასკოლო ფორმებზე. სკოლებს ანგრევენ და მათ ადგილზე რის აშენებას გეგმავენ, კაცმა არ იცის! ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რაც მივიღეთ - მთელი თაობა გვეკარგება!
ვინმემ იცის, ბოლო წლებში რამდენი განათლების მინისტრი შეიცვალა? - მოვლენ, ზოგი სასკოლო პროგრამაში ჭადრაკს დაამატებს, ზოგს სხვა ახირება აქვს და ეს ხალხი ჩვენს შვილებზე ექსპერიმენტებს ატარებს. არ შეიძლება განათლების სამინისტრო თვითონ არჩევდეს ავტორებს, წიგნებს თვითონ ბეჭდავდეს და თვითონ არიგებდეს. ეს არის მანკიერი სისტემა, სადაც პროფესიონალები ჩართულნი არ არიან.
ხათუნა ჩიგოგიძე