აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს - მკვლელი ადრე რუსი ქალის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს - კვირის პალიტრა

აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს - მკვლელი ადრე რუსი ქალის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობისთვის 25 წლის ედგარ აბუხბა დააკავეს. ეს მისთვის პირველი მძიმე დანაშაული არ არის - ორი წლით ადრე ის ტურისტი ქალის გაუპატიურებისა და სასტიკად ცემისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამჯერად მოკლული 26 წლის ამინა ბიკბოვაა, რუსეთის ქალაქ ორენბურგის მცხოვრები, რომელიც გაგრაში მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებდა.

ამინას ბოლო სამი დღის განმავლობაში ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რის გამოც დედამ განგაში ატეხა და გაგრის მილიციას მიმართა. მოკლულის მეგობრის ინფორმაციით, ამინამ ტელეფონით გაიცნო გუდაუთელი ედგარ აბუხბა, რომელიც გაგრაში ხილს ყიდდა. გაცნობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს სწერდნენ. 24 სექტემბერს აბუხბამ ორივე მეგობარი ყავაზე დაპატიჟა, თუმცა შეხვედრას მხოლოდ ამინა დათანხმდა. ამის შემდეგ გოგონას კვალი გაქრა. მეორე დღეს მეგობარმა აბუხბას იმ მაღაზიაში მიაკითხა, სადაც ის ხილს ყიდდა და ამინას შესახებ ჰკითხა. აბუხბამ უთხრა, რომ მათ ყავა დალიეს, შემდეგ კი ამინას ვიღაც სხვა ბიჭმა მანქანით მიაკითხა და წაიყვანა.

26 სექტემბერს დაკარგული გოგონას მშობლებმა გაგრის მილიციას მიმართეს. მეორე დღეს აბუხბა დააკავეს. დე ფაქტო შს სამინისტრო დაკავებულის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ყავის დალევის შემდეგ აბუხბამ ამინა ტაქსით ნაქირავებ ბინაში წაიყვანა. იქ მათ კონფლიქტი მოუვიდათ, რის მერეც აბუხბამ გოგონა დაახრჩო. უწყების ინფორმაციით, მეორე დილით, კვალის დაფარვის მიზნით, მან ნაცნობს ავტომობილი სთხოვა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ბზიფის ხეობისკენ გაემართა. თავდაპირველად ცხედრის წყალში გადაგდებას აპირებდა, თუმცა ვერ შეძლო და პლედში გახვეული სოფლის გზასთან, ბუჩქებში მიაგდო, მოკლულის ტელეფონი და პირადი ნივთები კი სოხუმის გზატკეცილზე, ნაგავში გადაყარა.

დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ აბუხბა მანამდეც იყო ნასამართლევი. 2019 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, 20 წლის რუსი ტურისტი ქალი სოხუმის ცენტრში მდებარე დამწვარი ე.წ. სამთავრობო შენობის კომპლექსში მიიყვანა, გააუპატიურა, ქვებითა და მუშტებით სასტიკად სცემა, გაძარცვა, ბოლოს საფეთქელში ქვა ჩაარტყა და მიატოვა. აბუხბას ეგონა, რომ ქალი მკვდარი იყო, თუმცა ის გადარჩა. დე ფაქტო სასამართლომ აბუხბას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა საკასაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა და როგორც არასრულწლოვანს, სასჯელი 9 წლამდე პატიმრობით შეუმცირა. დაზარალებული ქალის ოჯახი კომპენსაციად მილიონ რუბლს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აბუხბას 10 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრა.

აბუხბამ შემცირებული სასჯელის მხოლოდ ნახევარი მოიხადა და 2024 წლის თებერვალში ვადაზე ადრე გათავისუფლდა. მის გათავისუფლებას მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწვავედ გამოეხმაურა და ეს გადაწყვეტილება "უკიდურეს გაუგებრობად" შეაფასა და რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია უსაფრთხოების რისკების გამო. განცხადებას აფხაზეთში უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცალკეული დანაშაულის გამო რეგიონში ტურისტების უსაფრთხოების საკითხის პოლიტიზება არასწორია.

ვადაზე ადრე გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ აბუხბა კვლავ დააკავეს. ამჯე­რად რუსი ტურისტის მკვლელობის საქმეზე. დე ფაქტო გენპროკურორმა განაცხადა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა. დე ფაქტო ტურიზმის სამსახურმა მოკლულის ოჯახს დაკრძალვის ხარჯე­ბის დაფარვა და ფულადი კომპენსაცია შესთავაზა.

"თუ თავიდან ძალადობა მხოლოდ ქართველებზე იყო დაშვებული, ეს უკვე ყველას შეეხო"

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი: - აფხაზეთში კრიმინალური ვითა­რება წლებია მძიმეა და ეს ახალი პრობლემა არ არის. ყოველწლიურად ხდება მსგავსი შემთხვევები, მათ შორის რუსი ტურისტების მიმართაც და მოსკოვსაც ჰქონდა ამაზე რეაქცია. შეიძლება ითქვას, კრიმინალი ბევრ სფეროშია შეღწეული და კრიმინალური სამყაროს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზეც არაერთხელ ყოფილა. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ტურისტებთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევები სეზონზე არ გახმაურდეს, რათა შემოსავალი არ დაკარგოს და მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას. არ ახმაურებენ შემთხვევებს, თუკი საქმე ძალიან მძიმე დანაშაულს, მაგალითად, მკვლელობას, არ ეხება. წლებია, არაფერი იცვლება და მთავარი პრობლემა დაუსჯელობასა და დე ფაქტო ინსტიტუტების კორუმპირებულობას უკავშირდება. თუ აფხაზეთში ადამიანი გავლენიანი კლანის წევრია, კავშირები აქვს ან შეუძლია ფულის გადახდა, ის ყოველთვის არიდებს თავს პასუხისმგებლობას ან მხოლოდ მოჩვენებითად ისჯება. თუნდაც ამ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობისთვის ის კაცი წლების წინ იყო დაკავებული და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. რუსეთი ბევრს ვერაფერს აკეთებს, რადგან საპოლიციო კონტროლი აფხაზური სტრუქტურების ხელთაა.

უნდა აღვნიშნოთ ის დაუსჯელობის სინდრომიც, რომელიც ეთნიკურად ქართველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ახლავს. მაგალითად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დროს კანჯი-ოღლის მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯეს და რეალურად ეს სასჯელიც არ მოუხდია. ასევე, 2019 წელს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაკავებული ირაკლი კვარაცხელია დაკითხვისას გარდაიცვალა და ამ საქმეზე არავინ დასჯილა. პირიქით, ითქვა, რომ მან დაკითხვის ოთახში მარტო ყოფნისას თავი ჩამოიხრჩო. 2024 წელს გალში მილიციელებმა ცემით მოკლეს კიდევ ერთი ქართველი, თემურ კარბაია და ამ საქმეზეც არავინ დასჯილა - სამი მილიციელი მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მსგავსი შემთხვევები ქმნის განცდას, რომ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გარდაუვალი არ არის. თუ თავიდან ძალადობა დაშვებული იყო მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ, ეს უკვე გასცდა ამ პრობლემას და ეხება ყველას, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს და ჩადის.

არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი მკვლელობისთვის თითქოს დაისაჯა, მაგრამ ძალიან მალე გათავისუფლდა ან მინიმალური სასჯელი დააკისრეს. განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც საქმე დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ეხება. ასეთებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ პასუხისმგებლობის თავი­დან ასაცილებლად, საბოლოოდ კი ეს გავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოებაზე - წლების განმავლობაში დამნაშავეები დაუსჯელი არიან და ამის გამო იქმნება გარემო, სადაც ძალადობის რისკი იზრდება.

- ქალთა მდგომარეობაზეც მინდა გკითხოთ. რამდენად გავრცელებულია აფხაზეთში ქალებზე ძალადობა?

- ქალებზე ძალადობა მწვავე პრობლემაა. ოჯახში ძალადობის ხშირ შემთხვევებზე საუბრობენ ადგილობრივი უფლებადამცველებიც, თუმცა ბევრი შემთხვევა არ ხმაურდება. იქ სხვა კულტურული მდგომარეობაა. მიიჩნევა, რომ ეს ოჯახის შიდა საქმეა. რაც ხმაურდება, ისიც ხშირად მორიგებით მთავრდება, რის გამოც რეალური მასშტაბის შეფასება რთულია. ქალებს სხვა პრობლემებიც აქვთ, მათ შორის ის, რომ აფხაზეთში აბორტი აკრძალულია, რის გამოც ხშირად უწევთ სოჭში წასვლა ან სხვა, არალეგალური გზების ძებნა, რასაც ზოგჯერ სავალალო შედეგები მოჰყვება.

რაც შეეხება ტურისტ ქალებს, ყოველ სეზონზე არაერთი ძალადობის შემთხვევა ხდება, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების. თუმცა უმეტესად ყველა მიჩქმალულია და ზოგჯერ საქმე მორიგებით მთავრდება. განსაკუთრებით პრობლემურია შორეული და მთიანი ადგილები, სადაც ტურისტები მიდიან, მაგრამ უსაფრთხოების სათანადო მექანიზმები არ არსებობს.

- მუდმივად საუბრობენ რუსი ტურისტების მიმართ აფხაზების ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. რა არის ამის მიზეზი და რატომ ვერ შეძლო რუსეთმა თავისი მოქალაქეებისთვის მეტი დაცულობის შექმნა?

- ერთი მხრივ, ტურიზმი აფხაზეთის მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კულტურული განსხვავებები და კონფლიქტური სიტუაციებიც სწორედ აქედან წარმოიშობა. აფხაზ საზოგადოებაში კონსერვატიული დამოკიდებულებებია და ტურისტების ქცევა ყოველთვის არ ჯდება ადგილობრივთა ქცევის წესებში. ამასთან, რუსი ტურისტები აფხაზეთს რუსეთის ნაწილად აღიქვამენ, დიდი ამბიციები და მოთხოვნები აქვთ, ხშირად თავხედურადაც იქცევიან და ეს კონფლიქტის მიზეზი ხდება.

რუსეთი წლებია ცდილობს, აფხაზეთში "როსგვარდიას" ჰქონდეს პოლიციის უფლებამოსილება და აფხაზურ სტრუქტურებთან ერთად რუსულმა სტრუქტურამ, მათ შორის, ტურისტების უსაფრთხოება დაიცვას. თუმცა აფხაზების პროტესტმა ეს ცდები შეაჩერა. თუ მსგავსი ინციდენტები გაგრძელდება, არ გამოვრიცხავ, რომ მალე დღის წესრიგში კვლავ დადგეს რუსული პოლიციის ჩაყენების საკითხი და ამჯერად შეძლონ კიდეც.

2026 წლის სეზონის სხვა ინციდენტები

2026 წლის ტურისტულ სეზონზე ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთი ინციდენტი მოხდა.

=ივლისში სოხუმში, კაფე-ბარ "ნემოს" მიმდებარედ, ადგილობრივმა მამაკაცმა ტურისტ ქალს სასტიკად სცემა მას შემდეგ, რაც ქალმა გაცნობაზე უარი უთხრა. ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები, სახეზე ჭრილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, საავადმყოფოში ქალთან მივი­დნენ პირები და სთხოვეს, მილიციისთვის არ მიემართა და აფხაზეთი რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა. თავდამსხმელი დააკავეს...

=აგვისტოს ბოლოს რიწის ტბასთან მდებარე კაფე "გროტში" ტურისტული ჯგუფის წევრებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. რუსი ტურისტების თქმით, თავდაპირველად აფხაზმა მძღოლმა მათ დამატებითი გადასახადი მოსთხოვა, შემდეგ კი ერთ-ერთ კაფეში წაიყვანა. მათი ინფორმაციით, კაფეში მწვადზე გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ მათ 30-ზე მეტი აფხაზი დაესხა თავს. ტურისტები ასევე აცხადებდნენ, რომ ინციდენტის დროს ისმოდა შეძახილები "დახოცეთ რუსები". დაპირისპირების შედეგად ორი ტურისტი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი თავდამსხმელი კი დააკავეს. ტურისტების მონათხრობით, მათ მილიცია გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცავები ძალადობას შორიდან აკვირდებოდნენ და არ ჩარეულან.

=20 სექტემბერს სოხუმში რუსეთის ორი მოქალაქე ადგილობრივ ქალს ქუჩაში დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორ­მაციით, მათ ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს, მოკვლით დაემუქრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელებმა ქალს ქვებ­იც დაუშინეს. ერთი ქვა თვალში მოხვდა, რის შედეგადაც დაეცა, თუმცა თავდამსხმელებმა ქვების სროლა კვლავ განაგრძეს. დაშავებული ქალი აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აღმოჩნდა, თუმცა რუსეთის მოქალაქეებმა მისი სტატუსი არ იცოდნენ. ქალს დაუდგინდა თავის ტვინის დახურული ტრავმა, ზედა ქუთუთოს ჭრილობა და მარცხენა თვალის ჰემატომა. ინფორმაცია გავრცელდა ტელეგრამარხზე "აიაშარა". დაიწერა, რომ თავდამსხმელებს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ და ისინი გაათავისუფლეს, რასაც აფხაზების მწვავე რეაქცია მოჰყვა, ისინი სს საქმის აღძვრას ითხოვდნენ. საზოგადოებრივი პროტესტის გამო 23 სექტემბერს ფაქტზე სს საქმე აღიძრა ხულიგნობისა და მკვლე­ლობის მუქარის მუხლებით, თავდამსხმელები კი დააკავეს.

ეკატერინე ბასილაია