სამგზავრო "ბოინგით" ახალი "11 სექტემბრის“ გამეორებას ისრაელი ბეწვზე გადაურჩა
2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტებიდან, როდესაც ისლამისტმა ტერორისტებმა ოთხი "ბოინგი" გაიტაცეს და ნიუ-იორკში ტყუპ ცათამბჯენებს, ხოლო ვაშინგტონში კი პენტაგონის შენობას შეეჯახნენ, მეოთხედი საუკუნის თავზე, სავარაუდოდ, იმავეს გამეორება სცადეს, ამჯერად ისრაელის წინააღმდეგ.
2026 წლის 30 სექტემბერს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მფრენ Boeing 737 MAX 8 ტიპის ლაინერში პილოტების კაბინაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ომანელმა მეორე პილოტმა დანით დაჭრა ემირატელი კაპიტანი და სცადა კონტროლის ხელში ჩაგდება, რათა თვითმფრინავი ჩამოეგდო. ბორტზე მყოფი სხვა პილოტები და მგზავრები დაეხმარნენ კაპიტანს მის გაუვნებლებაში.
კაბინაში ჩხუბის დროს გააქტიურდა "კოდი 7500", რაც "უკანონო ჩარევას" (თვითმფრინავის გატაცების მცდელობას) ნიშნავს, რის გამოც ისრაელმა გამანადგურებლები ჰაერში ააფრინა. თვითმფრინავმა მკვეთრად დაკარგა სიმაღლე, თუმცა საბოლოოდ საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. ბორტზე მყოფი 174-ვე მგზავრი გადარჩა.
როგორ განვითარდა ცაში მფრენი სამგზავრო "ბოინგის" ბორტზე ის რამდენიმეწუთიანი მძაფრი დაპირისპირება, რაც შეიძლება რეზონანსულ ავიაკატასტროფაში ან არანაკლებ რეზონანსულ საჰაერო ტერორისტულ აქტში გადაზრდილიყო:
პირველი - ფრენის დროს ომანის მოქალაქე მეორე პილოტმა კაბინაში დანით დაჭრა კაპიტანი, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჰარი და თვითმფრინავის ჩამოგდება ან გატაცება სცადა. თავდასხმის შედეგად ლაინერმა მკვეთრი პიკირება დაიწყო და რამდენიმე წუთში (ზოგიერთი მონაცემით, 35 წამში) დაახლოებით 5-6 კილომეტრის სიმაღლე დაკარგა;
მეორე - დაჭრილმა კაპიტანმა მოასწრო კაბინის კარის განბლოკვა. ბორტზე მყოფი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ეკიპაჟის წევრები და მგზავრები (მათ შორის ისრაელის მოქალაქე, სანტექნიკოსი იანივ ჰაიუნი) კაბინაში შეიჭრნენ, თავდამსხმელი დააკავეს, გაკოჭეს და სიტუაციაზე კონტროლი აღადგინეს;
მესამე - ინციდენტის დროს ბორტზე იმყოფებოდა ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი სტომატოლოგი შოთა მუსაევი, რომელმაც დაჭრილ კაპიტანს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და გადაარჩინა;
მეოთხე - ბორტზე მგზავრების რანგში მყოფმა ავიაკომპანიის ორმა სხვა პილოტმა (უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა) მართვა გადაიბარეს და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს საუდის არაბეთის ტაბუკის აეროპორტში.
ამ დეტალებიდან შემდეგი დასკვნის გამოტანა შეიძლება:
პირველი - "ბოინგის" კაპიტანმა, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვნივ მჯდომი მეორე პილოტი მას მოულოდნელად თავს დაესხა და სამი მძიმე ჭრილობა მიაყენა, თავდამსხმელს კაბინაში ორთაბრძოლა გაუმართა და როგორღაც მოახერხა კაბინის შეჯავშნული კარის გაღება, რის გარეშეც დამხმარეები ვერ შეაღწევდნენ პილოტების კაბინაში და ვერ გააუვნებლებდნენ "აბუნტებულ" მეორე პილოტს;
მეორე - პიკირებაზე გადასული "ბოინგის" კაბინაში პირველად მგზავრი იანივ ჰაიუნი შევარდა და ხელი შეუშალა მეორე პილოტს თვითმფრინავის მართვის ხელსაწყოების დამტვრევაში და დამხმარეებთან ერთად გაკოჭა მგზავრებისთვის განკუთვნილი ყურსასმენების სადენებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მან მოასწრო "ბოინგის" შტურვალის თავისკენ მოზიდვა და თვითმფრინავი ჰორიზონტალური ფრენის რეჟიმში დააბრუნა - პროფესიით სანტექნიკოს იანივ ჰაიუნის თქმით, ის ხშირად უყურებს "ავიაკატასტროფების გამოძიების" სერიალს და თეორიული წარმოდგენა ჰქონდა თვითმფრინავის მართვაზე;
მესამე - თვითმფრინავის ბორტზე მგზავრების რანგში კიდევ ორი პილოტი აღმოჩნდა, რომლებმაც დროულად გადაიბარეს "ბოინგის" მართვა და ის ავარიულად, მაგრამ უვნებლად დასვეს საუდის არაბეთის აეროპორტში, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ვერტიკალური საჭე დაზიანდა სწრაფი პიკირების დროს.
რომ არა ეს პილოტები, ავიაკატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა, რადგან მძიმედ დაჭრილი ხომალდის მეთაური, ინდოელი პილოტი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებდა "ბოინგის" შემდგომ მართვას და მით უმეტეს, 82-ტონიანი სამგზავრო ლაინერის უსაფრთხოდ დაშვებას აეროპორტში;
მეოთხე - ის, რომ ეს ძალზე საშიში საჰაერო ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა, ჩვენებური შოთა ექიმის, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი სტომატოლოგის შოთა მუსაევის უდიდესი დამსახურებაა, რომელმაც დაჭრილ კაპიტანს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და გადაარჩინა;
მეხუთე - ამჟამად მიმდინარეობს თავდასხმის ორგანიზატორის, ომანელი მეორე პილოტის ინტენსიური დაკითხვა, რომლის მიზანია გაარკვიოს - მარტო, ინდივიდუალურად მოქმედებდა "აბუნტებული" მეორე პილოტი, თუ მის უკან დგანან კონკრეტული პირები ან ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც რეზონანსული ტერორისტული აქტი დაგეგმა. თუკი ეს გახლდათ მხოლოდ მეორე პილოტის პირადი ინიციატივა და მან მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზების გამო გადაწყვიტა თავის მოკვლა და ბორტზე მყოფი დანარჩენი 173 უდანაშაულო ადამიანის "თან წაყოლება" ეს ერთია, მაგრამ სულ სხვაა, თუკი გაირკვევა, რომ მას დაგეგმილი ჰქონდა ხომალდის მეთაურის ლიკვიდირება ჩაკეტილ კაბინაში და "ბოინგის" მიმართვა ისრაელის რომელიმე ქალაქის ცათამბჯენისკენ, ისე, როგორც 2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც ტერორისტებმა ოთხი "ბოინგი" გაიტაცეს და ნიუ-იორკში ტყუპ ცათამბჯენებს, ხოლო ვაშინგტონში კი პენტაგონის შენობას შეეჯახნენ.
მაგრამ ომანელ მეორე პილოტს მართლაც რომ მოეხერხებინა თვითმფრინავის კაბინაში მარტო დარჩენა და ისრაელის საჰაერო სივრცესთან მიახლოება, მის გეგმას ასრულება არ ეწერა, რადგან ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი განგაშის შემდეგ (როდესაც "ბოინგის" ბორტიდან დაჭრილმა კაპიტანმა მოასწრო "კოდი 7500"-ის გააქტიურება, რაც "უკანონო ჩარევას" - თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ნიშნავს) უკვე ჰაერში იყო და ისრაელის პრემიერ-მინისტრი წამითაც არ დაფიქრდებოდა, რომ გაეცა ბრძანება საჰაერო ტერორისტის მიერ ხელში ჩაგდებული "ბოინგის" ჩამოსაგდებად, მიუხედავად იმისა, რომ მასში მსხდომი მგზავრების უმეტესობა სწორედ ისრაელის მოქალაქეები იყვნენ.
მსგავსი საჰაერო ინციდენტები, რომლებიც ტრაგიკულად დამთავრდა:
Flydubai-ს რეისზე (FZ1073) მომხდარი ინციდენტის ზუსტი მოტივი ოფიციალურად ჯერ კიდევ დადგენილი არ არის, თუმცა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებში მკვეთრად იზრდება ეჭვი, რომ ეს ტერორისტული თავდასხმისა და თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდების მცდელობა იყო.
ავიაციის ისტორიაში Flydubai-ს რეისის მსგავსი ინციდენტები, როდესაც პილოტი განზრახ ცდილობს თვითმფრინავის ჩამოგდებას ან კაბინაში ფიზიკური დაპირისპირება ხდება, უიშვიათესია, თუმცა რამდენიმე რეზონანსული შემთხვევა მაინც იყო.
ამგვარი ინციდენტები, ძირითადად, ორ კატეგორიად იყოფა: პილოტის მიერ თვითმკვლელობის/მასობრივი მკვლელობის მცდელობა და ეკიპაჟის წევრების ფიზიკური კონფლიქტი.
SilkAir-ის რეისი 185 (1997 წელი): Boeing 737 ინდონეზიაში ჭაობში ჩავარდა (104 დაღუპული). ამერიკული გამოძიების დასკვნით, კაპიტანმა განზრახ გამორთო ბორტჩაწერები ("შავი ყუთები") და თვითმფრინავი ვერტიკალურად ქვევით მიმართა ფინანსური პრობლემების გამო;
EgyptAir-ის რეისი 990 (1999 წელი): ნიუ-იორკიდან კაიროს მიმართულებით მფრენი Boeing 767 ატლანტის ოკეანეში ჩავარდა, რასაც 217 კაცი ემსხვერპლა. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) დაადგინა, რომ კატასტროფა გამოიწვია შემცვლელი მეორე პილოტის განზრახ მოქმედებამ, რომელმაც კაბინიდან კაპიტნის გასვლის შემდეგ ავტოპილოტი გამორთო და თვითმფრინავი პიკირებაში გადაიყვანა;
LAM Mozambique Airlines-ის რეისი 470 (2013 წელი): კაპიტანმა ერმინიო დოს სანტოს ფერნანდესმა მეორე პილოტის კაბინიდან გასვლის შემდეგ კარი ჩაკეტა და ლაინერი განზრახ მიმართა მიწისკენ ნამიბიაში. დაიღუპა 33-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი;
Germanwings-ის რეისი 9525 (2015 წელი): ეს არის ბოლო დროის ყველაზე მძიმე და ცნობილი შემთხვევა. მეორე პილოტმა, ანდრეას ლუბიცმა, ისარგებლა მომენტით, როდესაც კაპიტანმა კაბინა ტუალეტში გასასვლელად დატოვა, შიგნიდან ჩაიკეტა და თვითმფრინავი Airbus A320 საფრანგეთის ალპებში განზრახ ჩამოაგდო. დაიღუპა 150-ვე კაცი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლუბიცს მძიმე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
არის შემთხვევები, როდესაც პილოტებს შორის კონფლიქტი იდეოლოგიური კი არა, პირადი ან პროფესიული უთანხმოების ნიადაგზე მოხდა:
Federal Express-ის რეისი 705 (1994 წელი): ეს შემთხვევა ყველაზე მეტად ჰგავს Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
კომპანიის თანამშრომელი (რომელიც მგზავრად მიფრინავდა) კაბინაში პილოტებს ჩაქუჩითა და ჰარპუნით დაესხა თავს, რათა თვითმფრინავი ჩამოეგდო და მის ოჯახს დაზღვევა მიეღო. მძიმედ დაჭრილმა პილოტებმა ჰაერში წარმოუდგენელი მანევრებითა და ბრძოლით შეძლეს თავდამსხმელის გაუვნებლება და ლაინერის უსაფრთხოდ დასმა;
Air India-ს ინციდენტი (2009 წელი): დელი-მუმბაის რეისზე პილოტებსა და ბორტგამცილებლებს შორის კაბინაში ჩხუბი მოხდა, მგზავრების თვალწინ, მას შემდეგ, რაც ბორტგამცილებელმა პილოტი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. თვითმფრინავი რამდენიმე წამით უმართავი გახდა, თუმცა ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა;
Flydubai-ს შემთხვევის მთავარი უნიკალურობა ის არის, რომ მეორე პილოტის მცდელობა, დანით თავს დასხმოდა კაპიტანს და თვითმფრინავი მკვეთრ პიკირებაში შეეყვანა, აღიკვეთა როგორც კაპიტნის, ისე ბორტზე მყოფი მგზავრების მიერ, რამაც 174 კაცი გადაარჩინა.