სამი სრულიად განსხვავებული ესთეტიკა და სამი ტრიუმფალური ჩვენება - "ეს არის ფუფუნება, რომელსაც სურს, რომ ყველამ შეამჩნიოს და დაინახოს" - კვირის პალიტრა

სამი სრულიად განსხვავებული ესთეტიკა და სამი ტრიუმფალური ჩვენება - "ეს არის ფუფუნება, რომელსაც სურს, რომ ყველამ შეამჩნიოს და დაინახოს"

დემნა გვასალიამ Gucci-სთვის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელსაც ოფიციალურად The Store ეწოდა. იტალიური მოდის სახლის სათავეში ჩადგომიდან ერთი წლის თავზე გამართულ ჩვენებაზე დემნამ უარი თქვა თავის ჩვეულ, ღამის კლუბური ცხოვრებით შთაგონებულ შოუებზე და აქცენტი ბრენდის მდიდრულ იტალიურ მემკვიდრეობასა და ბურჟუაზიულ გლამურზე გააკეთა.

დიზაინერმა კოლექცია სპეციალურად მოწყობილ მდიდრულ ბუტიკში წარადგინა. მარმარილოს სვეტებითა და ანტიკური ქანდაკებებით გაფორმებულ სივრცეში Gucci-ს მდიდარი იტალიური ტრადიციები თანამედროვე სტილს ოსტატურად შეუხამა. შოუს შთაგონება ლონდონის ცნობილი სასტუმრო შავოყ გახდა - ადგილი, სადაც ისტორიულად არისტოკრატები, ხელოვანები და ექსცენტრიკული ადამიანები იყრიდნენ თავს. შოუს მსგავსი წარდგენით დიზაინერმა ხაზი გაუსვა, რომ Gucci წარმოადგენს გლამურულ, მაღალ სამყაროს და მის სურვილს, გაბედულებას, გარდაქმნას ეს სამყარო საკუთარი ხედვისამებრ.

Gucci-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება მკაფიოდ დაიყო მამაკაცისა და ქალის ხაზებად, მამაკაცის კოსტიუმებში გამოკვეთილი იყო განიერი მხრები, ხოლო ქალის პიჯაკებსა და კაბებს აღმოსავლური ტაძრების გადახურვის ფორმის მსგავსად ბოლოებში ოდნავ ზემოთ ამოწეული და წაწვეტებული მხრები (pagoda shoulders) აფორმებდა.

აქსესუარებისა და ფეხსაცმლის ხაზში დემნამ განაახლა Gucci-ს Horsebit-კოდები. წარმოდგენილი იყო მოდერნიზებული ლოფერები კუთხოვანი ცხვირით. ჩანთების ხაზში მკაცრი, სტრუქტურირებული ფორმები და ტყავი დომინირებდა. დემნას კოლექციის კულმინაცია მსოფლიოს წამყვანი სუპერმოდელების ჩვენებით დაიხურა, პოდიუმზე მსოფლიოს წამყვანი სუპერმოდელები იყვნენ: იანოკ იაი, როზი ჰანტინგტონ-უაიტლი, ელსა ჰოსკი, კენდის სვეინპოლი, ალექს კონსანი და მერედით მიკელსონი, რომელმაც Gucci-ს ჩვენება ტრიუმფით დახურა. ეს იყო საღამოს კაბა, ღრმად ამოღებული ზურგით. იმისთვის რომ კაბას სხეულზე ფორმა იდეალურად შეენარჩუნებინა და ქსოვილი დაჭიმულიყო, ზურგზე ცრემლის ფორმის მძიმე საკიდი ჰქონდა დამაგრებული. კაბის მეორე გამორჩეული დეტალი გახლდათ ბრჭყვიალა ლოგო, რომელიც თეძოზე არსებულ ღრმა ჭრილს იჭერდა. მოდის კრიტიკოსებმა ეს კაბა მილანის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ და დახვეწილ ფინალურ აკორდად შეაფასეს.

საერთაშორისო მოდის გამოცემებმა დემნას ახალი კოლექცია შეაფასეს, როგორც Kering-ის ჯგუფისთვის სტრატეგიულად აუცილებელი და ფინანსურად მომგებიანი ნაბიჯი, ხოლო The Guardian-მა დემნას შესახებ დაწერა: "ეს არის ფუფუნება, რომელსაც სურს, რომ ყველამ შეამჩნიოს და დაინახოს". Wallpaper-მა დაწერა: "დემნა ახლა უფრო თავდაჯერებული ჩანს, ვიდრე წინა სეზონებზე. მან იდეალურად დააბალანსა ორი რამ: მაღალი მოდის დახვეწილი ენა და ისეთი სამოსის შექმნა, რომელსაც ხალხი რეალურად იყიდის და ატარებს". Haute Living: "გუჩიში" გატარებული ერთწლიანი დაკვირვებისა და ძიების შემდეგ, დემნას ხედვამ საბოლოოდ მიაღწია სრულყოფილებას, მან ზუსტად მიაგნო იმას, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე Gucci".

79e5709f-31a1-4b0f-bef5-46b242b4a8b9-1791123648.jpg

იდეალური შერწყმა

დავით კომახიძემ 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია Blumarine-ის სახლისთვის წარადგინა. თუ ადრემის კოლექციებში მუქი, ბნელი რომანტიკა და გოტიკური სტილი ჭარბობდა, ამჯერად მან განწყობა მკვეთრად შეცვალა. ახალ კოლექციაში დიზაინერმა აქცენტი კალიფორნიის მზიან სანაპიროზე, სერფინგის კულტურასა და თავისუფალ საზაფხულო განწყობაზე გააკეთა და Blumarine-ის ქალური სტილი უფრო მზიანი, მსუბუქი და ჰაეროვანი გახადა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო ჰაეროვანი ქსოვილები, ძირითადად, გამჭვირვალე ტიული და მაქმანები. წინა ჩვენებისგან განსხვავებით, სადაც შავი და მუქი ტონალობები დომინირებდა, 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში დიზაინერმა რბილი პასტელური ტონალობები გამოიყენა: ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, იასამნისფერი. ყვავილოვანმა პრინტებმა დიზაინერის კოლექციაში ცენტრალური ადგილი დაიკავა.

დევიდ კომამ ე.წ. baby doll-ის სტილის კაბები წარადგინა, რათა კოლექციისთვის უფრო მეტი სიმსუბუქე და სანაპიროს ლაღი განწყობა შეემატებინა. დევიდ კომას ხელმძღვანელობით მოდის სახლმა Blumarine ფეხსაცმლის გლობალურ ბრენდ UGG-თან თანამშრომლობით ერთობლივად შექმნილი სპეციალური ფეხსაცმელები წარადგინა. ფეხსაცმელი დაფარული იყო ნაზი, პასტელის ფერის ბუმბულითა და ჰაეროვანი დეტალებით. დიზაინერს ამით ჩვენება სურდა, რომ მაღალი მოდა და ყოველდღიური კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დევიდ კომას კოლექციაში მაღალი მოდის სილუეტებისა და სანაპიროს თავისუფალი სულის შერწყმამ ბრენდს სრულიად ახალი, ახალგაზრდული დინამიკა შესძინა.

წარმატებული დებიუტი

ქართველი დიზაინერების დიდებულ ტრიუმფთან ერთად, მილანის მოდის კვირეულის კიდევ ერთ მთავარ მშვენებად ქართველი სუპერმოდელი, მატილდა გვარლიანი იქცა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს მსოფლიო პოდიუმზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. ქართველი მოდელი მაღალი მოდის თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის ჩვენებაში მონაწილეობდა. მოდის კრიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ "მას შეუძლია თანაბარი თავდა­ჯერებულობით მოირგოს სრულიად განსხვავებული სტილი: იქნება ეს Max Mara-ს დახვეწილი და უბრალო მინიმალიზმი, Gucci-ს მდიდრული საღამოს გლამური თუ Moschino-ს თეატრალური და თამამი სამოსი".

გალიბ ჰასანოვი, აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი დიზაინერია. მას მაღალი მოდის კვირეულზე საკუთარი ბრენდის Institution-ის სადებიუტო კოლექცია წარადგინა. ჩვენებისთვის ეკლესიის სივრცე შეარჩია, რამაც შოუს დრამატული და საკრალური ელფერი შესძინა. შთაგონების წყაროდ ჰასანოვმა ტრადიციული აზერბაიჯანული აბრეშუმის შარფი აირჩია. აბრეშუმის სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას იდეალურად აბალანსებდა მძიმე მასალები - უმაღლესი ხარისხის ტყავი და შალი. ფერების პალიტრა აგებული იყო ნეიტრალურ, მიწისფერ ტონებზე, თუმცა ცენტრალური ფერი წითელი გახლდათ, რომელიც აზერბაიჯანულ კულტურაში ბროწეულის სიმბოლიკასთან ასოცირდება, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის ნიშანია.

გამოცემა Nargis Magazine-ის შეფასებით, გალიბ ჰასანოვის დებიუტი იყო ტრადიციულისა და თანამედროვე მოდის აზროვნების იდეალური სინთეზი, რამაც ახალგაზრდა დიზაინერს საერთაშორისო პრესის დიდი ინტერესი გამოიწვია. გალიბ ჰასანოვი ქვემო ქართლში, სოფელ ყარაჯალაში დაიბადა. თინეიჯერობის ასაკში თბილისში გადავიდა, სადაც მოდის ინდუსტრიით დაინტერესდა. ჰასანოვი მეორე ქართველი დიზაინერია (დემნას შემდეგ), რომელიც მაღალი მოდის უდიდესი კომპანიის - LVMH-ის ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსის ფინალში მოხვდა. გალიბ ჰასანოვი კავკასიურ კულტურულ მემკვიდრეობასა და დავიწყებულ ხელნაკეთ ტრადიციებს თანამედროვე, არქიტექტურულ მოდაში აცოცხლებს, რის გამოც ბრენდმა უკვე მოიპოვა ისეთი აღიარებები, როგორებიცაა ძალანდო Visionary Award და LVMH Prize-ს ფინალისტობა.

მილანის შემდეგ მაღალი მოდის კვირეულმა პარიზში გადაინაცვლა.

სოფო კაჭარავა