"გურია" ვენეციაში - კვირის პალიტრა

"გურია" ვენეციაში

ლევან კოღუაშვილის სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა "გურია" "ოსკარის" ცერემონიამდე სტარტი ვენეციაში აიღო, მსოფლიო პრემიერას ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა. ფილმი ნაჩვენები იქნა Venice Spotlight-ის სექციაში, სადაც შემოქმედებითი ორიგინალობითა და ძლიერი მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. 90-იანი წლების გურია, სიდუხჭირე და ადამიანებს შორის არსებული უფრო დიდი ჰუმანიზმი მაყურებელზე შთაბეჭდილების მომხდენი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის შესახებ კი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კახა ჭოლაძე მოგვითხრობს.

- ამ პროექტზე თითქმის 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდით, დაფინანსების პრობლემის გამო დროდადრო გაჩერება გვიწევდა. მსახიობებმა დამონტაჟებული 5-10 წუთიანი კადრები რომ ვნახეთ, მივხვდი, ფილმი იმაზე უკეთესი გამოდიოდა, ვიდრე მოლოდინი მქონდა.

- ზურიკო სიხარულიძის როლზე როგორ აღმოჩნდით?

- ლევან კოღუაშვილთან წლების წინ სოციალურ რეკლამაზე მქონდა ნამუშევარი, მერე ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ. მოკლედ, კასტინგზე მივედი. სანამ როლზე დამამტკიცებდნენ, 20-25-ჯერ მაინც მივედი. ბოლოს კასტინგის მენეჯერმა პაატა ქვლივიძემ დამირეკა და მითხრა, რომ მთავარ როლზე დამამტკიცეს. ამ დროს მოზარდ მაყურებელთა თეატრის საგრიმიოროში ვიყავი და მეოთხე სართულიდან როგორ ჩამოვედი პირველზე არ მახსოვს, არც ის მახსოვს, იმ დღეს სცენაზე როგორ ვითამაშე, ჩემი სიხარული იმდენად უსაზღვრო იყო.

ფილმის სცენარი გიორგი კეკელიძის მოთხრობის მიხედვითაა აწყობილი. ეს ადამიანი გამორჩეულად კარგი მთხრობელია, შეუძლებელიც იყო ჩემი პერსონაჟი არ მომწონებოდა. ზურიკოს, ჩემს გმირს, დუხჭირი ცხოვრება აქვს, პატრიოტი კაცია, დიდი სიყვარული აკავშირებს გურიასთან, თავის მეგობართან, მეზობლებთან... ის 90-იანი წლების პრობლემებს არ გაექცა, დარჩა გურიაში, დაქორწინდა და ცხოვრება გააგრძელა. ეს კაცი ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითია, რაც ძალიან დასაფასებელია. როცა პრობლემას გაურბიხარ, დამეთანხმებით, ეს მის მოგვარებას არ ნიშნავს. შეიძლება შენი პირადი პრობლემა მოაგვარო, საზღვარგარეთ ცხოვრება აიწყო, მაგრამ პრობლემა ქვეყანაში მაინც ხომ რჩება.

- 90-იანი წლების გურიიდან ყველაზე რთულად გასაცოცხლებელი რა იყო?

- 1977 წელში ვარ დაბადებული, რაც ფილმში ხდება, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა და ძალიან ნაცნობი იყო.

ლევან კოღუაშვილს უნიკალური თვისება აქვს, როგორც არ უნდა მოეწონოს კადრი და დაასრულოს გადაღება, კიდევ თავიდან იღებს, ცდილობს უკეთესზე უკეთესი მიიღოს.

ტალახში, წვიმაში გვიწევდა მუშაობა, ერთი მსახიობი სახითაც კი დაეცა, ეს ლევანს მოეწონა და თქვა, ფილმში ხომ არ დავტოვოთო?

ერთ დღეს, გადაღების შემდეგ შევისვენეთ, ამ დროს ერთი გურული კაცი მოვიდა და მეუბნება, სპექტაკლში "მე ვხედავ მზეს" დათიკო შევარდნაძის როლს ხომ ასრულებთო? ეს სპექტაკლი თბილისშიც ვნახე და შემდეგ ოზურგეთში რომ ჩამოიტანეთ, აქაც დავესწარი, დათიკო შევარდნაძე ბაბუაჩემის მამა იყო, რომ დაგინახეთ, გიცანითო. მერე ხელით ერთი სახლისკენ მიმითითა, აი, იქ ვცხოვრობ, ეზოში 10 კაცზე სუფრა მაქვს გაშლილი და გადაღებას რომ მორჩებით, მობრძანდითო. ეს უზომოდ სასიამოვნო მოსასმენი იყო, იმ კაცმა თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინა. გურულებმა უდიდესი სითბო დაგვახვედრეს, გადაღებების დროს ზოგმა მანდარინი მოგვართვა, ზოგმა ხურმა, ყველა ცდილობდა, თავისებურად პატივი ეცა. გურული ბებია მყავდა, ბავშვობაში მასთან ხშირად ჩავდიოდი და დღესაც ცხადად მახსოვს ის ინტონაცია, რომლითაც მე და ჩემს დას გველაპარაკებოდა.

3-1791124283.jpg

- გურული იუმორი და სევდა რამდენად კარგად გაიგო უცხოელმა მაყურებელმა?

- პრემიერაზე ფილმი სრულად მეც და სხვა მსახიობებმაც პირველად ვნახეთ და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით. ერთი ამბავი მეორეზე ისე ლამაზად იყო გადაბმული, მაყურებელი უემოციოდ ვერ რჩებოდა.

ასეთ დიდ ფესტივალზე შენს ქვეყანას რომ წარადგენ, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი ჯილდოა. ბედნიერებით გაჯერებულმა ქართველებმა პრემიერის შემდეგ გადავწყვიტეთ, იტალიური პიცა დაგვეგემოვნებინა. ვზივართ, ველოდებით როდის მოგვართმევენ და ამ დროს დარბაზში ვიღაც იტალიელი შემოვიდა, ჯერ შორიდან გვიყურებდა, რომ ჩაგვიარა, უეცრად მოტრიალდა და დაიძახა "გურია!" მერე თითოეულს ჩაგვეხუტა, მადლობები გვიხადა, ისეთი მოწიწება და სიყვარული გამოხატა, ის კაცი რომ წავიდა, გვიანღა გავაცნობიერეთ, რომ კარგა ხანს ფეხზე ვიდექით და კმაყოფილებით გაოგნებულები ერთმანეთს ვუყურებდით.

- კახა, გვიან გადაწყვიტეთ მსახიობი გამხდარიყავით...

- 9 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ კარგ გუნდებში ისეთი ფეხბურთელები მიდიოდნენ, რომლებზეც ერთი ნაბიჯით წინ ვიყავი. იმედგაცრუებული ამ საქმეს შევეშვი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნა) დავბრუნებულიყავი. გავჯიუტდი, უსამართლობამ გული ამიცრუა. შემდეგ სამედიცინო აპარატების მიმართ გამიჩნდა ინტერესი, 3 წელი ვისწავლე და მაშინ, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ამ საქმეს გავყვებოდი, თეატრალურისკენ გავიწიე.

- "გურია" პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელშიც მთავარი როლი შეასრულეთ. არაერთი ეპიზოდური როლი გაქვთ ნათამაშები სერიალებში, ფილმებში, მაგრამ სცენაზე თამაშის გაცილებით დიდი გამოცდილება გაქვთ. პროფესიული აზარტი სცენასა და გადასაღებ მოედანს შორის განსხვავებულია?

- ეს ორი სხვადასხვა საქმეა. ერთი ღვაწლმოსილი მსახიობი, რომელსაც როგორც სცენაზე, ისე კინოში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, საწინააღმდეგოს მიმტკიცებდა. კინოში რასაც დაუშვებ, იმას სცენა არ გაპატიებს და პირიქითო. როგორც მსახიობს, თეატრი უფრო მიყვარდა, მაგრამ კინოში, სერიალებში რომ მიმიწვიეს, თეატრსაც სხვაგვარი თვალით შევხედე. თუმცა ბევრ კინოროლზე უარი თეატრის გამო ვთქვი, არადა, შესაძლებელია, თეატრთან ერთად კინოშიც იმუშაო.

ჩემს კოლეგებთან ვლაპარაკობდი, რა უცნაური პროფესია გვაქვს, სხვის შერჩეულ კოსტიუმს ვიცვამთ, სხვის დაწერილ მუსიკაზე ვრეაგირებთ, სხვის დაწერილს ვიმახსოვრებთ და იმ ტექსტის მიხედვით ვმოქმედებთ, სხვის დაკრულზე ვცეკვავთ... ჩვენი რა დარჩა-მეთქი? დიდი პაუზის შემდეგ მითხრეს, რა და - ტაში!

თამუნა კვინიკაძე