ონკოპაციენტის ჩანაწერები - კვირის პალიტრა

ონკოპაციენტის ჩანაწერები

ვარდისფერი ოქტომბერი - ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე!

ნაწილი 1

ის-ის იყო, ივნისი დადგა. ისეთი პირი უჩანდა, წვიმიანი გაზაფხულის შემდეგ უამინდობა ზაფხულშიც გაგრძელდებოდა. ორ დღეში შვებულება და ჩემი შვედური არდადეგები იწყებოდა, რისთვისაც გულმოდგინედ ვემზადებოდი. ჩემი დისშვილი გიმნაზიას ამთავრებდა და მეც სადღესასწაულოდ მივფრინავდი. ჩემოდანი, ფაქტობრივად, უკვე ჩალაგებული მქონდა, როდესაც ივნისის იმ თითქოს ერთ ჩვეულებრივ დღეს, სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე უცნაური სიმაგრე მკერდში. ინანიშვილის მოთხრობის გმირ თინასავით კარგა ხანს ვიდექი სარკის წინ და ვისინჯავდი მარცხენა ძუძუს, მეჩვენებოდა თუ მართლაც სიმაგრე ხან ქრებოდა, ხან ისევ ჩნდებოდა, ამ სინჯვა-სინჯვაში კვანძი ვნახე იმავე მხარეს, იღლიაშიც და ზუსტად იმწუთას მივხვდი, რომ მთლად კარგი ამბავი არ უნდა ყოფილიყო ჩემს თავს. კიბო! - თავზარდამცემია შენს ცნობიერებაში ამის პირველი გაელვება, ამ თითქოს შორეულ და უცხო სიტყვასთან პირველი კავშირი, თორემ მერე თითქოს მალევე ეჩვევი ყველაფერს, ტვინი თითქოს შენგან დამოუკიდებლად იწყებს ახლებურად გადალაგებას, მთავარისა და არამთავარის გადახარისხებას და ჯერ სრულიად უცნობი და ახლებური ცხოვრებისთვის სამზადისს.

დრო ექიმთან მისასვლელად და იმის საკვლევად, რა შეიძლება ყოფილიყო ჩემი მოულოდნელად აღმოჩენილი კვანძები, ფაქტობრივად, არ მქონდა. 2 დღეში მივფრინავდი. მოგზაურობის გაუქმება არც დამიშვია, ამიტომ ჩემს თავს შემოვუძახე, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი მხოლოდ ლიმფური ჯირკვლების ანთება იყოს, არ ღირს წინასწარ ნერვიულობა-მეთქი და... 2 კვირით ავუკრძალე თავს ამ უცნაურ კვანძებზე ფიქრი... წავედი ისე, რომ ჩემი ქმრისთვისაც არაფერი მითქვამს...

c48ba50f-8b4a-4b2d-8733-82105fabc5b6-1791124607.jpg

ჩემი და შვედეთის სამხრეთში, სკონეს რეგიონში, ქალაქ ქრისთიანსთადის მახლობლად ცხოვრობს. ჰყავს შვედი ქმარი - სვენ ნილოსნი, 2 შვილი - ევიტა და გაბრიელი. სწორედ ევიტას გიმნაზიის დამთავრების ღონისძიებებსა და დღესასწაულებში მონაწილეობა იყო ჩემი ამ მოგზაურობის მთავარი მიზანი, ჩემი ჩასვლიდან მალევე შემოგვიერთდნენ ჩემი დეიდაშვილები - ლია და მზია ათენიდან, ნატას მეგობარი - ნათია გერმანიიდან... მოკლედ, ქართველები შევიყარეთ და კარგი დროც ვატარეთ.

აკრძალვის მიუხედავად, დროდადრო მაინც მახსენებდა თავს ჩემი უცნაური კვანძები, ტკივილით არაფერი მტკიოდა, მაგრამ დროდადრო განწყობას მაინც მიფუჭებდა... ხელი თავისით გარბოდა მკერდისკენ, იღლიისკენ. მეჩვენებოდა, რომ კვანძები პატარავდებოდა, მერე თითქოს ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ან ისევ ისე იყო, ან უარესად...

არ ვიცი, თუ რამ არის სამყაროში ისეთივე მშვენიერი, როგორც შვედური ზაფხული - მართალია, დღეში შეიძლება რამდენჯერმეც გაწვიმდეს, თუმცა როცა გადაიღებს, მზე ცხოველად აჭერს და ირგვლივ ყველაფერი ძვირფასი თვლებივით იწყებს ბზინვას: ვაშლისა და არყის ხეები, მარწყვით სავსე მდელოები, ყაყაჩოშერეული სათიბები, ტბები, გზის პირას ჩარიგებული პატარა, ფერად-ფერადი სოფლები... მეც ვტკბებოდი ამ ყველაფრით, სვენს მივეხმარე ულამაზესი თეთრი კარვის გაშლაში, სადაც ევიტას წვეულება გავმართეთ, რა დროსაც შვედი სტუმრები ქართული სამზარეულოს შედევრებით, განსაკუთრებით ჩაქაფულითა და ხაჭაპურით აღფრთოვანდნენ, ქართველებს ამგვარი აღიარება, ხომ იცით, როგორ გვიყვარს. მოკლედ, ამ საერთო მხიარულებაში ხან მავიწყდებოდა კიდეც სადღაც ტვინის კუნჭულში სულ ძალით შეჩურთული და მიჭირხნილი შიში, სახელად, კიბო. რა თქმა უნდა, არავისთვის არაფერი მითქვამს...

დღესასწაული დასრულდა, სტუმრები წავიდნენ. სახლის მილაგებისა და ორდღიანი დასვენების შემდეგ, გადავწყვიტე ნატასთვის ყველაფერი მომეყოლა და ჩემი შიშიც გამეზიარებინა. მას მერე, რაც ვუთხარი, მინდა საღამოს ერთად გავისეირნოთ, რაღაც უნდა მოგიყვე-მეთქი, დავგეგმეთ, მეზობელ ქალაქ ოჰუსში წავსულიყავით, სანაპიროზე გაგვესეირნა, ლუდი დაგველია და ძველებურად გველაყბა ალთასა და ბალთაზე...

435ccbdc-bc4a-496d-8545-db6366c8ae08-1791124607.jpg

ოჰუსში

ოჰუსი ბალტიის ზღვის სანაპიროსა და მდინარე ჰელგეს შესართავთან მდებარე უსაყვარლესი პატარა ქალაქია - მოკირწყლული ვიწრო ქუჩებით, ფერადი, პატარა, ხის და აგურის სახლებითა და ულამაზესი ეზოებით. თითქმის ყველგან ფანჯრის რაფებზე გამოფენილია ქოთნის ყვავილები, სახლის ფასადებს ახვეული ვარდის ბუჩქები კი ჰაერს საოცარი სურნელით ავსებენ.

ქალაქის ისტორია ვიკინგების ხანიდან იწყება, როდესაც ის მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, 1658 წლიდან კი შვედეთის შემადგენლობაში გადაინაცვლა. ზოგადად სკონე, შეიძლება ითქვას, საუკუნეების განმავლობაში დანია-შვედეთის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. რეგიონიც ხან ერთ სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხან მეორეს...

დღესდღეობით ოჰუსი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ლეგენდარული არყის, Absolut Vodka-ს სამშობლო - სწორედ აქ ხდება ამ სასმლის წარმოება და ჩამოსხმა.

მე და ნატამ ქალაქს რამდენიმე წრე დავარტყით, ფოტოები გადავიღეთ, მათ შორის "აბსოლუტის" ქარხნის წინაც შევქაქანდით, შემდგომ სანაპიროზე გავედით, სადაც ყვითელი ქვიშა გაეშალათ. გემბანთან, ბორნებზე მოწყობილ კაფეებში, ხალხი ჯერ კანტიკუნტად იყო, ზაფხულის სეზონი მხოლოდ იწყებოდა, დამსვენებლებიც ის-ის იყო იწყებდნენ ქალაქში ჩამოსვლას. ერთ-ერთ ბორანზე, კაფეს კუთხეში მოვიკალათეთ, საიდანაც ბალტიის ზღვის ხედი იშლებოდა... "უზღვავი სილურჯე", - გავიფიქრე.

- ჰა, მოჰყევი ახლა, რა ხდება? - მკითხა სიცილით ნატამ. უცებ საშინლად შემრცხვა - აი, რომ ვიტყოდი, რაც ხდებოდა და როგორ მომენტალურად დავამწუხრებდი ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ადამიანს. უცებ წამიხდა ნირი... იქნებ არც არაფერია და რატომ ვანერვიულო...

- ისეთი არაფერია! - ჩავიბურტყუნე...

- არ მჯერა, გისმენ ყურადღებით... - თქვა ნატამ და ვიგრძენი, როგორ დაიძაბა, მგონი, მიხვდა, რომ მთლად კარგი ამბის მთხრობელი არ ვიყავი...

რაც არის, არის, ვეტყვი...

- არ მინდა ინერვიულო, მე არ ვნერვიულობ, იცოდე... - დავიწყე და ვეცადე დიდი, ფართო ღიმილით გამეღიმა...

e7a4206e-a67c-45ac-a562-f09ba0b9b9ad-1791125268.jpg

- ჰა...

- აი, ვიდრე წამოვიდოდი 2 დღით ადრე, რაღაც სიმაგრე ვნახე ძუძუში, შესაძლოა არც არაფერია, მაგრამ რომ დავბრუნდები, მომიწევს, ალბათ, გამოკვლევა...

დავინახე დიდი, შავი ჩრდილი როგორ გადაეფარა ჩემი დის ლამაზ სახეს... წყალზეც უცნაური ჩრდილები გაჩნდა... ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება მომეჩვენა კიდეც...

არ ვიცი, პაუზა რამდენ ხანს გაგრძელდა, ან იქნებ არც იყო პაუზა...

ნატა წამოხტა და ჩამეხუტა, დიდხანს ვისხედით ასე, ხმას არ ვიღებდით...

- დარწმუნებული ვარ, არც არაფერი იქნება, მაგრამ რომც იყოს, ყველაფერს მოვერევით. ახლა ძუძუს კიბო კიბოდაც არ ითვლება. იმდენი მაგალითი ვიცი, აგერ ქრისტინამ ისეთი მძიმე ფორმა დაამარცხა, ნინოს ამბავიც ხომ იცი, ჩემ გარშემო იმდენი ადამიანია, ვინც გაიარა ეგ ყველაფერი და ახლა სრულფასოვნად ცხოვრობს... ხომ გჯერა ჩემი, რომ ყველაფერი კარგად იქნება?..

- რა თქმა უნდა, შენიც მჯერა და საკუთარი თავისაც, - ვთქვი სიცილით და უცნაური შვება ვიგრძენი.

დედაჩემს მთელი ცხოვრება მადლობას ვეუბნები ჩემი დისთვის, იმწუთას კიდევ მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა, დე, დიდი მადლობა, ნატა რომ გამიჩინე!

კიდევ კარგა ხანს ვისხედით... ვუყურებდით, როგორ დაეშვა საღამოს ცრიატი ბინდი წყლის ზედაპირზე და ვლაპარაკობდით გაუჩერებლად, მე ალკოჰოლიან ლუდს ვსვამდი, ის - უალკოჰოლოს... ვგრძნობდი, ჩემი შიში როგორ დაცოტავდა, განაწილდა... გზად შინისკენ მიმავალმა ნატამ მანქანაში თავისი ქართული ფლეილისტი ჩართო, ბოლო ხმაზე ვყვებოდით სიმღერებს...

"გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი!" - კიოდა "ნიკოლშოუ"...

გამოვა რა, გამოვიდა...

ლუნდი

მე მაინც მგონია, რომ ჩემი მთავარი ონკოთავგადასავალი ამ ქალაქით იწყება...

შვედეთიდან გამოფრენამდე კიდევ თითქმის ერთი კვირა მრჩებოდა, ნატამ შემომთავაზა, თუ გინდა ვიყიდოთ ახალი ბილეთი და უფრო ადრე წადი და დროულად დაიწყე კვლევებიო, მაგრამ მე არ დავთანხმდი... მართალია, ახლა რომ ვფიქრობ, გაუგებრობაში ყოფნა მაინც ყველაზე რთულია, როცა არ იცი რეალურად რა გჭირს, თუმცა ერთი წუთით არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას - რომ არ დავრჩენილიყავი, ვერ აღმოვჩნდებოდი ლუნდში - ჩემთვის ახლა თითქმის საკრალურ ქალაქსა და შვედეთის საუნივერსიტეტო ცენტრში. ჩემი და სწორედ ლუნდის უნივერსიტეტში სწავლობდა ფსიქოლოგიას და მიუხედავად იმისა, სათვალავი მაქვს არეული რამდენჯერ ვარ უკვე შვედეთში ნამყოფი, ლუნდი კი ქრისთიანსთა­დთან ძალიან ახლოს არის, ვერასდროს მოვახერხე მენახა... ხან რა მიშლიდა ხელს, ხან რა... და, ალბათ, არა შემთხვევით. სწორედ ამ დროს და ახლა უნდა ჩამოვსულიყავი აქ - ამ პატარა, უძველეს ქალაქში, წითელი აგურით ნაშენებ პატარა სახლებს შორის მეხეტიალა უმისამართოდ, მესეირნა უნივერსიტეტის კამპუსებს შორის, სადაც ძველი და ახალი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ზღვარი ლამის წაშლილია, დავკვირვებოდი ულამაზეს ბაღებში გამოშლილ და მზეს მიფიცხებულ სტუდენტებს... მეგრძნო ქალაქის უნიკალური ენერგია, ახალგაზრდული, სინათლით სავსე...

იმ დილით სახლიდან უთენია გავიდნენ ჩემები - ნატა და სვენი სამსახურებში, გაბე სკოლაში, ევიტას კი გიმნაზიის დამთავრების მორიგი ფესტის შემდეგ გემრიელად ეძინა და კარგა ხანს არც გაიღვიძებდა. ლუნდში წასვლა, ფაქტობრივად, წინა დღეებში დავგეგმე, მატარებლის ბილეთიც ნაყიდი მქონდა, უბრალოდ, წვიმდა და ზუსტად ვერ გადავწყვიტე, როდის წავსულიყავი. ის დილაც მოღრუბლული იყო, ამინდის პროგნოზიც დიდად საიმედო არ ჩანდა, მაგრამ უცებ გადავწყვიტე, მეტად აღარ უნდა მომეცადა, ნატას მივწერე, მივდივარ-მეთქი, მოვიკიდე ზურგჩანთა, მოვახტი ავტობუსს მატარებლების სადგურისკენ... ევიტას ფეისბუქის, ვოტსაპის, სნაპჩატის და კიდევ ათასი სხვა ჩათის ნაცვლად, მაცივარზე დავუტოვე წერილობითი შეტყობინება, ზუსტად წინა საუკუნის ადამიანივით... რომელმაც ეს შეტყობინება, რა თქმა უნდა, არ ნახა, უკვე შუადღეს გაღვიძებულმა ჯერ დედას მისწერა, ნათიას ვერ ვპოულობო, მერე მე, სად დაიკარგეო... ასე ხდება, როცა მართლაც სხვა საუკუნეში ხარ დაბადებული...

პირველ ვაგონში შევედი, ხალხი ბევრი არ იყო. კარგად მოვათვალიერე გარემო, კუთხეში, ფანჯარასთან მოვიკალათე და ბილეთი გავააქტიურე... ჩემს სიახლოვეს არავინ იჯდა. მალევე დაიძრა და გაფრინდნენ ჩემ თვალწინ ყვითელ-წითელი სახლები, ჟირაფივით ჭრელი ფერმები, გასაოცრად მოვლილი კარტოფილის თუ მარწყვის პლანტაციები... ჰესლეჰოლმი პირველი გაჩერება იყო, ვიღაცები ჩავიდნენ, უფრო ბევრნი ამოვიდნენ... ჩემ წინ ფაშფაშა, ფერადკანიანი შუახნის ქალი დაჯდა, კიდევ უფრო ფერადი, ღრმადეკოლტეიანი კაბით და თავზე ულამაზესი აფრიკული თავსაბურავით და არ ვიცი, საიდან მოვიდა ფიქრი - თუ ქიმიისას თმა გამცვივდება, ზუსტად ასეთი თავსაბურავით ვივლი-მეთქი... ვიდრე გავაცნობიერე, რომ უსიამოვნო რამეს ვფიქრობდი, სხეულმა გამასწრო - თავი გავიქნიე ამ ფიქრის მოსაშორებლად, თან საკუთარ თავზე გამეღიმა, როგორც ჩანს, ქალიც მაკვირდებოდა, პასუხად კეთილად შემომღიმა. უხერხულობა ვიგრძენი, სადგურზე ნაყიდ წყალს წამოვავლე ხელი, არც მიმიქცევია ყურადღება, თურმე გაზიანი მიყიდია, ჰოდა, სახურავის მოხსნა და გარშემო ყველაფრის გაწუწვა ერთი იყო...

- Oh, sorry, sorry! - წამოვიყვირე, მან იმის საჩვენებლად არაფერიაო, ხელი არხეინად აიქნია, ახლა უკვე თამამად შევხედეთ ერთმანეთს და გულიანად გავიცინეთ. ორივემ დავაძვრეთ ხელსახოცები და დავიწყეთ ჩვენ შორის მდგარი პატარა მაგიდის წმენდა.

თანდათან ვიგრძენი, რომ გვარიანად დავსველებულვარ... ამასობაში მომდევნო გაჩერების დროც მოვიდა, ქალი ჩასასვლელად მოემზადა, ერთმანეთისთვის მეტი არაფერი გვითქვამს, ხელის აღებით დამემშვიდობა...

და ის იყო პირველი ანგელოზი, რომელიც ჩემი ონკოთავგადასავლისას შემხვდა...

ლუნდში ბაქანზე რომ გავედი, ქარი უბერავდა, ცაზე ღრუბელი გაიშვიათებულიყო, თუმცა მზე მაინც ახერხებდა დამალვას, ისეთი პირი უჩანდა, ჩემი სველი ჯინსი კარგა ხანს ვერ გაშრებოდა, ერთი კი ვიფიქრე, სადმე სითბოში ყავას დალევდა კაცი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, მოვიკიდე ზურგჩანთა და სადგურის მოპირდაპირე წითელი აგურის შენობებს შორის, ჩრდილოეთისკენ მიმავალ ქუჩას ავუყევი, სულ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უკვე ქუჩის ბოლოსკენ გამოჩნდა წითელი აგურით ნაშენები ტაძარი, უზარმაზარი შპილით... ისედაც იქით მქონდა გეზი, გზა გადავჭერი და პირდაპირ ტაძრისკენ გავწიე... შესასვლელთან ბანერები იყო გამოფენილი, ერთ-ერთი მათგანიდან გავიგე, რომ ეს იყო ლუნდის ყველა წმინდანის ეკლესია - შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნეოგოტიკური ტაძარი, რომელიც, როგორც მერე გავარკვიე, ლუნდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, ბიბლიოთეკასა და მთავარი კამპუსის სიახლოვეს მდებარეობდა... ასევე გავიგე, რომ ტაძრის მშენებლობა 1887 წელს დაუწყიათ, მისი საზეიმო კურთხევა კი 1891 წლის სულთმოფენობის დღესასწაულზე გაუმართავთ. იქვე სხვა მახასიათებლებთან ერთად ეწერა, რომ ეკლესიის შპილის სიმაღლე 72 მეტრია, რაც მას თურმე ლუნდის მეორე ყველაზე მაღალ შენობად აქცევდა. მეორე ბანერი კი იუწყებოდა: "ლანჩ-მუსიკა“ - შენი მომენტი, პაუზა ლუნდის ყველა წმინდანის ეკლესიაში. ყოველ ოთხშაბათს 12:15 საათზე ეკლესიაში ტარდება "ლანჩ-მუსიკა". კონცერტი გრძელდება 30 წუთი. დასწრება უფასოა"... იმ დღეს ტოდ და ბენ ბოლდუინები - ტრომბონი და ორგანი უკრავდნენ. საათს დავხედე, ახალი დაწყებული უნდა ყოფილიყო, ბევრი არ მიფიქრია, ეკლესიაში შევედი... ფეხის შედგმა იყო და, ვიდრე თვალი რაიმეს აღქმას მოასწრებდა, ვიგრძენი, როგორი სავსე და გაჯერებული იყო იქაურობა საორგანო მუსიკის ბგერებით... ხის მერხები მრავლად იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ ტაძარი 2000-მდე კაცს იტევდა, ულამაზესი ფერადი ვიტრაჟებიდან შემოსული სინათლე კი იქაურობას ზღაპრული ფერებით ღებავდა... ტაძარში, ჩემი ჩათვლით, 20-მდე კაცი თუ იქნებოდა, დიდი ალბათობით, უმეტესობა სამსახურებიდან ლანჩის პაუზისას გამოსული და აქაურობას ჩემსავით თავშეფარებული. ცოტა ხანს ვიდექი, შემდგომ საკურთხევლისკენ ფეხაკრეფით დავიძარი, რამდენიმე ფოტო გადავიღე და მარცხნივ, ვიტრაჟებისკენ წავედი და იქვე განაპირა მერხზე ჩამოვჯექი. გავთბი... მუსიკა სულ უფრო და უფრო სულში ჩამწვდომი ხდებოდა. არ ვიცი, რა სრულდებოდა, ამ ორი ინსტრუმენტის სინთეზური რეპერტუარი საკმაოდ მდიდარია - აღორძინების ხანიდან თანამედროვეობამდე. არც ის ვიცი, როგორ მოხდა, რომ მუსიკა სულ უფრო მიჯდებოდა სხეულში, თითქოს ფიზიკურად ვგრძნობდი თითოეულ ბგერას, ორგანი ამ უზარმაზარ ტაძარს თითქოს ერთ აკუსტიკურ სარტყლად აქცევდა.

და იქ პირველად დავფიქრდი სიკვდილზე... რეალურად კიბო ხომ უპირველესად სიკვდილის შიშია, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე ოსტატურად ვარიდებდი თავს... აქ კი თითქოს სრულიად განვიარაღდი, სადღაც კუნჭულში შეჩურთული შიში ერთბაშად გათავისუფლდა, გაიზარდა, მთელ ჩემს გულს, გონებას, სხეულს მოედო... თუ მართლა კიბოა, თუ მეტასტაზები შორს არის წასული, თუ სიკვდილი ძალიან ახლოსაა... ვერ გავიგე, როდის ავტირდი. ფიქრები ისე ფუთფუთებდნენ, გარემოს შეგრძნება დავკარგე, ირგვლივ ყველაფერი ბურუსში იყო. "სიკვდილი ბოლო წერტილია, მანამდე გზაა გასავლელი", - მომეწება ფრაზა წიგნიდან თუ ფილმიდან, - და რამხელა დარჩა შენი გზა, ნათია? რა გააკეთე დღემდე ან რას მოასწრებ დარჩენილ დროში? მუსიკა კულმინაციას აღწევდა, ჩემი გიჟური განცდაც...

უცებ ტაძარში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... მუსიკა დასრულდა. ჩემს სმენამდე მოაღწია სანთლის წვის ხმამ... სიჩუმესთან ერთად, შიში სადღაც გაქრა, ყველა დანარჩენი გრძნობაც... ჯერ საშინელი სიცარიელე ვიგრძენი, მერე ამ სიცარიელის ადგილი აუხსნელმა სიმშვიდემ დაიკავა... ვიჯექი, განძრევა არ მინდოდა, სახეზე მლაშე სისველეს ვგრძნობდი, ხელსახოცი მოვძებნე, სახე და თვალები ამოვიწმინდე. თითქოს მეძინა და ეს ყველაფერი დამესიზმრა... ხალხი წამოიშალა, ახმაურდა, როგორც ჩანს, კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მეც წამოვდექი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ჯერ ვიტრაჟების ფოტოები გადავიღე, მერე იქვე ეკლესიის მაკეტის... ტაძრის შემოსასვლელთან მოწყობილ პატარა მაღაზიასთან მივედი, სადაც საეკლესიო აქსესუარები, წიგნები და ბუკლეტები იყიდებოდა. იქვე იყო დონაციისთვის გამოკრული სპეციალური QR-კოდი. გავჩერდი, წიგნები გადავათვალიერე, ერთ-ერთი ბუკლეტი ავიღე, რომელშიც ტაძრის ისტორია იყო მოთხრობილი, გადავხედე და უკან დავაბრუნე... მერე ვცადე მცირე თანხა მაინც შემეწირა ტაძრისთვის, ცოტა ხანს ვიწვალე, არაფრით კითხულობდა კოდს ჩემი ტელეფონი, იმასაც შევეშვი, შევბრუნდი გასასვლელისკენ და უცებ ჩემ წინ დაბალი, ცისფერთვალება, ნამდვილი შვედური სახის 40 წლამდე მამაკაცი ამოიზარდა. ხელში სწორედ ის ბუკლეტი ეჭირა, რასაც ცოტა ხნის წინ ვათვალიერებდი, გამომიწოდა ღიმილით და ინგლისურად მითხრა, მიიღეთ ჩვენგან საჩუქრადო... ეს ამბავი საქართველოში არ გამიკვირდებოდა, მაგრამ შვედეთში ასე უცხო უცხოს არაფერს ჩუქნის... გავუღიმე, გამოვართვი და დიდი მადლობა გადავუხადე...

- შემოგვიერთდით, ცხელი ყავა ძალას მოგცემთ, გააგრძელა ინგლისურად და იქვე ტრადიციულ შვედურ ფიკას მაგიდაზე მიმითითა, რომელზეც აკურატულად დაეწყოთ ყავა-ჩაისთვის ჩაიდნები, ქაღალდის ფინჯნები და დარიჩინიანი ფუნთუშები...

გავყევი, ყავაც თავისი ხელით დამისხა და მომაწოდა. ყავის არომატმა და სითბომ ჩემი სხეული კიდევ უფრო სასიამოვნოდ მოადუნა. ისეთი განცდა მქონდა, ცოტაც და, შეიძლება მუხლები მომკვეთოდა. ის კი იდგა და ისევ ღიმილით შემომცქეროდა, თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა და ვერ ბედავდა... მე ისევ დიდი მადლობა გადავუხადე და ვანიშნე, რომ ჩემი წასვლის დრო იყო...

დასამშვიდობებლად ჩემდა უნებურად ხელი გავუწოდე, სასწრაფოდ შემომაგება ორივე ხელი და საგრძნობად მომიჭირა, კარში გასვლისას ინსტინქტურად უკან გავიხედე, ის იდგა გულზე ხელებდაკრეფილი და მიყურებდა ცოტა სევდიანი ღიმილით... თითქოს ზუსტად იცოდა, რა გადამხდა დღემდე, ან ამის შემდეგ რა იქნებოდა... ხელი დავუქნიე და სწრაფად გავედი...

ერთ დღეში ორი ანგელოზი ჩემისთანა არა ცრუმორწმუნე ადამიანისთვის უკვე ნამეტანი იყო...

გარეთ სულ სხვანაირი ქალაქი დამხვდა, ქარი ჩამდგარიყო, მზე უკვე საგრძნობლად ანათებდა და ათბობდა, ქუჩებში ველოსიპედების ზარების წკრიალი და სიცილი ისმოდა... ტაძრის უკან ბაღისკენ გავაგრძელე გზა და სკამზე ჩამოვჯექი. ეს უკვე აღარ იყო ერთი ჩვეულებრივი შვედური ქალაქი, რომელიც აქამდე მეძვირფასებოდა, იმიტომ, რომ აქ ჩემი და სწავლობდა, ლუნდი უკვე ჩემი ქალაქი იყო...

იმ დღეს გაქრა ჩემი შიში, ამოიძირკვა ჩემი გონებიდან და სხეულიდან, ამის არანაირი ახსნა არა მაქვს, ცნობიერად ამის გაგება არც კი შემიძლია...

დიდხანს ვიხეტიალე ქალაქში, უნივერსიტეტის კორპუსებს შორის, ბოტანიკურ ბაღში, მოვინახულე შვედეთის მთავარი საკათედრო ტაძარი, ვიყავი "კულტურენში" - ლუნდის ეთნოგრაფიულ მუზეუმში... შევესწარი სახელოვნებო გიმნაზიის კურსდამთავრებულთა მარშს, რომელსაც წინ სასულე ორკესტრი მიუძღოდა. მათთან ერთად ვიარე კარგა ხანს, ვიდრე საბარგო ავტომობილებამდე არ მივიდნენ, რომელთა ძარებზეც დიდი ჟივილ-ხივილით აცვივდნენ და მერე უკვე ამ მანქანებით გააგრძელეს ქალაქში გზა... რამდენიმე დღის წინ სწორედ ამგვარი ავტომობილებითა და სიმღერ-სიმღერით შემოურბინეს ქრისთიანსთადს ევიტამ და მისმა კლასელებმა... ესეც შვედური ტრადიციაა.

დავდიოდი ბედნიერი იმით, რასაც ვხედავდი, ვცდილობდი დღის ყველა მომენტი კამერაზე აღმებეჭდა და საერთოდ არ მახსოვდა კიბო, რომლის არათუ ხმამაღლა წარმოთქმა, უკვე ყვირილიც კი შემეძლო...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)