„საშინელებაა, დედა რომ ხედავს მავანნი როგორ ბილწავენ შვილის საფლავს“ - კვირის პალიტრა

„საშინელებაა, დედა რომ ხედავს მავანნი როგორ ბილწავენ შვილის საფლავს“

"კვირის პალიტრას" მოგვწერეს: "მინდა მედიის საშუალებით ლამის ნორმად ქცეულ ამორალურ ქმედებებზე დაწეროთ და საზოგადოებასაც შეახსენოთ, რომ უღირს საქციელს არ უნდა შეეგუონ. ამბავი ქობულეთში ჩემს ნაცნობ შვილმკვდარ დედას, აზა წილოსანს ეხება. მან ვაჟი დაკარგა. ნუთუ მის გაგლეჯილ გულს ეს მწუხარება არ ეყოფოდა, რომ მისი შვილების საფლავზე გაურკვეველი ხალხი არ დაჯლიგინებდეს და ამით საფლავს ზიანს არ აყენებდნენ?! ეს ადამიანები აზამ შვილის საფლავზე დამონტაჟებულ ვიდეოკამარაში ნახა. სამწუხაროდ საფლავებიდან ყვავილების თუ სხვა სარიტუალო ნივთების მოპარვა ახლა არ დაწყებულა, არაადამიანები სასაფლაოებს დღესაც ღობეებს აცლიან და ჯართში აბარებენ; ყვავილების აკრეფაზე მთელი ჯგუფები "მუშაობს" და ყვავილებს კერძო რეალიზატორებსა ან მაღაზიებს აბარებენ, რომლებიც მათ ხელახლა ყიდიან. ყოველივე ეს ხომ ამაზრზენია, მაგრამ დედა როდესაც უყურებს მავანნი როგორ ბილწავენ შვილის საფლავს, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს. ნუთუ შეუძლებელია მსგავსი ამბების აღკვეთა?!

პატივისცემით ნონა ბაზაძე"

ქალბატონ აზა წილოსანს ქობულეთში დავუკავშირდით.

- მას შემდეგ, რაც შვილის საფლავზე ხშირად სიარული ვეღარ შევძელი, ვიდეოთვალი დავაყენე. ვიცი, რაც ხდება სასაფლაოებზე და შემეშინდა, იგივე ჩემი შვილის საფლავზეც არ განმეორებულიყო, მისთვის ვინმეს შეურაცხყოფა არ მიეყენებინა.

საფლავების შეურაცხყოფა ახლა არ დაწყებულა. ამ დანაშაულს არანაირი შენდობა და გამართლება არა აქვს. მე ისეთის არაფერს ვტოვებ შვილის საფლავზე, რომ ვინმე დახარბდეს. ვტოვებ რაიმე ისეთს, რომ მშიერმა ლუკმად აიღოს ან თითო ჭიქა ღვინით შვილი დამილოცოს იმ ქვეყნად. თუმცა იმ ადამიანებს, რომელთაც წესად აქვთ საფლავების ძარცვა, ცხადია, ეს არ ესმით და არც ჭირისუფლის ტკივილს იზიარებენ. ასე რომ, როდესაც ერთ დღეს ჩემი შვილის საფლავზე დამონტაჟებულ ვიდეოზე აღმოვაჩინე ქალი, რომელიც ჩემი შვილის საფლავზე დააბოტებდა, შევძრწუნდი. ნუთუ ვერ ხედავდა, ბავშვის ფოტოებს? უფრო კი იმან შემძრა, რომ ქალს ტაქსი და მისი მძღოლი ახლდა, რომელიც, როგორც ჩანს, ქალთან ერთად აგროვებდა საფლავებიდან აღებულ ნივთებს. დაუძახა კიდეც ჩემი შვილის საფლავზე მოსიარულე ქალს, მანდ რაღაც დაგრჩა, მიბრუნდი და წამოიღეო.

ეს რომ ვნახე, კარგა ხანს ისეთი შეძრული ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი. ვიფიქრე, ქობულეთი პატარა ქალაქია, წავალ იმ ტაქსის მძღოლს ვნახავ, დაველაპარაკები, ავუხსნი, თუკი უჭირთ, ჩემი შვილის სახელზე კიდევ მივცემ რაიმეს-მეთქი, მაგრამ ორი დღე ვიარე და ვერ ვნახე. ამიტომ მათი ფოტოები გამოვაქვეყნე და სხვა ჭირისუფლებსაც გავაგებინე, რომ უფრთხილდნენ. ახლა რომ ვფიქრობ, ნეტავი ყველა ჭირისუფალს ჰქონდეს შესაძლებლობა, მათი საყვარელი ადამიანების საფლავების შეურაცხმყოფლები ნახონ და გააფრთხილონ, რომ მსგავსი აღარ გაიმეორონ, - გვითხრა ქალბატონმა აზამ და დაგვემშვიდობა.

იმედია, ჩვენი ბრძოლითა და მცდელობით მორალს ყველანი დავიბრუნებთ და მსგავს თემებზე წერა აღარ დაგვჭირდება.