რატომ პროფესიული განათლება?
წლების განმავლობაში საქართველოში სკოლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების უმრავლესობისთვის არჩევანი თითქოს წინასწარ იყო განსაზღვრული - უნივერსიტეტი. უმაღლესი განათლება ხშირად აღიქმებოდა პროფესიული და კარიერული წარმატების მთავარ გზად, პროფესიულ განათლებას კი საზოგადოების ნაწილში მეორე არჩევანის სტატუსი ჰქონდა. თუმცა დამოკიდებულება თანდათან იცვლება და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაზე მზარდი მოთხოვნაა. 2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, პროფესიული განათლების პორტალზე - ვეტ.გე, ასევე პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს 568 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებენ, 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა კი 21 372-ს შეადგენს.
პროფესიული განათლების შესახებ კითხვებით კოლეჯ "სპექტრის" დირექტორს მათე ტაკიძეს მივმართეთ.
- ე.წ. სტიგმა, რომ ახალგაზრდას აუცილებლად უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა დამსხვრეულია, რადგან ეს თაობა აბსოლუტურად რეალიზდება. მათ უნდათ, რაც შეიძლება მოკლე დროში შეითვისონ სათანადო უნარები, დასაქმდნენ, გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ ფინანსური კეთილდღეობა. დღეს აღარ არის ტრენდული ის, რაც ხდებოდა წლების წინ - ყველას უნდოდა უმაღლესი განათლების მიღება. პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა იზრდება.
როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა, ბიზნესი, ინვესტირება, ამას სჭირდება კვალიფიციური კადრები. ყველაზე დიდი პრობლემაც სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტია. პროფესიული განათლება დღეს დასაქმების ყველაზე დიდი ქვაკუთხედია. მთავარი გარდამტეხი ხაზი იმისა, რომ ქვეყანას მივცეთ ბევრი პროფესიული უნარით აღჭურვილი ადამიანი. მაგალითად, გაეროს ერთ-ერთი კვლევის შედეგები განიხილა შემდეგნაირად, რომ საქართველოში არ არსებობს არანაირი პრობლემა იდეების, ფულის; მთავარი პრობლემა ადამიანური რესურსი და კაპიტალია. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანური კაპიტალის მომზადებას ვემსახურებით.
- როგორია პროფესიული განათლების პროგრამები და რამდენად არის ისინი დაკავშირებული ბიზნესის რეალურ მოთხოვნებთან?
- ეს არის ინტეგრირებული მიმართულება, დუალური სისტემა, სხვადასხვა ტიპის პროფესიული პროგრამები და, გარდა ამისა, მოკლევადიანი კურსები. პროფესიული განათლება თავიდან ბოლომდე დაფინანსებულია, სწავლა უფასოა. კოლეჯების თანამედროვე სტანდარტები იმდენად მაღალია - მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, ლაბორატორიები, მომზადებული პედაგოგები, რომ დღეს პროფესიული განათლება პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არის შრომის ბაზარზე. არსებობს როგორც სახელმწიფო კოლეჯები, ასევე კერძო ოპერატორები. ყველას, ვინც ოპერირებს ბაზარზე, მათ შორის კერძო ოპერატორებს, სახელმწიფო უფინანსებს მიმართულებებს.
პროფესიულ განათლებაში არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამები ერთ მოდულზე, რომელიც ბიზნესთან ერთად მუშაობს. ეს პროგრამები არ იწერება კაბინეტებში, არამედ იწერება პრაქტიკოსი ბიზნესმენების, ექსპერტების მიერ. შესაბამისად, ვიცით, რა სჭირდება ბაზარს. პროფესიულ განათლებასა და ბიზნესის მოთხოვნას შორის აცდენა არ არის, ჩვენ ერთად განვიხილავთ შინაარსობრივ მხარეს, გავდივართ ავტორიზაციას და ვახორციელებთ პროგრამებს. ასეთი პროგრამები ასეულობითაა.
- რა პროფესიებზეა დღეს განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა და რა ახალი მიმართულებები გაჩნდა პროფესიულ განათლებაში?
- საქართველოში ახალი პროფესიებიც შემოვიდა. მაგალითად, განახლებადი ენერგიები, ე.წ. მწვანე ენერგიები. ალბათ, აკვირდებით, ქართლის მიმართულებით მოძრაობისას ქარის ენერგიის განვითარება რა დონეზე მიმდინარეობს. განახლებადი ენერგია, ე.წ. მზის ენერგია - ეს ახალი პროფესიებია, ახალი ბიზნესი და ამას სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრი... მწვანე ენერგეტიკის გარდა, არის თანამედროვე ინოვაციური სისტემების მართვის ოპერატორები. დღეს ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც აქვს თანამედროვე ლაბორატორიები, სჭირდება ამ მიმართულების კადრები. ასევე ტურიზმის სფერო - კულინარია, სასტუმროს საქმე. ბევრი მიმართულებაა ამ სფეროში... ძალიან პოპულარული გახდა სოფლის მეურნეობის მიმართულება, ფერმერული განვითარება... ავტოინჟინერია, სამედიცინო სფერო - მედდა, სანიტარი, ექთანი... სამშენებლო ინჟინერიაზე სრული ბუმია... ენერგეტიკა, გეოდეზია, შედუღება, მშენებლობა - ყველა ეს მიმართულება იმდენად მოთხოვნადია, რომ გრძელვადიან პროგრამებთან ერთად ბევრი მოკლევადიანი კურსიც გვაქვს. მაღალია როგორც მოთხოვნა, ასევე ანაზღაურებაც. მაგალითად, კოლეჯ "სპექტრში" მიმდინარე პროცესშია ენერგეტიკის, ელექტრობის მიმართულებით 9 ჯგუფი და თითოეულში 15 კაცი სწავლობს. ამის გარდა, შემუშავებულია მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსები, მერიის პროგრამები...
- რამდენად რეალურია პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმება და როგორია შრომის ბაზრის მოთხოვნები?
- დასაქმება რეალურად ითვლება პროფილური დასაქმებით და არა ზოგადად დასაქმებით. თუ ამთავრებ კონკრეტულ მიმართულებას, მაგალითად, გეოდეზიის პროფესიას და საქმდები გეოდეზიით, ეს არის პროფილური დასაქმება. პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა 70-80% საქმდება მყისიერად პროფილური მიმართულებებით. ეს მაღალი მაჩვენებელია. როგორც კი იწყება ახალი სასწავლო პროცესი, ბიზნესი იმავე დღეს ითხოვს მათთან საუბარს, რათა წინასწარ განსაზღვრონ კადრები.
დღეს ხელფასები ბაზარზე დაბალი აღარ არის. არც ერთი კვალიფიციური კადრი აღარ მიდის დაბალ ხელფასზე. ბიზნესი ამისთვის მზაობას გამოხატავს და სხვა გამოსავალიც ვერ ექნება. თუ გინდა გყავდეს ყველა დონეზე კარგი კადრი, უნდა გადაუხადო ის ანაზღაურება, რომელიც თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. მომზადებული კადრები პასუხობენ ყველა იმ მოთხოვნას და სტანდარტებს, რაც მიღებულია ევროპასა და დასავლურ ქვეყნებში. მაგალითად, შექმნილია გადამზადების და გაცვლითი პროგრამები, როგორც პედაგოგებისთვის, ისე სტუდენტებისთვის წამყვან ევროპულ ქვეყნებში. ძალიან ხშირად მათი მენტორები ჩამოდიან ან ჩვენები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში.
- როგორ ხედავთ პროფესიული და აკადემიური განათლების თანაფარდობას და რამდენად ხელმისაწვდომია პროფესიული განათლება სხვადასხვა ასაკის, შესაძლებლობის ადამიანებისთვის?
- საქართველოში დეფიციტი აღმოიფხვრება მაშინ, როდესაც პროფესიული განათლებასა და აკადემიურ განათლებას შორის თანხვედრა დაბალანსდება. თანაფარდობა არ უნდა იყოს 70/30-ზე. უნდა იყოს ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია - 50/50-ზე ან პროფესიული განათლება მეტი პროცენტულობით უნდა სარგებლობდეს.
დღეს საქართველოში პროფესიული განათლება აღარ არის მეორე არჩევანი. ეს ყველაზე პერსპექტიული გზაა, რადგან ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს ვადაში ადამიანს მივცეთ მთავარი - პროფესიონალიზმი, ფინანსური მდგრადობა, ფინანსური დამოუკიდებლობა და თუ მას სურს აკადემიური განათლება მიიღოს ან გააგრძელოს სწავლა უცხოეთში თუ საქართველოში, რა პრობლემაა?
პროფესიული განათლების სისტემის კარი ღიაა შშმ პირებისთვისაც. მათთვის არის ყველა სერვისი. ასევე, მსურველთა ასაკის ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის. მაგალითად, გვყავდა მეფუტკრე, რომელიც 70 წლის იყო, როცა პროფესიული განათლება მიიღო. გვყავდა 75 წლის ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს ექსელი და ვორდი. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები არათუ საქმდებიან, არამედ თავად ხდებიან დამსაქმებლები.
მარიამ ბუკია