"ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება" - რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში "შავი ჭირის" გავრცელებაზე
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში "შავი ჭირის" გავრცელების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთში "წარმატებით" გრძელდება საბჭოთა პრაქტიკა, რაც იმით გამოიხატება, რომ საზოგადოებას ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულყოფილად არ აწვდიან."რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას დაუზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება ხოლმე. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა სვერდლოვსკის ჯილეხის ისტორია (1979 წლის). მე, რომელიც საბჭოთა კავშირში გავიზარდე, ეს ამბავი გაგონილიც არ მქონდა და პირველად ამერიკაში სწავლის დროს ეპიდემიოლოგიის კურსზე, სადაც როგორც სასწავლო შემთხვევა, ისე გამოიტანეს.
როდესაც შემეტყო, რომ პირველად მესმოდა ეს ისტორია, ყველას გაუკვირდა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვიყავი. მოკლედ რომ აღვწერო ეს ფაქტი: სამხედრო ლაბორატორიიდან, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდა, შეცდომით გავრცელდა ინჰალაციური ჯილეხის სპორები, რის შედეგადაც დიდი მსხვერპლი იყო, თუმცა ეს ფაქტი დამალეს და ითქვა, რომ რამდენიმე ადამიანი დაავადდა ინფიცირებული ხორცით. მხოლოდ 1994 წელს ჟურნალმა Science გამოაქვეყნა ამ ეპიდაფეთქების რეალური ვერსია, რომ ეს იყო ჰაერით გადამდები ჯილეხი, რომელიც ბიოტერორიზმის იარაღია და არა ბუნებრივად გავრცელებული დაავადება. ასე დამალეს ჩერნობილიც.