რა მოხდა სინამდვილეში წვეულებაზე, რომლის დროსაც რამდენიმე სტუდენტი ცუდად გახდა?! - კავკასიის უნივერსიტეტის განცხადება
გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტი ალკოჰოლური თრობის შედეგად შეუძლოდ გახდა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.
გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.
მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას“, -ნათქვამია განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"