"ეს საშინელებაა..." - რა ემართება ბავშვს ავარიისას, თუ ის უკანა სავარძელზე მშობელს ხელში უკავია?!
„უკანა სავარძელზე ბავშვის ხელში დაკავების ფაქტი არის საშინელება - ეს კანონი რეალურად კლავს ბავშვებს,“ - ამის შესახებ საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისა და ბავშვებისთვის სპეციალური სავარძლების რეგულაციების დახვეწაა.
„ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებით, ის ჩანაწერები, რაც სტრატეგიაში გვაქვს, სამწუხაროდ, პირველი ორი წლის პერიოდში ბევრ რამეს არ ითვალისწინებს და გადაწეულია მომდევნო წლებში. მაგალითად, პირველი ორი წლის გეგმაში არ გვაქვს გათვალისწინებული უკანა უსაფრთხოების ღვედები.
მე პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ კარგია განათლება, კარგია პრევენცია, კამერები, მთელი ეს სისტემები, მაგრამ როდესაც უკვე ხდება საგზაო შემთხვევა, ვერ გავურბივართ იმას, რომ მხოლოდ 3 დამცავი მექანიზმი არსებობს სიკვდილიანობის და მძიმე დაზიანების ასაცილებლად. ეს არის წინა და უკანა ღვედები, ბავშვებისთვის სპეციალური სავარძლები და ე.წ. ბუსტერები, 3 წელზე ზემოთ.
ეს უკვე ისეთი კანონმდებლობაა, მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ანგარიშის რეპორტი რომ ავიღოთ, პირდაპირ გადახაზულები ვართ, რომ საბავშვო სავარძლებზე არ გვაქვს კანონმდებლობა, უკანა ღვედებზე გაწითლებულები ვართ.
ვიცით ის, რომ ხარვეზიანია თვითონ კანონმდებლობა. მოგეხსენებათ, საბავშვო სავარძლები კანონმდებლობით არის აუცილებელი, თუმცა არის გამონაკლისი დაშვებული. როცა უკანა სავარძელზე ზის ადამიანი (და ღვედი უნდა ეკეთოს), მას ბავშვი უკავია.
უკანა სავარძელზე ბავშვის ხელში დაკავების ფაქტი არის საშინელება, რადგან დედამიწის ზურგზე არ არსებობს მსგავსი კანონმდებლობა. ჩვენ გვქონდა სლაიდერი, 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, პარლამენტის წევრებს და სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს ვაჭერინებდით სპეციალურ სათამაშოს და ხელიდან უვარდებოდათ. იმიტაციას ვაკეთებდით, რომ ეს კანონი რეალურად კლავს ბავშვებს.