"გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა შემოწმების პროცედურას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება, ოთახში ადამიანთა რაოდენობა კი ძალადობაზე არ მეტყველებს" - პაატა სალია - კვირის პალიტრა

"გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა შემოწმების პროცედურას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება, ოთახში ადამიანთა რაოდენობა კი ძალადობაზე არ მეტყველებს" - პაატა სალია

ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა იძულება - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.

„სახელმწიფო, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველ მსგავს განცხადებაზე რეაგირებს სათანადოდ, დაუყოვნებლივ და პატიმარ დავითაძის საქმეც ახლა არ დაწყებულა. გამოძიება მყისიერად დაიწყო და მიმდინარეობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომპლექსური გამოძიებაა და არაერთი საპროცესო მოქმედება ტარდება. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. იყო გარკვეული ვითარება შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. არის პრეტენზიები, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ბევრი ადამიანის მიერ ძალის გამოყენება - კანონი ითვალისწინებს დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას. თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას, შესაბამისად სახელმწიფომ გამოიყენა იძულება.

რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხორციელდა. თქვენ ნახეთ, რომ პატიმარი აცხადებდა პროტესტს და არ აძლევდა საშუალებას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს განეხორციელებინათ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. შემოწმების თემა ამოიწურება, როცა გამოძიება დასრულდება.

მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიება დაადგენს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო. გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა პატიმრის უფლების დარღვევას მოცემულ შემთხვევაში. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა პაატა სალიამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა