მამარდაშვილის მიერ მოგერიებული პენალტით გადარჩენილი საქართველოს ნაკრები - ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაში ფრედ დასრულდა
ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა - 0:0.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა და მოედანზე გადახალისებული ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა. მეტოქე ორთაბრძოლებს გვიგებდა, ხიფათის შექმნას უმეტესად სტანდარტულებით ცდილობდა. ჩვენს ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება ისევ უჭირდა. პირველი მომენტი დავითაშვილმა შექმნა, რომლის დარტყმული მეკარე ჩარლზმა მოიგერია. მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც კელი ქოჩორაშვილს გაექცა, გადაცემა გააკეთა და ბურთი დვალმა ჩაჭრა.
სტუმართა თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, თან გაყვითლებული ქოჩორაშვილი გაძევების საშიშროების წინაშე იმყოფებოდა და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მის ნაცვლად მოედანზე სვანაძემ წიტაიშვილი შეუშვა. წვიმამ იმატა, თანდათან უპირატესობას დავეუფლეთ, მექვაბიშვილი და დავითაშვილი ლომინაძემ და ჩაკვეტაძემ შეცვალეს, ხოლო ტრავმირებული მამაგეიშვილი იეგოიანმა. კვარაცხელიამ ლამზი დრიბლინგის შემდეგ ბურთი მიზანს ააცილა. მერე კი მამარდაშვილმა პირისპირ გასულ მაჯენისს არ გაატანინა, ლომინძემ კი ფეხი თავში კელის გაარტყა, ჩვენმა მეკარემ პრაისის შესრულებული პენალტი მოიგერია და წაგებისგან გადაგვარჩინა.