"შავი ჭირის" ეპიდემია რეალურია? - რა გახდა 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალების მიზეზი
რუსეთში, ციმბირში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალებამ შესაძლო პნევმონიური ჭირის გავრცელების შესახებ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
დარია შიპილოვა, რომელიც საშიშ ინფექციურ დაავადებებზე მუშაობდა, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ამ ეტაპზე "უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ სახელდება, თუმცა რუსულ და საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალი შესაძლოა, ე.წ. შავი ჭირით დაინფიცირდა.მომხდარის შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოექცა, ხოლო თავად ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 60-ზე მეტი თანამშრომელი იზოლაციაში დატოვეს. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშიც საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.
რა მოხდა ლაბორატორიაში?

დარია შიპილოვა
ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, შიპილოვა 25 სექტემბერს ლაბორატორიაში მუშაობისას სინჯარას შეეხო, რომელიც, სავარაუდოდ, იერსინია პესტისის (Yersinia pestis - ბაქტერია, რომელიც ჭირს იწვევს) - შეიცავდა.
ადგილობრივი და დამოუკიდებელი მედიის ცნობით, სინჯარა შემთხვევით გატყდა და ქალი შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ დაინფიცირდა.
თუმცა ეს ვერსია რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
Rospotrebnadzor-ის განცხადებით, ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული ინციდენტი არ დაფიქსირებულა და ჩატარებულმა დამატებითმა კვლევებმა შიპილოვას დაავადებასა და მის პროფესიულ საქმიანობას შორის კავშირი ვერ გამოავლინა.
რატომ დაიწყო პანიკა?
საქმე განსაკუთრებით საყურადღებო იმიტომ გახდა, რომ პნევმონიური ჭირი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა.