“იყო პერიოდი, როცა დილის 5-6 საათამდე ქუჩაში მეძინა..." - მუშაობა 10 წლის ასაკიდან, შვილის დიაგნოზი და განვლილი მძიმე გზა: თათია სულუაშვილის ისტორია
პირველი სტუდია • Pirveli Studia და ეკა ჩხეიძე მსახიობ თათია სულუაშვილს მასპინძლობდა. თათიამ ისაუბრა ბავშვობაზე, იმაზე, თუ როგორ დაიწყო მუშაობა 10 წლისამ და ასევე განსაკუთრებულად გაიხსენა ის წლები, როცა შვილის დიაგნოზთან უწევდა გამკლავება:
მუშაობა 10 წლის ასაკიდან
- 10 წლის ვიყავი, დედას ბაზრობაზე ფეხსაცმლის დახლი ჰქონდა... იყო პერიოდი, როცა დედას სჭირდებოდა დახმარება, ანუ მარტო ვეღარ უმკლავდებოდა, ასე ვთქვათ, ოთხი შვილის შენახვას, მამასაც მაშინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვერ ეხმარებოდა დამე გამოვიჩინე ინიციატივა, რომ დავხმარებოდი... 10 წლის ასაკიდან დავიწყე დედასთან ერთად ფეხსაცმლის გაყიდვა ბაზრობაზე.
ოღონდ, ეს იცით როგორი სივრცე იყო ადრე? ახლა რომ შედიხარ ბაზრობაზე და გადახურული და მოწესრიგებული გხვდება, მაშინ ასე არ იყო. მაშინ ცელოფანი იყო ჭერზე გაკრული და იქიდან რომ წვიმა წვეთავდა...
სკოლას რომ დავამთავრებდი, გაკვეთილების შემდეგ ჩავდიოდი დედასთან, რომ დავხმარებოდი. მერე ამოვდიოდი და ღამე სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი. მაშინ ბავშვები ასე არ მუშაობდნენ. პირველი ბავშვი ვიყავი ალბათ, რომელიც იდგა ბაზრობაზე და დედასთან ერთად მუშაობდა. ახლა რომ მე ჩემს შვილს ვუთხრა: „შვილო, ბაზრობაზე უნდა დადგე“, შეიძლება დეპრესია აიკიდოს. მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი... ისეთი პატარა ვიყავი, დახლს ვერ ვწვდებოდი. ორი დიდი ბლოკი მოვიტანე, ერთმანეთზე დავაწყობდი და იმაზე ვდგებოდი ხოლმე...

იმ წლებს კარგად ვიხსენებ. ბედნიერი ვიყავი. ამ ყველაფერს ვაკეთებდი სიყვარულით, იმიტომ, რომ ვხედავდი, დედაჩემი ბედნიერი იყო... რა თქმა უნდა, ცოტა ბავშვობას ჩამოვრჩი. მაგალითად, ჩემი მეგობრები, უბნელები, ეზოში რომ თამაშობდნენ და მეძახდნენ, მე ამ დროს არ მეცალა. ჩავდიოდი ცოტა ხნით, მაგრამ ის კმაყოფილება არ მქონდა, დეფიციტი მქონდა მუდმივად ბავშვებთან თამაშის. მერჩივნა, ჩავსულიყავი, ეგ უფრო მაბედნიერებდა და არ ვიცი, რა იყო ეს... ალბათ დედის სიყვარული, თან ვდიდობდი, მეგონა, დიდი გოგო ვიყავი, მე უნდა გამეკეთებინა, დედას უნდა დავხმარებოდი...და იცი, დედამ მასწავლა ფულის ყადრი, შრომის ფასი. ეს ძალიან მაგარია. ბევრი დიდი ადამიანია, რომელმაც არ იცის შრომის ფასი.არასოდეს არ მომსვლია მზამზარეულად ყველაფერი. აი, ხო არის, რომ შვილებს ყველაფერი აქვთ — არ მომსვლია. ყველაფერი შრომის ფასად მქონდა. დედას ყოველთვის შეეძლო, რომ, მაგალითად, მოეცა იმაზე მეტი და ჰქონდა კიდევაც ამის საშუალება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით დამსახურებულად. გამოვიმუშავებდი.სპეციალურად აკეთებდა, რომ მცოდნოდა შრომის ფასი და მადლობელი ვარ ამის. დღეს მეც ჩემს შვილებს ასე ვასწავლი....
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზა, 10 წლიდან 20 წლამდე... სხვათა შორის, მე და ერთი მოხუცი ქალი ერთად გავიზარდეთ იმ ბაზრობის პერიოდში. ძალიან უჭირდა. შვილი დაიჭირეს, იქურდა, საჭმელი მოიპარა, და დაიჭირეს... და ეს ქალი შემწეობას ითხოვდა. 10 წლის მანძილზე ეს ქალი მოდიოდა ჩემთან, ვაძლევდი ფულს ყოველდღე, მიმყავდა სასადილოში და იქ ვაჭმევდი... და 10 წლის შემდეგ, როდესაც უკვე წამოვედი ტელევიზიაში, ჩავაბარე თეატრალურში და დავიწყე მუშაობა, ძალიან მალე, ეს ქალი სახლში იპოვეს გარდაცვლილი...იმ ქალს ერქვა ქეთო... დღეს ჩემს შვილსაც ქეთო ჰქვია...
ისე მიყვარდა ის ქალი, ისე მიყვარდა... რომ მოდიოდა, სულ თვალებით მეძებდა. თუ არ ვიყავი, „თათია სად არის, უნდა ჩამიყვანოს“... მეძებდა თვალებით.და რომ გავიგე, გარდაიცვალა, სადღაც საკუთარი თავი დავადანაშაულე, რომ მერე ვეღარ მივაქციე ყურადღება.
შვილის დიაგნოზი და რთული გზა...იუმორი რომ არა და ჩემი სამსახური რომ არა, მე ალბათ დღეს არ ვიცი... ოთახში ვიჯდებოდი, ჩაბნელებულ ფარდებში და ვერც გამოვიდოდი გარეთ, იმიტომ, რომ ბევრი რთული წელი გამოვიარე. და ეს იყო ცხოვრებაში პირველად, როცა საკუთარ თავს გავუმკლავდი... და მაშინ ვიგრძენი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. მანამდე მეგონა, რომ სუსტი ვიყავი...
იყო პერიოდი, როცა, მაგალითად, ექიმთან არ შემეძლო დარეკვა ჩემი ქმრის გარეშე. ბავშვს ვერ მივიყვანდი პედიატრთან, ვთხოვდი ჩემს ქმარს: „მოდი, შენ დაურეკე“. აი, ასეთი თათიაც არსებობდა და დღეს იმდენად ძლიერი ვარ.... ჩემი შვილის ფაქტორმა განაპირობა ეს...
როდესაც ჩემი მეორე შვილი, დათა, იყო წლი-ნახევრის, დაესვა დიაგნოზი — აუტისტური სპექტრი.და ეს ისეთი რთული იყო, ამ დიაგნოზის მოსმენა... როცა არ გაქვს ინფორმაცია, არ იცი, რა არის აუტისტური სპექტრი, როგორ გაუმკლავდე ამ სირთულეს. თან შენ ამ დროს მსახიობი ხარ, ეკრანზე ადამიანები გელოდებიან, ეკრანს მიღმა უნდა გააცინო და არ გაქვს იმის უფლება, რომ მოიწყინო... თან ამ დროს ურთულესი პრობლემა გაქვს, რომელიც შენს შვილს ეხება.