შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევა რუსეთში - ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებით აკვირდება რუსეთის ირკუტსკის ოლქში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მას შემდეგ, რაც იქ განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, - ინფორმაციას Caspian Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყაზახეთში გატარდა პრევენციული ზომები, მათ შორის, სანიტარული და საკარანტინო კონტროლი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში. Qazinform-ის ცნობით, ქვეყანაში ჩამოსულ მგზავრებს შორის არ გამოვლენილა მაღალი ტემპერატურა, დაავადების სიმპტომები ან განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების ნიშნები.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ქვეყანაში ინფექციის შეღწევის რისკი დაბალია.
სამინისტრომ მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მოგზაურობის შემდეგ სიმპტომები განუვითარდათ, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს და აცნობონ ჯანდაცვის მუშაკებს, სად და როდის იმოგზაურეს. მოქალაქეებს ასევე ურჩევენ, ინფორმაციის მისაღებად ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო East2West-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საზღვარზე ჯანდაცვის კუთხით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყირგიზეთმა და უზბეკეთმაც.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა.
"ინტერპრენიუსი"