“ნანი ყოველთვის მეუბნება: "ნურავისთან ნუ ხარ ასეთი გახსნილი, ჩემთან იყავიო“ - ეკა მამალაძის “სახალხო ინტერვიუ“
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მომღერალი ეკა მამალაძე. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ანა:
- ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. როგორ ხართ და როგორ ჩაიარა ქალბატონი ნანის 90 წლის იუბილემ?
- დიდი მადლობა! მართლაც ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი ამბავი იყო ნანის იუბილე ჩემთვის და, მე მგონი, ყველასთვის.
დოდი:
- თქვენს ოჯახში მუსიკალური ტრადიცია თაობებს გადაეცემა. რთული და საპასუხისმგებლო იყო საკუთარი ხელწერის პოვნა ლეგენდარული დედის - ნანი ბრეგვაძის ჩრდილქვეშ?
- რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო - დღესაც ვფიქრობ, რომ ნანის ჩრდილქვეშ ყოფნა რთულია… თუმცა ასაკმა რაღაცები დაალაგა ჩემს დამაჯერებლობაში, ჩემს მუსიკალურ პროფესიონალიზმში. შინაგანად უფრო გავძლიერდი და ვფიქრობ, ეს კომპლექსი აღარ მაქვს. უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემს პროფესიაში მეც რაღაცას წარმოვადგენ. ეს ასაკმა და გამოცდილებამ მომცა. ამ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ემატება გემოვნება და დედის რჩევები.

უცნობი:
- როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მუსიკალური და ცხოვრებისეული გაკვეთილი, რაც დედისგან ისწავლეთ და თქვენს შვილებს გადაეცით?
- ვერ გეტყვით, რა არის მთავარი - ალბათ მთავარი ის ერთობლიობაა, რაც ჩვენს ოჯახში არსებობს. ეს არის ტრადიცია. ბებია გადმოგვცემდა ამ მთელ მუსიკალურ სიყვარულს, მუსიკისადმი ერთგულებასა და წესიერებას. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ოჯახიდან მოგვყვება, გადადის თაობებზე და მერე მეც ნატალიას გადავცემ. ეს ჩვენი ყოფის ერთობლიობაა.
დავითი:
- როგორია, როდესაც ერთ სცენაზე დგას სამი თაობა - ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე? რას გრძნობთ ამ დროს, როგორც მომღერალი და როგორც დედა, თუნდაც შვილი?
- ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ამხელა მაყურებლის წინაშე დგახარ და სცენაზე სამი თაობა გამოდის. გამოსვლისას რას ვგრძნობ, ვერ გეტყვით, მაგრამ როდესაც ყველაფერი მთავრდება და შენ შეასრულე, მაყურებლისგან ისეთი სიხარული და შეფასება მოდის, რომ ამით ბედნიერი ხარ.

ფოტოს ავტორი - ვანო გორგიშვილი
ქეთი:
- არის თუ არა თქვენს რეპერტუარში რომელიმე სიმღერა, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებას ან განცდას უკავშირდება და რომელსაც ყოველთვის სხვანაირი ემოციით ასრულებთ?
- განსაკუთრებულ პერიოდს ვერ გამოვყოფ. ჩემი საყვარელი, აკვიატებული მელოდია, რა თქმა უნდა, ძველი სიმღერაა, რომელიც სულ თან დაგდევს. მაგრამ, როგორც ცხოვრებაში, მაშინ სხვანაირად იმღერებდი, ახლა - სხვანაირად. შეიძლება სიმღერა ძველი იყოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ისეთი რამ იპოვო, რაც დღეს გახდება აქტუალური და საინტერესო. პერიოდულად რაღაც მომეწონება, მერე იმას განვავითარებ და ასე გამოდის მერე საყვარელი სიმღერა.