ბავშვების გატაცების მცდელობა?! - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 51 წლის მამაკაცი დააკავეს
პოლონეთის ქალაქ მლავაში ბავშვებთან დაკავშირებულმა საეჭვო ინციდენტმა ადგილობრივებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. შემთხვევა 2 ოქტომბერს, დვორკოვას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცმა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, ქუჩაში მიმავალ ორ გოგონას მანქანა გაუჩერა და მათთან საუბრის შემდეგ, ავტომობილში ჩასმას ცდილობდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ადგილობრივებში განგაში გამოიწვია - ზოგიერთი ვერსიით, მამაკაცი ბავშვების გატაცებას ცდილობდა.მოგვიანებით პოლიციამ მომხდარის დეტალები გაავრცელა. სამართალდამცველების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დააკავეს 51 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.რა მოხდა მლავაში?მლავის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი "ოპელის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. მან ბავშვების გვერდით მანქანა გააჩერა, მძღოლის მხრიდან ფანჯარა ჩამოსწია და ქუჩაში მიმავალ გოგონებს რაღაც უთხრა.
ამის შემდეგ ავტომობილი ადგილიდან დაიძრა. გოგონებმა მომხდარის შესახებ მშობელს აცნობეს, რომლებმაც პოლიციას მიმართეს. სამართალდამცველებმა მამაკაცის იდენტიფიცირება და მისი ადგილსამყოფლის დადგენა მალევე შეძლეს.
პოლიციის ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცი ახლომდებარე დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელში დააკავეს.