როგორ მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რას ფარავს ის - 5 მთავარი კითხვა და პასუხი
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, ბევრმა ზუსტად არ იცის, კონკრეტულად რა მომსახურებას ფინანსებს სახელმწიფო, ვის რა პაკეტი ეკუთვნის და როგორ უნდა ისარგებლოს ამ შეღავათით.
გთავაზობთ Ambebi.ge-ს გზამკვლევს - 5 მთავარი კითხვა და პასუხი, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობას გაგიმარტივებთ:
1. ვის აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება?
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს. ასევე, საქართველოში მოქალაქეობის სტატუსის არ მქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე თავშესაფრის მაძიებელ პირებს.
მომსახურების პაკეტი და დაფინანსება ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება:
- 100%-იანი უფასო ამბულატორიული მომსახურება (კერძო დაზღვევის მიუხედავად): პენსიონერები, 0-5 წლის ბავშვები, სტუდენტები, შშმ პირები და შშმ ბავშვები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ), პედაგოგები, სახალხო არტისტები და სხვა მიზნობრივი ჯგუფები.
- თანაგადახდის პაკეტი (მათთვის, ვისაც კერძო დაზღვევა არ აქვს):
- 6-დან 17 წლამდე მოზარდები;
- სოციალურად დაუცველი ოჯახები (70 000-დან 100 000-მდე ქულა);
- თვიური 1000 ლარამდე ან 1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები (წლიურად 40 000 ლარამდე).
- მაღალშემოსავლიანები (წლიური 40 000+ ლარი): გეგმური ამბულატორიით ვერ ისარგებლებენ. მათთვის ფინანსდება მხოლოდ მშობიარობა/საკეისრო კვეთა, მაღალი რისკის ორსულთა მომსახურება და ინფექციური დაავადებების მართვა.
მნიშვნელოვანია: თუ კერძო დაზღვევას გაიუქმებთ, პირველი 6 თვე ისარგებლებთ მინიმალური პაკეტით, ხოლო 6 თვის გასვლის შემდეგ სრულად აღგიდგებათ თქვენი სტატუსის შესაბამისი დაფინანსება.
2. რას ფარავს საყოველთაო ჯანდაცვა გადაუდებელი (სასწრაფო) შემთხვევებისას?
თუ პაციენტის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას გადაუდებელი საფრთხე ექმნება (მაგალითად: მწვავე ინფარქტი, ტრავმა, აპენდიციტი და ა.შ.), საყოველთაო ჯანდაცვა ფარავს:
- გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას (მიღება, პირველადი დიაგნოსტიკა);
- გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობასა და ოპერაციებს.