„ოქროს ფოთლის“ ახალი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

„ოქროს ფოთლის“ ახალი სიცოცხლე

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში, უზარმაზარ ჩაის პლანტაციაში გახლდით. მანამდე ხონის ჩაის პლანტაციების შესახებ არ მსმენოდა და მის ისტორიას გავეცანით. ჩვენი მასპინძელია ჩაის კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ცერცვაძე და ქართული ჩაი სწორედაც ის "ოქროს ფოთოლი" გახლავთ, რომელმაც სიცოცხლე არ უნდა შეწყვიტოს.

- 2011-2012 წლებში დედალაურში მოვხვდი და თვალში მომხვდა მიტოვებული ჩაის პლანტაციები. არც ვიცოდი, თუ ამ რაიონში ჩაის პლანტაციები იყო, აქაური არა ვარ. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სახელმწიფომ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო, დავფიქრდი. პროგრამა გულისხმობდა პლანტაციების აღდგენასა და პროექტის თანადაფინანსებას. პირველ წელს, რეაბილიტაციის დროს, დაფინანსება 60%-მდე იყო, შემდგომი სამუშაოები კი კომპანიას თავად უნდა ჩაეტარებინა. სოფლის მეურნეობა ყოველთვის მიზიდავდა და რაკი ეს პროგრამა ამუშავდა, აქ ბაზაც და პლანტაციებიც იყო, მოვიძიე ინფორმაცია და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დავაფუძნე კომპანია, რათა ამ საქმისთვის ხელი მოგვეკიდა.

- ფართობი შეიძინეთ თუ იჯარით აიღეთ?

- სახელმწიფო იჯარით. ჩაის პროგრამით იჯარის გადასახადი 1 ჰექტარზე 50 ლარი იყო. ეს გახლდათ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი პროგრამა. ფართობი 25 წლით ავიღეთ. პირველად 25 ჰექტრის სრული რეაბილიტაცია მოხერხდა: ჩატარდა მძიმე გასხვლები და საჭირო აგროტექნიკური სამუშაოები. შემდგომ კიდევ 40 ჰექტარი დავიმატეთ და ახლა 65 ჰექტარი გვაქვს.

e393d589-d368-429c-9b22-18fe4252ef9f-1791359256.jpg

- გაბედული ნაბიჯი კი იყო ასეთ მასშტაბურ საქმესთან შეჭიდება, მით უმეტეს, სფეროს არ იცნობდით.

ირაკლი ცერცვაძე:

- კი, არანაირი შეხება არ მქონია. ეს იყო სრული ენთუზიაზმი და იმ ძველი ინფორმაციის ნდობა, რომ თავის დროზე ჩაის წარმოება ძალიან მომგებიანი იყო. ამ პროგრამაში ვინც შევიდა, 80-90% ფაქტობრივად სტარტაპერი იყო და ძველ გამოცდილებას ენდობოდნენ. თუმცა იმ რეალობაზე, რასაც შემდეგ წავაწყდით და რის სწავლამაც მოგვიწია, ინფორმაცია არ გვქონდა. მართლაც რთულ საქმეს შევეჭიდეთ, რომელიც რამდენიმე ფაქტორს უკავშირდებოდა:

1) სახელმწიფო პროგრამის პირობით, 70 კვმ საწარმოს შექმნა ვალდებულების შესრულებად ითვლებოდა, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ეს საკმარისი არ იყო. ფართობთან შესაბამისობაში თუ არ არის საწარმოო სიმძლავრე, დიდ პრობლემებს აწყდები. 70 კვმ-ის ნაცვლად 400 კვმ-ის შენობა ავაგეთ და სამომავლოდ შესაძლოა კიდევ გაფართოება გახდეს საჭირო;

2) ყველაზე დიდი მოულოდნელობა ბაზარსა და ფასებთან დაკავშირებული პრობლემები იყო. არსებობდა მოლოდინი, რომ დაუფასოებელი ჩაის 1 კგ 60-120 ლარად გაიყიდებოდა. რეალურად ეს ფასები მოქმედებს, მაგრამ მცირე რაოდენობებზე, რასაც საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ და ტურიზმზე არის მიბმული. მასობრივი წარმოებისას სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით - ფასები აბსოლუტურად განსხვავებულია;

3) ფოთლის კრეფის ტემპი წარმოებასთან თანხვდენილი უნდა იყოს. რადგან საკრეფი პერიოდი ძალიან მცირეა, წავაწყდით მუშახელის დეფიციტს. 5 ჰექტარზე მეტი ფართობი სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს როგორც მოვლის, ისე კრეფისა და გადამუშავებისას. საჭირო გახდა ისეთი ტექნიკის შემოტანა, რომელიც მუშახელის დეფიციტს შეავსებდა და იმავდროულად მაღალი ხარისხის ფოთოლს მოკრეფდა.

52ef3b08-fef4-448d-bfed-86afd2c15e1f-1791359256.jpg

- როგორც შევიტყვე, ამ ტერიტორიასა და პლანტაციებს თავისი ისტორია აქვს.

- ჩემი ინფორმაციით, ამ სოფელში 1000-1200 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია ჰქონდათ. საბჭოთა პერიოდში სოფელი დახურული იყო და კრეფისთვის პატიმრებს იყენებდნენ - სპეციალური ნებართვის გარეშე აქაურებთან სტუმარიც კი ვერ შევიდოდა. პატიმრები პლანტაციაში მუშაობდნენ, ხოლო გადამუშავებაზე დამოუკიდებელ საწარმოებში ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. რაიონში მუშაობდა 4-5 მძლავრი საწარმო, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, განადგურებულია.

- რამდენი ხნის არის ეს ნერგები და როგორია ბუჩქის სიცოცხლისუნარიანობა?

- ეს პლანტაციები მასობრივად 1960-70-იან წლებში გაშენდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი გაველურდა. იჯარით აღებამდე სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაცია. ადგილი, ფაქტობრივად, გატყევებული იყო, მაგრამ მათ განგვიმარტეს, რომ ჩაის ფესვი სწორი მოვლით მინიმუმ 300 წელიწადს ცოცხლობს.

ყოველ 40-50 წელიწადში ბუჩქს განახლება სჭირდება - მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლა (მიწიდან 10 ან 30-40 სმ-ზე გადაჭრა). ამით ბუჩქი ახლდება, პრაქტიკულად, 5-6 სიცოცხლე აქვს და ახალი ყლორტები მოსავალს იძლევა.

- ხონის ჩაი რით არის გამორჩეული? აქვს საგემოვნო უპირატესობა?

- ჯიშობრივად, ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციით, განსხვავება დიდი არ არის - ეს არის ჩინური ჯიშისგან (ჩამელლია სინენსის) გამოყვანილი კულტურა, რომელიც საბჭოთა დროს მასობრივად გააშენეს. ქართველმა მეცნიერებმა მოახერხეს ამ ჯიშის კლონირება და რეგიონების კლიმატზე მორგება.

რაც შეეხება ხონისა და, ზოგადად, იმერეთის ჩაის: პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ რაც უფრო მაღლაა პლანტაცია ზღვის დონიდან, მით უფრო არომატულია ჩაი. გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის ჩაის საგემოვნო თვისებები განსხვავდება. ჩვენ საშუალო სიმაღლეზე ვართ (ჩვენზე მაღლა ტყიბული და ჭიათურაა, სადაც კიდევ უფრო განსხვავებული ჩაია). ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად მოსავლიანობა იკლებს, თუმცა საგემოვნო თვისებები უმჯობესდება. პლანტაციას ჩრდილოეთიდან ასხის მასივი აკრავს. იქიდან მთისა და დასავლეთიდან წამოსული ზღვის ჰაერის ერთობლიობა უნიკალურ საგემოვნო თვისებებს ქმნის.

7e450fc6-7b74-463d-b8e8-05f56c3c70a6-1791359255.jpg

- როგორია ჩაის მოვლისა და კრეფის წლიური ციკლი?

- კრეფა გაზაფხულზე, აპრილის მიწურულს ან მაისის დამდეგს იწყება - ამინდსა და ტენიანობაზე დამოკიდებულებით. ზამთარში ბუჩქი ფორმირდება. სეზონის განმავლობაში (მაისიდან სექტემბრის ბოლომდე) მასობრივად იკრიფება მინიმუმ სამჯერ. ერთი კრეფა რომ დამთავრდება, დაახლოებით 1-1,5 თვეში ახალი ვეგეტაცია იწყება. თუ თბილი შემოდგომაა, შესაძლოა მეოთხედაც მოიკრიფოს. ამის შემდეგ ტემპერატურა იწევს, ბუჩქი "იძინებს", აგროვებს მინერალებს და გაზაფხულისთვის რეზერვს ინახავს. სწორედ ეს ბუნებრივი პაუზა სძენს ქართულ ჩაის გამორჩეულ გემოს.

- იყენებთ ქიმიურ პრეპარატებს ან სასუქებს?

- საბედნიეროდ, საქართველოში ჯერჯერობით არ გამოვლენილა ისეთი მავნებელი, რომელიც ჩაის ბუჩქს ემუქრება, ამიტომ ქიმიური შეწამვლა არ გვჭირდება. ეს ჩვენი დიდი უპირატესობაა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვიღებთ.

მხოლოდ მინერალურ სასუქს ვიყენებთ, ისიც მცირე რაოდენობით - 200-300 კგ-ს ჰექტარზე (საბჭოთა პერიოდში 700-800 კგ შეჰქონდათ). სპეციალისტების თქმით, ეს მცირე დოზა აუცილებელიც კი არის ჩაის საგემოვნო თვისებების გასამდიდრებლად, ზამთრის ყინვა კი მავნებლებთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებად გვევლინება.

- მუშახელის პრობლემას დავუბრუნდეთ. როგორ ახერხებთ კადრების მოძიებას?

- როცა რეაბილიტაცია დავიწყეთ, სოფლიდან ხალხი სეზონურად თურქეთში მიდიოდა ჩაის საკრეფად. 2-3 წელიწადი დასჭირდა აქაურების დაჯერებას. შევძელით და 30-35 კაცი დავასაქმეთ, რომლებსაც თურქეთში წასვლა აღარ დასჭირდათ. ეს რესურსი პირველ 25 ჰექტარზე საკმარისი იყო, მაგრამ 65 ჰექტარზე - უკვე აღარ. რეგიონში გაშენდა სხვა კულტურებიც (მაგალითად, მოცვი), რამაც მუშახელზე მოთხოვნა გაზარდა. განსაზღვრული ტექნიკური აღჭურვილობისა და 30-35 კაცის ერთობლიობით შესაძლებელია 65 ჰექტრის ეფექტურად მოვლა.

- როგორია ჩაის კლასიკური მოკრეფის სტანდარტი?

- უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მისაღებად მხოლოდ ნორჩი ყლორტი იკრიფება - გვირგვინი და 2-3 ფოთოლი. საბჭოთა დროს 7-10 ფოთოლსაც კრეფდნენ, რაც დაბალი ხარისხის ჩაის იძლეოდა. ხელით კრეფისას, 2-3-ფოთლიანი სტანდარტით, ადამიანი დღეში 20-25 კგ ფოთოლს კრეფს. სპეციალური ხელის დანადგარით კი, თუ ბუჩქი სწორადაა ფორმირებული, 100-150 კგ-ის მოკრეფაა შესაძლებელი, რაც დროსა და რესურსებს მნიშვნელოვნად ზოგავს.

- ფოთოლს აბარებთ თუ საკუთარი გადამუშავება გაქვთ?

- ჯერჯერობით, ვაბარებთ. თუმცა საწარმოს შენობა უკვე აგებულია და მომდევნო გაზაფხულისთვის მზა პროდუქტის გამოშვებას ვგეგმავთ. საწარმო აქვე, სოფელშია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია - მოკრეფილი ფოთლის ტრანსპორტირების მაქსიმალური დრო 30-40 წუთია, თორემ ფუჭდება.

- რა გზას გადის ფოთოლი ჭიქამდე?

- შავი ჩაის შემთხვევაში: ღნობა - ფოთლიდან ჭარბი ტენის აორთქლება, რათა ელასტიკური გახდეს; გრეხა - სპეციალურ როლერებში ფოთოლი იგრიხება, გამოყოფს წვენს და იხსნება არომატები; ფერმენტაცია (დაჟანგვა) 2-3-საათიანი პროცესია; და შრობა-დახარისხება ფრაქციების (ზომების) მიხედვით.

მწვანე ჩაის ღნობა და ფერმენტაცია არ სჭირდება. საწარმოში შესვლისთანავე ფოთოლი მოიხალება (ფიქსაცია), რათა მწვანე ფერი შეინარჩუნოს, რასაც გრეხა, შრობა და დახარისხება მოსდევს.

- დასასრულ, რას ისურვებდით და როგორია გეგმები?

- გვინდა შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც უპირველესად ქართველი მომხმარებლისთვის იქნება საამაყო. გვსურს საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ საქართველოში უმაღლესი ხარისხის ჩაის აწარმოებენ. ამით ხელს შევუწყობთ ბაზრის განვითარებას და ჩვენს წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკაში.