“არის განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის“ - როგორ ეხმაურება სალომე სამადაშვილი ბრიუსელში გაკეთებულ შეფასებებს
ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი საქართველოში და მეორე, რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი კალუგინი მოსკოვში. სრულიად ერთი გზავნილით ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეესაბამება ქართველი ხალხის სუვერენულ ინტერესებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და გამოეხმაურა ამ განცხადებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პასუხს.
მისი თქმით, ბრიუსელში გაკეთებული შეფასებები „არის განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის“.
„ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიუსელში გაკეთებულ შეფასებებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. საქართველო დღეს მხოლოდ ქაღალდზეა ევროპაში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის განაჩენი, რაც ბრიუსელმა გამოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, როდესაც ევროკომისარმა გაფართოების მიმართულებით, მარტა კოსმა გვითხრა, რომ რეალურად ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის უმძიმესი გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით მარტო, სრულიად დაუცველი რუსეთის წინაშე. ცხადია, რუსეთის წარმომადგენლებს ძალიან უხარიათ შექმნილი ვითარება. ერთობლივი და სრულიად სინქრონიზებული გზავნილით, ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი: ერთი, ბატონი შალვა პაპუაშვილი საქართველოში და მეორე, რუსეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ბატონი კალუგინი მოსკოვში. სრულიად ერთი გზავნილით ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეესაბამება ქართველი ხალხის სუვერენულ ინტერესებს და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ეს ადასტურებს მხოლოდ იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ სწორედ რუსეთის დაკვეთით გააუქმა ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მომავალი.
რუსეთის წარმომადგენელ პაპუაშვილს რომ ვუპასუხო, დღეს საქართველოს სახელმწიფო არის ქაღალდზე დარჩენილი ცნება, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მთავარი ატრიბუტი არის საგარეო სუვერენული პოლიტიკის წარმოება და ეს პოლიტიკა უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას. ივანიშვილის რეჟიმმა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, გააუქმა ჩვენი ევროპული მომავალი და ამას დღეს მიესალმება რუსეთი. ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი რომ არის ევროპა, ეს არაერთხელ დადასტურდა. ივანიშვილმა ქართველ ხალხზე ძალადობით, დარბევით, ძვლების დამტვრევით და, სავარაუდოდ, უცნობი ქიმიური იარაღის გამოყენებით სცადა ჩაეხშო საზოგადოებრივი პროტესტი, მაგრამ ეს პროტესტი გრძელდება.
აქვე მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ გგონიათ, რომ ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ, არ გეხებათ თქვენ. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა შეუძლებელს გახდის, ცხადია, რაიმე პროგრესის მიღწევას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ესეც არის რუსეთის დავალება, რომ ჩვენი ევროპული მომავალი საბოლოოდ გაუქმდეს.