ნეტავ მას, ვინც გაღარიბებული ურანის ქილაში 700 ათასის გადახდას თუ მართლაც აპირებდა...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პერიოდულად აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას რადიოაქტიური ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის შემთხვევების აღკვეთის თაობაზე.
დღესაც, 2026 წლის 7 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ - „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“
ამ განცხადებას თან ერთვის 43 წმ-იანი ვიდეორგოლიც, რომელზეც აღბეჭდილია მსუბუქი მანქანის მძღოლის დაკავება და თავად ამ მანქანის საბარგულის დათვალიერება.
ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ ჰერმეტულად დახუფულ ქილაში ყვითელი ფერის ფხვნილია მოთავსებული, ხოლო მის გვერდით მოთავსებული რადიაციის მზომი ხელსაწყო (გეიგერის მთვლელი) აჩვენებს რადიაციული ფონს (დოზის სიმძლავრეს) 0,03 µSv/h-ს ანუ 0,03 მიკროზივერტს საათში...
რამდენად სახიფათოა ამ დოზის რადიაციული ფონი ახლოს მყოფი ადამიანებისთვის?
დედამიწაზე ჩვეულებრივი, ნორმალური რადიაციული ფონი მერყეობს 0,05-დან 0,20 მიკროზივერტი/სთ-მდე ანუ დაკავებული მძღოლის მანქანის საბარგულში აღმოჩენილი ყვითელი ფერის ფხვნილიანი ქილის სიახლოვეს არსებული 0,03 მიკროზივერტი/სთ დოზის სიმძლავრე ბუნებრივი რადიაციული ფონის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეც კი ნაკლები არის და შესაბამისად ის ვერ წარმოქმნიდა ძლიერი რადიაქტიური დასხივების საფრთხეს, მით უმეტეს, რომ ჰერმეტულად დახუფული ეს ქილა თავის მხრივ მოთავსებული იყო სპეციალურ დამცავ კაფსულაში.
სუს-ი უკვე მერამდენედ აკავებს ამგვარი ყვითელი ფერის ფხვნილის შემცველი ქილების გადამტანებს და „ტრადიციულად“ ამ ქილებში „ურან-238“-ის რადიაქტიური იზოტოპები აღმოჩნდება ხოლმე ...
ურანი-238 (²³⁸U) არის ურანის ქიმიური ელემენტის ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი იზოტოპი.ბუნებრივ ურანში მისი წილი შეადგენს დაახლოებით 99.27%-ს.
ურან-238 არის ალფა-გამოსხივების წყარო. დიდი მასისა და მუხტის გამო, ალფა-ნაწილაკები ენერგიას ძალიან სწრაფად კარგავენ. მათ შესაჩერებლად საკმარისია ჩვეულებრივი ფურცელი ან ადამიანის კანის მკვდარი უჯრედების ზედა ფენა. ჰაერში მათ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრზე „გაფრენა“ შეუძლიათ.
გარე დასხივებისას ალფა-წყაროები ადამიანისთვის პრაქტიკულად უსაფრთხოა, თუმცა ისინი ექსტრემალურად საშიშია ადამიანის შინაგან ორგანოებში მოხვედრისას (ჩასუნთქვისას, საკვებთან ერთად ან ჭრილობიდან ორგანიზმში მოხვედრისას), რადგან პირდაპირ აზიანებენ ცოცხალ უჯრედებსა და დნმ-ს.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უკვე მერამდენედ გაუგებარი რჩება მთავარი - რომელი ჭკუათმყოფელი უცხო ქვეყნის მოქალაქე აპირებდა 700 ათასი დოლარის გადახდას ურან-238-ის ერთ პატარა ქილაში, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებდა, თვით „ჭუჭყიანი ბირთვული ბომბის“ შესაქმნელადაც კი,რადგან ურან-238-ს, როგორც გაღარიბებულ ურანს, მინიმალური რადიოაქტიური გამოსხივება აქვს?
გაღარიბებულ ურანს კი იყენებენ ჯავშანგამტანი ჭურვებისა და ტანკების ჯავშანდაცვის ელემენტების დასამზადებლად, მაგრამ ერთი პატარა ქილა ურან-238-ის ყვითელი ფხვნილი ვის რაში ეყოფოდა?
ან საქართველოს, აწ უკვე დაკავებული მოქალაქე მაგრად „აბოლებდა“ უცხოელს ან კიდევ...