გარდაიცვალა 82 წლის ქალი, რომლის სახლიდან გამოსახლებას ესპანეთში პროტესტი და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა - მარიკარმენ აბასკალის ტრაგიკული ისტორია
მადრიდის ბინის დამქირავებელთა პროფკავშირმა (Sindicato de Inquilinas) ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2026 წლის 7 ოქტომბერს, საკუთარი ბინიდან იძულებით გამოსახლებიდან ორი კვირის თავზე, მადრიდის გრეგორიო მარანიონის საავადმყოფოში 87 წლის მარიკარმენ აბასკალი გარდაიცვალა.
აბასკალი, რომელიც 23 სექტემბერს საკაცით გაიყვანეს საკუთარი სახლიდან, საავადმყოფოში ნერვული აშლილობითა და ფიზიკური გამოფიტვით მკურნალობდა.
პროფკავშირის განცხადებით, მარიკარმენის შემთხვევა გახდა "გარდამტეხი მომენტი ქვეყნის ისტორიაში“.
70-წლიანი ისტორია და სამართლებრივი დავა Urbagestión-თან მარიკარმენ აბასკალი მადრიდის რეთიროს (Retiro) რაიონში მდებარე ბინაში 1956 წლიდან, 70 წელზე მეტხანს ცხოვრობდა. ხელშეკრულება თავდაპირველად მამამისმა გააფორმა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ უფლებამონაცვლეობა მარიკარმენზე გადავიდა. წლების განმავლობაში ის ყოველთვიურად იხდიდა 500 ევროს (ძველი, რეგულირებადი იჯარის განაკვეთი).
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2018 წელს, როდესაც უძრავი ქონება საინვესტიციო კომპანია Urbagestión Desarrollo e Inversión-მა შეიძინა. ინვესტორმა ქირა 2,650 ევრომდე გაზარდა, მოგვიანებით კი მოლაპარაკებისას 1650 ევრომდე შეამცირა. თუმცა, 1 350-1 400-ევროიანი პენსიის პირობებში, ეს თანხა პენსიონერისთვის სრულიად შეუძლებელი გადასახადი აღმოჩნდა.
კომპანიამ სამჯერ სცადა მისი გამოსახლება, რაც სასამართლოების მიერ დაიბლოკა (მათ შორის გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციითაც). თუმცა, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ იჯარის ვადის ამოწურვა ცნო და მეოთხე მცდელობაზე, 23 სექტემბერს, 400-მდე მომიტინგის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ იძულებითი გამოსახლება მაინც აღასრულა.
მასობრივი საპროტესტო ტალღა: "არცერთი მარიკარმენით მეტი"!87 წლის ქალბატონის სახლიდან საკაცით გამოყვანის კადრებმა მთელი ესპანეთი შეძრა. ქვეყნის ათობით ქალაქში ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა სლოგანით «Ni una Maricarmen más» ("არცერთი მარიკარმენით მეტი“).