პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.