ვინ არის და რა ქონებას ფლობს ნანა ყეინიშვილი?! - კვირის პალიტრა

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ნანა ყეინიშვილი?!

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა „ბიტექსჩეინჯის“ საჩივარი, რომელიც ეროვნული ბანკიდან გადაიგზავნა. საგამოძიებო უწყების ინტერესის საგანი ნანა ყეინიშვილის შესაძლო კავშირებია ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებთან.

„ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების მტკიცებით, ყეინიშვილი უშუალოდ აკონტროლებს ასეთი საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. მათი განცხადებით, ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ერთ-ერთი ასეთი საწარმოს წილში შესვლას და საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

თავის მხრივ, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში საბჭო ყეინიშვილისთვის სხდომებში მონაწილეობის დროებით შეჩერების საკითხს განიხილავს.

რა არის ცნობილი ნანა ყეინიშვილის შესახებ

ნანა ყეინიშვილი პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე 2023 წლის სექტემბერში დაამტკიცა. მას უფლებამოსილება 2030 წლამდე აქვს. ამასთან, როგორც ცნობილია, ყეინიშვილის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

ნანა ყეინიშვილმა 1986 წელს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2004-2005 წლებში ამავე ინსტიტუტში ასპირანტურაზე სწავლობდა. 2005 წელს მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 2022 წელს კი გახდა ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ნანა ყეინიშვილს პოლიტიკური კარიერაც ჰქონდა, რომელიც 2012 წელს იწყება, როდესაც ის „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება. შესაბამისად, 2012 წელს ყეინიშვილი ხდება მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. ამავე წლებში ის იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

2016 წელს კი ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა, მიზეზად პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა. „ოცნების“ რიგებიდან გასვლის შემდეგ ყოფილმა დეპუტატმა პარტია „ჩვენები“ დააფუძნა.

აღსანიშნავია, რომ ნანა ყეინიშვილი 2001-დან 2012 წლამდე იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი. პოლიტიკაში მოსვლამდე მას თანამდებობის დატოვება მოუწია, თუმცა საკმაოდ ხმაურიანად. მაშინ ოპონენტები ამბობდნენ, რომ ყეინიშვილმა „წითელი ჯვარი საკუთარ შპს-დ გადააქცია და „ქართულ ოცნებაში“ წასვლის შემდეგ შვილს გადაულოცა.

რა ქონებას ფლობს და როგორია ნანა ყეინიშვილის ფინანსური მდგომარეობა

2025 წლის ნოემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება.

კერძოდ, მას ეკუთვნის 82 კვადრატული მეტრის ბინის 50%, ასევე ფლობს 212 კვადრატული მეტრის ბინის 25%-ს, რომელშიც 2022 წელს 30 000 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, ყეინიშვილის საკუთრებაშია 14 760 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტში, რომელიც 2023 წელს 1500 ლარად შეიძინა.

მასვე ეკუთვნის დაბა კოჯორში მდებარე 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 50%, რომელიც 202006 წელს აქვს შეძენილი და დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს ამ ნაკვეთის 50%-იანი წილი გაასხვისა ნათია ლოლაძეზე.

რაც შეეხება ყეინიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 42 871 ლარი, 3 066 აშშ დოლარი და 4 894 ევრო ჰქონდა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, დეკლარაციის შევსების წინა წელს ანუ 2024 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ყეინიშვილის შემოსავალმა 165 964 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნანა ყეინიშვილის გასული წლის გასავალმა შეადგინა 781 136 ლარი და 210 520 დოლარი. დოკუმენტში მითითებულია რომ ეს იყო პარტნიორის შენატანი საზოგადოებაში, ოღონდ არ არის დაკონკრეტებული რომელზეა საუბარი. ამასთან, მკურნალობასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულმა მისმა წლიურმა ხარჯებმა ჯამში, 88 101 ლარი შეადგინა.

მასვე 137 225 დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული. როგორც დოკუმენტშია მითითებული, ეს არის ნანა ყეინიშვილის კუთვნილი თანხა, რომელიც კონვერტაციის შედეგად მის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს მის მძღოლს, რადგან ის ეხმარებოდა თანხის გადახურდავებაში.

რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნანა ყეინიშვილი ფლობს: შპს „დანიელი 2022" 100%-იან წილს; შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯის“ 30%-იან წილს; შპს „სადმელი ჰესის" 100%-იანი წილს; შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფის“ 100%-იანი წილს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის თანახმად, არცერთი საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება და წილი ამ კომპანიებში სამართავად ნათია ლოლაძისთვის აქვს გადაცემული. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, შპს "დანიელი 2022" ფლობს შპს "დავინანას" 50%-იან წილს.

გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ ნანა ყეინიშვილი ფლობს შპს „ნათმეტალის“ 1%-იან წილს, მაგრამ დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ამ კომპანიას არასდროს უფუნქციონირებია და წილის გასხვისებას ვერ ახერხებს, რადგან არ ხდება პარტნიორთა კრების მოწვევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ნანა ყეინიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წელს აქვს შევსებული და მასში 2024 წლის მონაცემებია ასახული, "ბიზნესპრესნიუსმა" მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა რეესტრშიც გადაამოწმა. რეესტრის თანახმად, ყეინიშვილთან დაკავშირებულია 3 კომპანია. ესენია: შპს „დანიელი 2022", შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ და შპს "ნათმეტალი".

რაც შეეხება შპს "სადმელი ჰესს", 2025 წლის ამონაწერით, მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა ზაზა ფაჩულია. ცნობისთვის, კომპანია რაჭაში, მდინარე რიცეულაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი კი 2025 წლიდან ნათია ლოლაძე გახდა.

განაგრძე კითხვა