რუსეთი საჰაერო ფლოტი იშლება ანუ სად ეძებს მოსკოვი თვითმფრინავებს?! - კვირის პალიტრა

რუსეთი საჰაერო ფლოტი იშლება ანუ სად ეძებს მოსკოვი თვითმფრინავებს?!

რუსეთმა ვიეტნამს მიმართა თხოვნით, იჯარით გასცეს მისი სამგზავრო თვითმფრინავები ეკიპაჟითა და ტექნიკური მომსახურებით, თუმცა ნებისმიერი ასეთი გარიგება მოითხოვს Airbus-ის ან Boeing-ის თვითმფრინავების გამოყენებას, რაც ვიეტნამურ ავიაკომპანიებს მეორად სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიების თვითმფრინავების თითქმის მეხუთედი უკვე უმოქმედოა. 2022 წელს დასავლელი მეიჯარეებისგან ჩამორთმეული რუსული ფლოტის მდგომარეობა უარესდება.

ინდუსტრიის მონაცემებით, რუსეთის 11 უმსხვილესი ავიაკომპანიის მიერ ექსპლუატაციაში არსებული 673 თვითმფრინავიდან 130, ანუ თითქმის მეხუთედი, მწყობრიდან გამოვიდა.

გამოცემა დასძენს, რომ რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც „აეროფლოტის“ ჯგუფში არ შედიან, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან: მათი 322 თვითმფრინავიდან 93, ანუ თითქმის მესამედი, უმოქმედოა.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ანდრეი ნიკიტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ვიეტნამურ გადამზიდავებს შესთავაზეს, რომ თვითმფრინავები რუსულ ავიაკომპანიებს სველი იჯარის ხელშეკრულებით გადასცენ. გამოცემამ განმარტა, რომ ასეთი ხელშეკრულებები ითვალისწინებს თვითმფრინავის იჯარით აღებას ეკიპაჟით, მოვლა-პატრონობითა და დაზღვევით. ნიკიტინის თქმით, ვიეტნამი ამ წინადადების განხილვის პროცესშია.

გამოცემაში კი აღნიშნულია, რომ ვიეტნამის ფლაგმანი ავიაკომპანია ექსკლუზიურად Airbus-ისა და Boeing-ის თვითმფრინავებს იყენებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის წინადადებაზე დათანხმება მეორადი სანქციების იმავე რისკს შექმნის, რაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა ეთიოპიას, რამაც ის აიძულა მსგავსი წინადადების უარყოფა.

Euronews-ი წერს, რომ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის 900 კომერციული თვითმფრინავიდან დაახლოებით 850 იყო ამერიკული და ევროპული წარმოების Boeing-ის ან Airbus-ის თვითმფრინავები. აქედან დაახლოებით 85% უცხოური კომპანიებისგან იყო იჯარით აღებული.

განაგრძე კითხვა