რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯება ქართული ჯარის შეიარაღებაში?!
თავდაცვის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირება მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ პროექტების ნაწილი სრულდება, ხოლო შეიარაღებაზე 375 მილიონია გათვალისწინებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ მცირდება თავდაცვის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის ხარჯები მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია.
ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საბიუჯეტო პრიორიტეტები სწორად არის გადანაწილებული. მისი თქმით, „ყველაზე მეტად იზრდება სოციალური, განათლება და ამის შემდეგ არის თავდაცვაც.”
“თავდაცვის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ 600 მილიონი ლარის ოდენობით დაახლოებით და რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, გათვალისწინებულია დაახლოებით 375 მილიონი ლარი შეიარაღების ნაწილში, 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რაც შეეხება ლოჯისტიკას, არის ის ხარჯები, რაც სჭირდება მიმდინარე ექსპლუატაციის ხარჯებს, თითოეულ ბრიგადას."
"ინტერპრესნიუსი"