ამიერიდან, უკრაინის დასაბომბად პუტინს ტრამპი დააფინანსებს რუსული დიზელის შესყიდვით?!
რამდენიმე საათის წინ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა მსოფლიოში ახალი სენსაცია ააგორა...
"ამ წამს დავასრულე ძალიან წარმატებული განხილვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი მიაწვდის დიზელის საწვავის 300,000-ზე მეტ ტონას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ. დამატებით, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში, დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა, რეკორდულად, და სწრაფად!..
ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!”, - წერს ტრამპი თავის Truth Social-ში.
ძალზე ოპერატიულად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გასცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც ავტორიზაციას აძლევს რუსული წარმოშობის დიზელის საწვავის გაყიდვას, მიწოდებას, გადმოტვირთვას და იმპორტს, მათ შორის მის იმპორტს შეერთებულ შტატებში.
ავტორიზაცია ძალაშია 2027 წლის 7 აპრილამდე. ის მოიცავს დოკუმენტში მითითებული ორი სანქციის რეჟიმით აკრძალულ ოპერაციებს: რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და უკრაინაში ომთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მათ შორის დიზელის, იმპორტი 2022 წლის მარტიდან(რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში) აკრძალა. ეს აკრძალვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანებით შემოიღეს და შესაბამისი შეზღუდვები ფედერალურ კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული.
2026 წლის თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან დიზელის ფასები დაახლოებით 70%-ით გაიზარდა და 8 ოქტომბრისთვის გალონზე საშუალო ფასმა 6,28 აშშ დოლარს მიაღწია. ფასების ზრდამ განსაკუთრებით ამერიკელ ფერმერებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებზე იმოქმედა. 3 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება და მათ წინ საწვავის ფასები პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად იქცა.
და მართლაც,ტრამპის განცხადებიდან ორიოდე საათში ME ბირჟაზე ნოემბრის მიწოდების დიზელის ფიუჩერსები პარასკევს, 9 ოქტომბერს, ვაჭრობისას 4.98%-ით დაეცა და გალონზე მინიმუმ 4.6396 აშშ დოლარს მიაღწია.
ანუ გამოდის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, იზრუნა რა მილიონობით ამერიკელ ამომრჩეველზე,3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე უკვე შეუმცირა ფასი დიზელის საწვავზე?
ერთი შეხედვით ასე მოჩანს, თუმცა ის, რომ რუსეთი შესძლებს მსოფლიო ბაზარზე 300 ათასი და მითუმეტეს 3 მილიონი ტონა დიზელის საწვავის გატანას,ძალზე ძნელად დასაჯერებლად მოჩანს, იმის ფონზეც, რომ უკრაინა აგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სისტემატურ შეტევებს და დიზელის საწვავი თავად რუს ფერმერებსაც კი არ ჰყოფნით საშემოდგომო სამუშაოების შესასრულებლად.
მაგრამ ამ საკითხს ასევე აქვს,მეორე, პოლიტიკური მხარეც...
„ეს მხოლოდ პუტინს აძლიერებს და მას კიდევ უფრო მეტი ომის წარმოების შესაძლებლობას აძლევს. და სწორედ იმ მომენტში, როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ამერიკა რუსეთს დიზელის საწვავის ექსპორტის შესაძლებლობას აძლევს. ეს, არ ვიცი, მილიონობით, მილიარდობით დოლარი ღირს,პუტინისთვის საჩუქრები ცივილიზებული სამყაროსთვის არც მშვიდობას და არც სარგებელს მოუტანს. რუსეთი დიზელის საფასურს შემდგომი ტერორითა და საზიზღარი ქმედებებით „გადაიხდის“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ჩადებული ინვესტიციაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გაგრძელდეს“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
და მართლაც ასე მოჩანს-ტრამპმა 3 ნოემბრის ამერიკულ შუალედურ არჩევნებში თავისი მომხრეების დემოკრატებზე გამარჯვების სურვილით,ფაქტობრივად უკრაინასთან ომის გაგრძელების ამერიკული ფულით დაფინანსების საშუალება მისცა აგრესორი რუსეთის ლიდერ პუტინს...