"მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და..." - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით გიორგი დავითაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3, 4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის (დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი 2025 წლის 10 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულებაში. 2025 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, გიორგი დავითაძის საკნის გეგმიური შემოწმების დროს, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს, ამავე დროს იმუქრებოდა თვითდაზიანებითა და მორიგე განწესის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფით. აღნიშნულის გამო, იგი გადაყვანილი იქნა №6 დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ აგრძელებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული. დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. გააგრძელეთ კითხვა