კრემლს შიში აუხდა-რუსეთს აფხაზეთიდან მაინც ბომბავენ... - კვირის პალიტრა

კრემლს შიში აუხდა-რუსეთს აფხაზეთიდან მაინც ბომბავენ...

2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის საქართველოს წინააღმდეგ დაწყებას არანაკლებ სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდა-ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული შეპირება საქართველოს ალიანსში ოდესმე შესაძლო გაწევრიანების თაობაზე (რაც თავიდანვე თურმე დიდი ტყუილი ყოფილა), დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება (რის გამოც პუტინი სარკისებრი ქმედებებით დაიმუქრა და აღასრულა კიდეც ეს მუქარა) და 2014 წლისთვის დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადა...

ეს ზამთრის ოლიმპიადა, რომელსაც კრემლი ძალიან დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა, სოჭში უნდა გამართულიყო, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს, ჯერ კიდევ ბოლომდე არაოკუპირებული აფხაზეთის საზღვრიდან 25-30 კმ-ში მდებარეობდა, ხოლო ადლერის აეროპორტი(სადაც ოლიმპიადის მონაწილეების სამგზავრო თვითმფრინავები უნდა დაშვებულიყვნენ) სულ რაღაც ხუთიოდე კმ-ში...

2008 წლის დასაწყისში სეპარატისტულ აფხაზეთში არცთუ იშვიათი გახლდათ აფეთქებები და სროლები, რასაც ზოგი შიდააფხაზურ კრიმინალურ გარჩევებს აბრალებდა,ზოგიც საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ დივერსიებს...

2-1791706307.png
ადლერის აეროპორტი,რომელზეც შეტევის შიში კრემლს ოცი წლის წინ აფხაზეთიდან,ქართული მხრიდან ჰქონდა, ახლა უკვე უკრაინელები ამართლებენ...

პრინციპში, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა მცირერიცხოვანი დივერსიული ჯგუფის მალულად გასვლა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან და იქიდან 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნიდან რამდენიმე ნაღმის ჩაგდება ადლერის აეროპორტის მიდამოებში, ისე რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა, მაგრამ რაც აუცილებლად გამოიწვევდა ამ საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტას და სათუოს გახდიდა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამართვას რუსეთის სოჭში,რაც კრემლისთვის უზარმაზარ პოლიტიკურ და იმიჯურ დარტყმად იქცეოდა...

ამიტომაც, კრემლმა თავი დაიზღვია და ზამთრის ოლიმპიადამდე „მოაგვარა“ ეს პრობლემა...

მაგრამ, მას შემდეგ თითქმის ორი ათეული წელი გადის და ის რასაც რუსეთის მაშინ გადაურჩა, ახლა უმართლდება-რუსეთის კრასნოდარის მხარეს და მათ შორის სოჭსა და ადლერის აეროპორტს, აფხაზეთის მხრიდან უტევენ...

სწორედ იმ აფხაზეთის, რომელიც რუსეთს სრულად აქვს ოკუპირებული და ამჯერად საქართველოს ვეღარ დააბრალებს სამხრეთის მხრიდან შეტევას,ამას უკრაინული კამიკაძე-დრონები აკეთებენ და საკმაოდ წარმატებითაც...

სექტემბრის განმავლობაში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში სოჭის პორტზე, ადლერის აეროპორტის მახლობლად მდებარე ნავთობაზასა და სამხედრო ობიექტებზე. უკრაინული დრონების აქტივობის გამო დროგამოშვებით საჰაერო განგაში ცხადდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც (კერძოდ, სოხუმსა და გულრიფშში), სადაც რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა მდებარეობს.

3-5-1791706332.png

უკრაინიდან ოკუპირებულ აფხაზეთის ცის გავლით რუსულ სოჭსა და ადლერზე კამიკაძე-დრონების შეტევების ფრენის სავარაუდო მარშრუტი...

თავად რუსული ოფიციალური წყაროების განცხადებით,10-11 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებზე საჰაერო თავდასხმა მოულოდნელი მიმართულებით წავიდა. უკრაინამ საჰაერო დარტყმებისთვის „მეზობელი სახელმწიფოს“ საჰაერო სივრცის გამოყენებით სცადა ტრადიციული საჰაერო თავდაცვის განლაგების ზონების გვერდის ავლა.

„მეზობელი სახელმწიფოს“ ანუ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან შეჭრილი უკრაინული დრონების ნამსხვრევები სოჭის რამდენიმე ადგილას აღმოაჩინეს. დრონის ფრაგმენტები სოჭის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებმა აეროპორტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გამოიწვია, რომელიც სახანძრო ჯგუფებმა სწრაფად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, დრონების სახიფათო ნარჩენები კერძო საკუთრებასა და ადგილობრივ სასტუმროებზე დაეცა. ერთ კერძო სახლში სახურავი დაზიანდა, ხოლო მეორე შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურებმა სწრაფად ჩააქრეს. ყველა დაფიქსირებული ინციდენტის დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და კურორტის სტუმრებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა და სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ-აცხადებენ რუსული წყაროები.

უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონები სოჭისა და ადლერის მიმართულებით იერიშებისას ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ, რათა გვერდი აუარონ რუსეთის მძლავრ საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ფრენის სავარაუდო ტრაექტორია

1. შავი ზღვის აკვატორია: უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გამოშვებული კამიკაძე-დრონები თავდაპირველად გადაადგილდებიან შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე, რათა რუსულმა საზღვაო და სანაპირო რადარებმა მათი დაფიქსირება ვერ შეძლონ.

2. აფხაზეთში შესვლა (სოხუმი–ოჩამჩირის მიმართულება): დრონები ნაპირს უახლოვდებიან ოკუპირებული აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ან ცენტრალურ ნაწილში (ძირითადად ოჩამჩირე, გულრიფში ან სოხუმის მიმდებარე ზოლი) და შედიან სახმელეთო საჰაერო სივრცეში.

3. სახმელეთო დერეფანი ჩრდილო-დასავლეთით: აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, დრონები კურსს იცვლიან ჩრდილო-დასავლეთისკენ, მიყვებიან სანაპირო ზოლს ან მთისწინეთს (მაგალითად, დაფიქსირებულია ფრენები გულრიფშის, სოხუმისა და პაკუაშის თავზე) და მიემართებიან მდინარე ფსოუსკენ (რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი).

4. ზურგიდან დარტყმა სოჭსა და ადლერზე: საზღვრის გადაკვეთისას დრონები სამიზნეებს (ადლერის აეროპორტი, ნავთობაზები სოჭსა და სირიუსში, საჰაერო თავდაცვის პოზიციები) უახლოვდებიან მოულოდნელი მიმართულებიდან — სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (აფხაზეთის მხრიდან), სადაც რუსული ანტისარაკეტო სისტემები ნაკლებად ელოდებიან თავდასხმას.

რატომ გამოიყენება ეს მარშრუტი?

რადიოლოკაციური სიბრმავე: სოჭის გარშემო რუსული საჰაერო თავდაცვა ძირითადად მიმართულია დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით (უკრაინის პირდაპირი მიმართულებით). ოკუპირებული აფხაზეთის მხარე რუსეთისთვის "საკუთარ ზურგად" ითვლება, სადაც რადარების დაფარვა და მზადყოფნა უფრო სუსტია. [1]

რელიეფის გამოყენება: აფხაზეთის მთიანი და ტყიანი რელიეფი საშუალებას აძლევს დაბალ სიმაღლეზე მფრენ დრონებს, მაქსიმალურად დაემალონ რადიოლოკაციურ სხივებს.

დაბნეულობის ეფექტი: აფხაზეთის თავზე დრონების მასირებული ტალღების გამოჩენა (როგორც ეს 2026 წლის იერიშებისას მოხდა) პარალიზებას უკეთებს ადგილობრივ დე-ფაქტო ინფრასტრუქტურას (მაგალითად, ითიშება ელექტროენერგია, იკეტება ფსოუს სასაზღვრო პუნქტი) და რუსულ ძალებს რეაგირებისთვის მწირ დროს უტოვებს.