ევროპარლამენტის რეზოლუცია, მოსკოვის „მესიჯი“ თბილისს და ახალი კორუფციული სკანდალი?! - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტის რეზოლუცია, მოსკოვის „მესიჯი“ თბილისს და ახალი კორუფციული სკანდალი?!

8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია "საქართველოში მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ". დოკუმენტს 445 ევროპარლამენტარი მიემხრო, 37 წინააღმდეგი იყო, 97-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის შეთანხმებულ რეზოლუციაში გაკრიტიკებულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა. დოკუმენტის ინიციატორები მოითხოვენ უკან იქნეს გაწვეული ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი. ევროპარლამენტარების აზრით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს "ერთპარტიულ რეჟიმად" გადაქცევაა. რეზოლუციაში ეს მიდგომა რუსეთისა და ბელარუსის მოდელსაა შედარებული. რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება ყველა "პოლიტიკური პატიმრის", მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ. მანამდე კი, 6 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა "კომუნიკე ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპის ეკონომიკური და სოციალური საკითხების კომიტეტისა და რეგიონების კომიტეტისთვის - მზადება უფრო ფართო ევროკავშირისთვის". საქართველო 25-გვერდიან კომუნიკეში ნახსენებიც არ არის. გაფართოების საკითხების ევროკომისარმა მარტა კოსმა სპეციალურ ბრიფინგზე წარმოადგინა ძირითადი აქცენტები და აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირის დაწინაურებულ კანდიდატებს შორის არის ოთხი ქვეყანა: მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა. "საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე. ვწუხვარ ამის გამო", - განაცხადა მან. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, თუმცა ბუნებრივად ისმის კითხვა: რა ელის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ კონსტიტუციით არის განსაზღვრული? - ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:

- მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ, ევროპარლამენტის, ევროკომისიის თუ ევროპული საბჭოს ყველა გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ პასუხი ქართული მხარის კონკრეტულ ანტიდასავლურ გზავნილებზე. ეს არის რეაქცია "ქართული ოცნების" იმ ქმედებებზე, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკვირდებით.

მას შემდეგ, რაც მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები და გააღრმავეს ანტიდასავლური რიტორიკა, ვხედავთ სულ უფრო მეტ დაშორებას დასავლური სივრცისგან. ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას", რომელმაც არაადეკვატური საგარეო პოლიტიკით გამოიწვია იზოლაცია და შექმნა ვაკუუმი, რომლის შევსებაც რუსეთმა აქტიურად დაიწყო. რუსეთის საგარეო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები ფაქტობრივად აქებენ "ქართულ ოცნებას" - არაერთხელ დაგვინახავს მარია ზახაროვასა და "ქართული ოცნების" მესიჯბოქსების იდენტურობა. სამწუხაროდ, ვაკვირდებით ხელისუფლების უუნარობას ან სურვილის უქონლობას, რომ საქართველო დაბრუნდეს განვითარების იმ გზაზე, რომელიც მისაღებია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

- რუსეთი ახსენეთ და, 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახურმა წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული. დოკუმენტში წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით. მასში ასევე ნათქვამია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის "სურსათის უვნებლობის შესახებ" მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით. რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პოლიტიკური კონტექსტის გარეშე არ მიიღება, საინტერესოა, თქვენ როგორ აფასებთ მომხდარს?

- როდესაც ვამბობთ, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა არაადეკვატურია, ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად გულისხმობს რუსეთთან პოლიტიკის არაადეკვატურობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" გვპირდებოდა, რომ მოახერხებდნენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას. ეს არათუ არ ხდება, არამედ ცხინვალის რეგიონის კონტექსტში უკვე ლაპარაკია ანექსიურ პროცესებზე - ოკუპაციიდან გადადიან უფრო უარეს ფორმაზე. ამ მორიგი აკრძალვით კი მეორდება ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა წინა ხელისუფლების დროს. რუსეთი იყენებს საკუთარ ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო სრულიად მოსალოდნელი - რაც უფრო მეტს დაუთმობს "ქართული ოცნება" რუსეთს, რაც უფრო მეტად გახდება საქართველო დამოკიდებული ოკუპანტ ქვეყანაზე, მით მეტი ასეთი შემთხვევა იქნება უახლოეს მომავალში. ყოველივე ეს ისევ და ისევ მეტყველებს "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის არაადეკვატურობაზე, იმაზე, რომ არ შეუძლიათ აღებული პასუხისმგებლობის განხორციელება და საბოლოო ჯამში ევროიზოლაციის საფასური იქნება საქართველოს სუვერენიტეტის სრული დათმობა, თუ ქართველი საზოგადოება ამას არ შეეწინააღმდეგება.

- რა შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის მიზანი?

- ეს არის კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი, სიგნალი "ქართული ოცნებისთვის", რომ თუ უფრო მეტ დათმობაზე არ წავლენ, უფრო მეტად არ განდევნიან დასავლეთს და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყნიდან, რუსეთი უფრო დიდ წნეხში მოაქცევს საქართველოს ეკონომიკას.

- ისევ საკონსტიტუციო სარჩელს დავუბრუნდეთ. ცხადად ჩანს, რომ ეს ვერანაირ დემოკრატიულ ჩარჩოში ვერ ჯდება და პირდაპირ მიზანმიმართულ ნაბიჯს ჰგავს ისევ და ისევ დასავლურ დემოკრატიულ სივრცესთან დასაშორებლად...

- "ქართულ ოცნებას" ძალიან კარგად ესმის, რომ მისი ელექტორალური მხარდაჭერა მკვეთრად შემცირებულია. ხედავენ, რომ სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ვერ შეინარჩუნებენ იმ აბსოლუტურ ძალაუფლებას, რაც ახლა აქვთ. ამიტომ ცდილობენ ამ შემცირებული მხარდაჭერის კომპენსირებას რეპრესიული ზომებით. მარტივად რომ ვთქვათ, იციან, რომ კონკურენტულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის პირობებში აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია. ამისი ეშინიათ, იციან, რომ ელექტორატი მათდამი კეთილგანწყობილი არ არის და დაკარგულ მხარდაჭერას რეპრესიებით ავსებენ.

ამ შემთხვევაში საუბარი არ არის მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე - "ქართულ ოცნებას" მთლიანად საქართველოს მოსახლეობა ჰყავს მძევლად აყვანილი და მუდმივ წნეხში ამყოფებს, რადგან მშვენივრად იციან, რომ ეს პარტია აღარ წარმოადგენს უმრავლესობის ნებას. პოლიტიკური ძალა, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ძალაში და აქვს ელექტორალური მხარდაჭერა, კონკურენტების მოშორებასა და პარტიების აკრძალვას არ ცდილობს. ეს სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ "ქართული ოცნება" შეშინებულია და გააზრებული აქვს თავისი მძიმე მდგომარეობა. ეს არის ხელისუფლების ბრძოლა საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ, თუმცა კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ, რომ ასეთ ბრძოლებში პოლიტიკურ პარტიებს გამარჯვების მოპოვება უჭირთ.

- მიმდინარე კვირას მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის ვრცელი ანგარიში, რამაც ბევრს გაახსენა ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წასვლა პრემიერობიდან, როდესაც მანაც დიდი ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას, თუმცა მალევე თანამდებობიდან გაუშვეს... ბევრი მითქმა-მოთქმაა კობახიძეზეც, განსაკუთრებით მარიამ ქვრივიშვილის ვიცე-პრემიერად დაწინაურების შემდეგ - არის ვარაუდი, რომ შესაძლოა მომავალი პრემიერი სწორედ ის იყოს... რამდენად რეალურია ასეთი ცვლილებები და აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" რესურსი, რომ უბრალო საკადრო როტაციის ნაცვლად რეალური პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს?

- "ქართული ოცნება" გადაქცეულია გრაფომანების პარტიად, რომელთაც ბევრი წერა უყვართ, თუმცა მათი წერილები შინაარსსა და პოლიტიკურ მნიშვნელობას მოკლებულია.

ამ სერიიდან ჩემი "საყვარელი" მაინც მამუკა ბახტაძის დანატოვარი "სტრატეგიული ჩარჩოა", რომელიც ჩემ გარდა, მგონი, არავის ახსოვს. ხომ გახსოვთ, გრძელი "ფეისბუქპოსტით" რომ წავიდა ადამიანი პრემიერის თანამდებობიდან?

არაერთხელ გვინახავს ასეთი გრძელი წერილები, ანგარიშები და ცდები, რომ ქართველებს საკუთარი მნიშვნელობა შეახსენონ, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ამ პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ყველა პრემიერ-მინისტრი, საუკეთესო შემთხვევაში, მისი მოურავის როლშია. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე გადაწყვეტილების მიღება, არის თავად ბიძინა ივანიშვილი და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტია, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" თავისი არსით არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არის ერთი პირის პოლიტიკური პროექტი, რომელიც ემსახურება მისივე ინტერესებს. მაინც რა არის ამ ადამიანის ინტერესები? - პოსტსაბჭოთა ტიპის ოლიგარქებს ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არც ერთი მათგანი, იქნებიან უკრაინელი ოლიგარქები თუ სხვა, არ არის პოლიტიკოსი. ისინი არ აზროვნებენ პოლიტიკური კატეგორიებით და მათთვის არსებობს მხოლოდ 90-იანების პერიოდში შექმნილი სრულიად ანარქიული ბაზრის წესები, მით უფრო, თუ გამოვლილი აქვთ გასული საუკუნის 90-იანი წლები და საკუთარი კაპიტალიც იმჟამად დააგროვეს. მათ არ ესმით, როგორ მუშაობს დასავლური სამყარო, არ ესმით, რას ნიშნავს ინსტიტუციური განვითარება და კონსტიტუციური წესრიგი. მათთვის არსებობს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ცხადად ჩანს ივანიშვილის მოქმედებებშიც. შესაბამისად, როდესაც ლაპარაკია თუნდაც რუსეთთან ურთიერთობებზე, ან ევროკავშირთან, ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვხედავთ ერთადერთს - ივანიშვილის ინტერესების პრიმატს და შიშს. დღეს მთავრობა შიშზე რეაგირებს. ჰგონიათ, რუსეთის იქით საქართველოს გზა არა აქვს, მათ არ სჯერათ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სრულიად დააკმაყოფილონ რუსული ინტერესები, მათ შორის ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, და ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი იმპერიის, ნებისმიერი იმპერიალისტური ძალის მადა ჭამაში მოდის. შესაბამისად, რაც მეტად დააკმაყოფილებენ კრემლის ინტერესებს, მით უფრო მეტი დამატებითი მოთხოვნა გაუჩნდება ოკუპანტს, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის დამცრობას.

მთავარი და ერთადერთი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი, ხოლო ეკონომიკურად მასზე ჩამოკიდებამ რა კრახამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს. ისეთი ცხადია ყველაფერი.

- გასულ კვირას, როდესაც კობახიძეს ივანიშვილის ამერიკულ სანქციებზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ივანიშვილს სანქციები არ აინტერესებს და მთავარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა, რასაც ვცდილობთო... რა წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას ამ მიმართულებით?

- წარმატების საუკეთესო საზომი მოგვცა ბატონმა ყაველაშვილმა, რომელიც დღემდე ელოდება დონალდ ტრამპის ზარს და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი. "ქართული ოცნება" დაკავებულია ფსევდომოლოდინების შექმნით: გვახსოვს დაპირებები ურთიერთობების განახლებაზე, მარტსა და მაისში გაკეთებული განცხადებები, თუმცა შედეგი ნულია. ეს არის პრობლემის გადავადების სტრატეგია. ისინი ვერ აღიარებენ, რომ თავად არიან პასუხისმგებლები აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე, ამიტომ კვლავ შეეცდებიან საზოგადოების მოტყუებას, თითქოს ურთიერთობა მალე აღდგება. რეალურად, "ქართულ ოცნებას" ურთიერთობის განახლების რესურსი არ გააჩნია.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო.

- ამ ქალბატონზე წლებია არსებობს უამრავი შეკითხვა, ჯერ კიდევ 2000-იანებიდან მოყოლებული, როდესაც "წითელ ჯვარში" "მოღვაწეობდა". მახსოვს, რამდენი მითქმა-მოთქმა იყო ჰუმანიტარული დახმარებების გაყიდვებზე, ასევე მის ქონებასა და ოჯახურ ინტერესებზე. თუმცა ის ძალიან კარგად შეიტკბო "ქართულმა ოცნებამ", თავის დროზე გააპარლამენტარა, გააპოლიტიკოსა, შემდგომ უკვე სებ-საბჭოს წევრად აქციეს... ყეინიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე ნათლად გვაჩვენებს ორ რამეს: პირველი - "ქართული ოცნების" რეალურ საკადრო პოლიტიკას, როდესაც სრულიად არაკვალიფიციური, შეუსაბამო პირები იკავებემ თანამდებობებს მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური ლოიალურობის გამო და შემდგომ ეს ხალხი იწყებს ამ თანამდებობის გამოყენებას არა ქვეყნის სამსახურისთვის, არამედ რეკეტისთვის, გამდიდრებისა და ზოგადად ყოველივე იმისთვის, რაც ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება. მოკელდ, ამ ყველაფერში ჩანს "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკის არაადეკვატურობა, რითაც დიდწილად არის გამოწვეული ის ვითარება, რაც დღეს გვაქვს; მეორე - "ოცნება" ბოლო 14 წლის განმავლობაში ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებულები არიან, არ ეწევიან ეკონომიკის რეკეტს და ა.შ. ამ შემთხვევამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ "ქართულ ოცნებაში" ზუსტად ისევე ყვავის ყველა ის მავნებლური პრაქტიკა, რასაც ისინი ბრალად უყენებენ წინა ხელისუფლებას - ანუ სისტემა, რომლის ცვლილებას და დანგრევასაც "ქართული ოცნება" ჰპირდებოდა ქართველ ხალხს, არათუ არ შეიცვალა, არამედ კიდევ უფრო გაუარესდა.