„ელიტური კორუფციის დიდი ბუდეა სახელმწიფო კომპანიები“ - კვირის პალიტრა

„ელიტური კორუფციის დიდი ბუდეა სახელმწიფო კომპანიები“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხშირად საუბრობს ხელისუფლებაში არსებულ მასშტაბურ ელიტურ კორუფციაზე. მისი თქმით, საქართველოში ელიტური კორუფცია უფრო დიდი მასშტაბითაა, ვიდრე სხვა განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში. ის მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი შუამავალი კომპანიების გარეშე მოხდება და ბიუჯეტი რამდენიმე მილიონის შემოსავალს აღარ დაკარგავს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, მან ეს საკითხი მისი მინისტრობის დროს დააყენა, თუმცა მაშინ არ მოუსმინეს. როგორ უყურებს ამ ცვლილებებს ყოფილი მინისტრი, როგორ კეთდება ფული ხელისუფლებაში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიორგი ქობულია გვესაუბრება:

- ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მახინჯი კორუფციული სქემები უნდა აღმოიფხვრას. როდესაც სახელმწიფო სახელმწიფოსგან ყიდულობს ელექტროენერგიას შუამავალი კომპანიის გავლით, ეს თვალსაჩინო კორუფციული სქემაა. მოხარული ვარ, ახლა ბიუჯეტს აღარ დააკლდება 14 თუ 15 მლნ ლარი.

- თუ სახელმწიფო შუამავლების გარეშე შეისყიდის ელექტროენერგიას რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და შუამავლებში არ დაიხარჯება ფული, ეს შეიძლება აისახოს მოსახლეობაზე?

- ის თანხები იმ პირებისთვის, ვინც ამას ითვისებდა, დიდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ იფიქროს დენის ფასი განახევრდება. ამ შუამავლების გაუქმებით სახელმწიფო მიიღებს დამატებით თანხებს ბიუჯეტში, რომელსაც მერე დახარჯავს კარგ საქმეებზე. აქამდე კი ამ თანხებს წლების განმავლობაში ვიღაცები იჯიბავდნენ.

ჩემს დროს არ იყო მსგავსი სქემა რუსეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე, მერე გავიგე ჭორის დონეზე, რომ იქაც გაჩნდა შუამავალი. ამ აზრს ამტკიცებს ამ დღეებში პრემიერ კობახიძის განცხადება, რომ აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შუამავლები აღარ იქნებიან. იმპორტი არის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, სომხეთთან არის ექსპორტი, ეტყობა, სომხეთთანაც არიან შუამავლები.

- შუამავლები აღმოჩნდნენ ხელისუფლებისთვის მიუღებელი, თუ მართლა მიხვდნენ, რომ ამ სქემით მილიონებს კარგავდა ბიუჯეტი? იქნებ შუამავალი კომპანიების მფლობელების უკან ის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, რომლებიც ახლა ციხეში არიან?

- ვიცი, რაც ხდება იქ, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ვიღაც ვიღაცაზე განაწყენდა და გადაწყვიტეს შეაჩერონ...

- როგორ მოქმედებს ეს სქემები, როგორ კეთდება ფული მაღალ ეშელონებში?

- ელიტური კორუფციის თვალსაჩინო სქემაა შუამავალი კომპანიები. მფარველობა რომ არ ყოფილიყო და ნება არ დაერთო ხელისუფლებას, ისინი ხომ არ იქნებოდნენ? ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამის საპირწონედ ის შუამავალი კომპანია შემოწირულობებს აკეთებდა, აბა, ტყუილად ხომ არ მისცემდნენ ამის საშუალებას. ეს არის ელიტური კორუფციის თვალსაჩინო სქემა. ელიტური კორუფციის დიდი ბუდეა სახელმწიფო კომპანიებიც, სადაც ბევრი ხელშეკრულება ფორმდება, რომლებზეც არა გვაქვს ინფორმაცია. ბევრი შესყიდვა ხდება, რაც შეიძლება კორუფციით იყოს გაჯერებული. დიდი კორუფციული შემადგენელი შეიძლება იყოს ყველანაირ ლიცენზირებასა და ნებართვების გაცემაში, მაგალითად, მადნეულის მოპოვებისთვის, ყველაფერში, სადაც სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ გასცეს ლიცენზია.

თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს კორუფციული სქემა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გადასახადების გადამხდელების მიერ შექმნილი ბიუჯეტიდან უფრო მეტს უხდის მომწოდებელ კომპანიას. ყველა­ზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არა მხოლოდ მეტს ვიხდით, კომპანიის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ გადაუხდის ქრთამს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ზედმეტს ვიხდით, როგორც ქვეყანა და გადასახადების გადამხდელები, ჩვენ ვიღებთ უფრო უარესი ხარისხის მომსახურებასაც.

ელიტური კორუფცია იწვევს ნიჭიერი და მოტივირებული ხალხის ჯერ დემოტივაციას და მერე სხვანაირ ყაიდაზე გადასვლას.

- მთავრობა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა არის, თუმცა ამას მოსახლეობა ვერ გრძნობს.

- ვფიქრობ, ძალიან კარგად გრძნობს. ჩვენი ეკონომიკის ზრდა დამყარებულია არა რამდენიმე დიდ პროექტზე, რომლისგანაც მხოლოდ რამდენიმე რჩეულმა პირმა შეიძლება მიიღოს სარგებელი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდაზე. ჩვენ არა გვაქვს ეკონომიკა, მაგალითად, როგორიც აზერბაიჯანშია, სადაც ეკონომიკაში დიდი წილი აქვს, ვთქვათ, ერთ დიდ ნავთობის საბადოს. ჩვენთან ყველაფერი საშუალო და მცირე ბიზნესია, ამიტომ ეკონომიკის ზრდა შედარებით კარგად არის განაწილებული მთელ მოსახლეობაზე. ჩვენი ეკონო­მიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია ჩართული ტურისტულ სექტორში. ისინი ტურისტული სექტორის ზრდისგან იღებენ შემოსავალს. იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენი მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს, ჩვენი ოპოზიციის დიდი შეცდომაა. ამაზე აგრეთვე მეტყველებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების კვლევები, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, სადაც მკაფიოდ არის გაზომილი და აღნიშნული, რომ საშუალო ხელფასი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ინფლაცია.

- საჯარო სექტორში ხელფასების მატებას გულისხმობთ? ასე ხომ არ არის კერძოში?

- კერძო სექტორში საშუალო ხელფასი ყოველ წელს იზრდება. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევით ასეთი იყო 2025 წელი.

საშუალო ფენის ადამიანს საქართველოში რისი ყიდვაც შეეძლო ორი წლის წინ, უფრო მეტის ყიდვა შეუძლია დღეს. ეკონომიკა ვითარდება, ადამიანის კეთილდღეობა ყოველ წელიწადს იზრდება. თუ მკითხავთ, საკმარისად იზრდება თუ არაო, გეტყვით, რომ შეიძლება უფრო სწრაფადაც გაიზარდოს, მაგრამ მტკიცება, რომ ხალხის კეთილდღეობა არ იზრდება საქართველოში, არასწორია. მაგალითად, თუ მძღოლს ხუთი წლის წინ 1000 ლარი ჰქონდა ხელფასი, ახლა აქვს 2.500. ხალხი ერთს ხედავს, ოპოზიცია კი სხვას ამბობს.

ჩვენი ბიუჯეტი ძირითადად დღგ-სგან ივსება. დღგ-ს ვინ იხდის? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მუშაობს. ჩვენი ბიუჯეტის 80-90% იმ შენატანებისგან შედგება, რომელიც ხალხს შეაქვს. ბიუჯეტი საიდან იზრდება, თუკი ხელფასები და მსყიდველობა არ იზრდება? 8 თუ 10 მილიარდი დოლარი გახდა ქვეყნის ბიუჯეტი.

- თუმცა დაბალ ფენას რომ ძალიან უჭირს, ეს თვალნათლივ ჩანს. მაღაზიებში გრამობით ყიდულობენ პროდუქტებს.

- გავიგე, რომ გრამობით ყიდულობენ, მაგრამ დღეს რომ 100 გრამს ყიდულობს, გუშინ 30 გრამს ყიდულობდა - ეგ არ ესმის ხალხს და პოლიტიკოსებსაც.

ხალხს ნაკლებად უჭირს, ვიდრე უჭი­რდა გუშინ. ჩვენ ორჯერაც რომ გავ­ზარდოთ ზრდის ტემპი, 25 წელი კიდევ გაჭირვებული ქვეყანა ვიქნებით, იმიტომ, რომ ძალიან გაჭირვე­ბულები ვიყავით, 20 წლის წინ პულსიც არ გვესინჯებოდა. დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ მეტი შეგვიძლია.

- "საქართველოს ფოსტაშიც" შევიდა ფინანსური სამსახური...

- ეტყობა, იქაც კორუფციული სქემები იყო. როგორც გავიგე, არის ეჭვი, რომ გადაზიდვებშიც იგივე სქემა მოქმედებს. იქაც შუამავალს რჩება რაღაც თანხა.

- კიდევ ერთი მძიმე საკითხია ქოლცენტრები. თურმე მფარველებად სუს-ის ხელმძღვანელები ჰყოლიათ. კონკრეტულად გრიგოლ ლილუაშვილი იხდის სასჯელს ამ ბრალდებით. თუმცა დღე ისევ მოქმედებს ქოლცენტრები, მაგრამ მათ რატომღაც არ ეხებიან...

- უმაღლესი თანამდებობის პირები რომ არ მფარველობდნენ ქოლცენტრებს, ისინი ვერ იარსებებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ ხელმძღვანელობასა და ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არ მიაჩნიათ პრობლემად, რომ იქ ოფისებში ათასობით ახალგაზრდა ზის და მათი გონება იმაზეა მომართული, როგორ მოატყუონ უცხოელი პენსიონერი. ათასობით ახალგაზრდას რომ რყვნიან, ეს არაფრად მიაჩნიათ - რა მოხდა, ჩვენს პენსიონერს კი არა, უცხოელს ატყუებსო. ვიღაცამ ფოსტაში რაღაც კონტრაქტი რომ გააფორმა, ამას რიგითი მოქალაქე ვერ გაიგებს, მაგრამ ქოლცენტრების სქემაში ხომ ამდენი ხალხია ჩაბმული.

- 7 წლის განმავლობაში თბილისის ცენტრში "სფერო ჰოლდინგი" თაღლითური სქემით მუშაობდა, აჭრელებული იყო მისი რეკლამებით ყველაფერი და დიდი ფული გამოსძალეს ხალხს. ამასაც ვერ ხედავდა ხელისუფლება?

- ეტყობა, ვიღაცასთან იყვნენ გარიგებული. ამერიკაშიც არის თაღლითობა, კორუფცია, ევროპაშიც, მაგრამ აქ ეს ნორმად არის მიჩნეული. იმედია, 30 წელიწადში ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ჩვენ რომ წინ წავიდეთ, ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ.

- მსხვილი ბიზნესი რამდენად არის დღეს წნეხში?

- ამათთან დალაგებულები არიან და ახლა ვიღაც სხვა რომ მოვიდეს, სხვა მოთხოვნა ექნება და ცვლილებები არ უნდათ.

მსხვილ ბიზნესსაც იგივე მენტალი­ტე­ტი აქვს, რაც ხელისუფლებას. ამბო­ბს, სხვა ხელისუფლება რომ მო­ვი­დეს, უკეთესი იქნებაო? რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. დღევა­ნდელი ოპოზიცია, მისი ნებისმიერი ნაწილი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ბევრად უარესი მდგომარეობა იქნება.