ტრამპის ირანული დილემა და პუტინის გათვლა - კვირის პალიტრა

ტრამპის ირანული დილემა და პუტინის გათვლა

ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სოცქსელში გამოქვეყნებული პოსტით მსოფლიოს მათ შორის მიღწეული შეთანხმება ამცნო - რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასიათასობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის, აქედან 300 ათას ტონაზე მეტს კი დაუყოვნებლივ. პარალელურად, ამერიკულმა ადმინისტრაციამ რუსულ დიზელზე სანქციები დროებით შეამსუბუქა. საყურადღებოა, რომ ტრამპისა და პუტინის საუბარი დაემთხვა მაიამიში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპელი წარმომადგენლების მოლაპარაკებებს, სადაც უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო პირობებს განიხილავდნენ. ამ დამთხვევამ უკრაინის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია - ზელენსკიმ გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რადგან რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა სწორედ მაშინ შესუსტდა, როდესაც დასავლეთი მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობს... ტრამპის გადაწყვეტილება ირანთან დაპირისპირების, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრისა და აშშ-ის შიდაპოლიტიკური ვითარების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. რუსეთთან შეთანხმებას წინ უძღოდა ცნობები, რომ ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა ირანთან შესაძლო ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება... თუმცა თავად ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ირანზე ახალ თავდასხმას არ გეგმავს, მაგრამ არაფერი უთქვამს არჩევნების შემდგომ პერიოდზე. შესაძლოა ტრამპი ერთდროულად ცდილობდეს ამერიკელი ამომრჩევლების დამშვიდებასა და ირანზე ზეწოლის ბერკეტების შენარჩუნებას. აშშ-ში ეკონომიკური პრობლემები, საწვავის გაძვირება, ამომრჩეველთა უკმაყოფილების მნიშვნელოვანი მიზეზია. შესაბამისად, დამატებითი საწვავის მიწოდებამ შესაძლოა ბაზარზე დაძაბულობა შეამსუბუქოს, ირანთან ესკალაციის გადადებამ კი ახალი ეკონომიკური შოკების ალბათობა შეამციროს. ეს ტრამპს საშუალებას მისცემს ამომრჩეველს აჩვენოს, რომ ეკონომიკურ სტაბილურობაზე მუშაობს.