"თუ ოპოზიციას რამის შეცვლა სურს, თავად უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდოს“ - კვირის პალიტრა

"თუ ოპოზიციას რამის შეცვლა სურს, თავად უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდოს“

4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს, ნაწილი კი ხელისუფლებასთან ყოველგვარ შეთანხმებას გამორიცხავს და ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ამ განსხვავებულ პოზიციებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებიც ემატება - მმართველი გუნდი მომხდარს სახელმწიფო გადატრიალების ცდად აფასებს, ოპოზიციის წარმომადგენლები კი 4 ოქტომბერს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეროვნული ერთობის დღედ წარმოაჩენენ. რა იყო 4 ოქტომბრის პოლიტიკური მიზანი, რატომ ვერ გადაიზარდა პროტესტი ხელისუფლების ცვლილებაში და რა შედეგი მოიტანა მან ოპოზიციისთვის, ნიშნავს თუ არა მსჯავრდადებულთა ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა პოლიტიკური სტრატეგიის მარცხს და აქვს თუ არა ოპოზიციას დღეს ბრძოლის გაგრძელების რეალური გეგმა, ამ და სხვა საკითხებზე ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.

- წინასწარ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა 4 ოქტომბრის მოვლენები. მთელი სექტემბრის განმავლობაში ვამბობდი, რომ ეს ხელისუფლების კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო - მახე, რომელშიც ოპოზიცია საკუთარ თავს აბამდა. მაშინ არავინ დამიჯერა. პირიქით, თავს მესხმოდნენ და მსაყვედურობდნენ, რატომ ვაკეთებდი ასეთ განცხადებებს. დღეს კი მივიღეთ შედეგი, რომელზეც თავიდანვე ვლაპარაკობდი: ეს იყო ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანიც სრულიად ნათელი იყო - კიდევ ერთხელ აეგორებინა კამპანია ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. სამწუხაროდ, ზოგი ამ პროცესში შეგნებულად ჩაერთო, ზოგი კი - საკუთარი გაუთვლელი მოქმედებებით. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ხელისუფლებამ ავტორიტარიზმის გაღრმავების პროცესი კიდევ უფრო გაააქტიურა და ამის გასამართლებლად 4 ოქტომბრის მოვლენები გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო, რატომღაც ბევრმა რეალობის დანახვა არ ისურვა.

- 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობაა და არა ბრძოლის დათმობა. მეორე ნაწილი, მათ შორის ირაკლი ნადირაძე, ამბობს, რომ "რუსულ და ავტოკრატიულ რეჟიმთან" საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების არათუ არ აპირებს, არც განიხილავს. როგორ უნდა შეფასდეს ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად?

- ოპოზიცია იმისთვის არ არსებობს, რომ მხოლოდ პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ საკითხზე. ისინი მიეჩვივნენ პასიურ მდგომარეობაში ყოფნას, როდესაც პოლიტიკა პოზიციის გამოხატვა ჰგონიათ. მიიღებ თუ არა საპროცესო შეთანხმებას (ან შეწყალებას), ეს არის გარკვეული პოლიტიკური ქმედება, რომელზეც უნდა ააგო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური ტაქტიკა. არც ერთ მხარეს არანაირი ტაქტიკა არა აქვს, ისინი უბრალოდ პოზიციას გამოხატავენ და არიან ჩაკეტილები. პოლიტიკური პარტიები იმისთვის არსებობენ, რომ იმოქმედონ და მოვლენების განვითარებას შესაბამისი გეგმით უპასუხონ. თუ შეწყალებას მიიღებენ, ეს მოქმედების ერთი სცენარია, თუ არ მიიღებენ, მეორე. პოლიტიკური კონიუნქტურა მხოლოდ ვიღაცის პოზიციით არ იცვლება. ვერ ვიტყვი, რომელი გადაწყვეტილებაა სწორი და რომელი არასწორი. სწორი ის ტაქტიკაა, რომელსაც კონკრეტული გეგმა და მოსალოდნელი შედეგების გააზრება ახლავს, დღეს კი შთაბეჭდილება რჩება, რომ არც ერთ მხარეს არა აქვს მკაფიო წარმოდგენა, რა შედეგის მიღწევა სურს და როგორ აპირებს ამას.

burchuladze-zodelava-beridze-nadiradze-manjgaladze-1791730870.jpg

- ამ მოვლენების პარალელურად, კვლავ აქტუალურია ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხიც. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, როგორ შეცვლის ის პოლიტიკურ გარემოს?

- ხელისუფლებას ორი ამოცანა აქვს: პირველი და სტრატეგიულია ქვეყანაში ე.წ. მართვადი დემოკრატიის დამკვიდრება - ეს რუსული პოლიტიკური ტერმინია და გულისხმობს სისტემას, რომელშიც ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებს, მის გვერდით კი არსებობენ მასთან შეგუებული, ფორმალური ოპოზიციური პარტიები. ამ მიზნის მისაღწევად ხელისუფლებას სჭირდება პოლიტიკურ ასპარეზზე დატოვოს ისეთი პარტიები, რომლებიც მისი თამაშის წესებს მიიღებენ. ვინც არ დაეთანხმება, ზოგს დააკავებენ, ზოგს საქმიანობას აუკრძალავენ, ზოგსაც აიძულებენ ქვეყანა დატოვოს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილად მიმაჩნია აღძრული საქმეებიც.

ხელისუფლების მეორე ამოცანა პარტიებზე აღძრული საქმეების გაჭიანურებით ოპოზიციის ლიდერების მუდმივ გაურკვევლობის რეჟიმში ყოფნაა. როდესაც პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მათ წინააღმდეგ და რა შედეგები მოჰყვება ამას, ისინი იძულებული ხდებიან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად ამ პროცესებზე იყვნენ კონცენტრირებული. ხელისუფლებას შეუძლია საქმეების განხილვა კიდევ ერთი-ორი წლით გააჭიანუროს და არჩევნებამდე ოპოზიცია მოლოდინის რეჟიმში დატოვოს, ამ დროს ოპოზიცია ინიციატივას კარგავს, ხელისუფლება კი პოლიტიკური პროცესის მართვის შესაძლებლობას ინარჩუნებს.

ოპოზიცია საკუთარ დღის წესრიგს ვერც ქმნის, მუდმივად ხელისუფლებისგან ელოდება მორიგ ნაბიჯს, რათა შემდეგ მას კომენტარით უპასუხოს ან ფეხები აბაკუნოს, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. პოლიტიკა ინიციატივების, მიზნებისა და მოქმედების გეგმის ქონას ნიშნავს და არა ხელისუფლების მოქმედებების კომენტირებასა და ფეხების ბაკუნს!

თუ ოპოზიციას რამის შეცვლა სურს, თავად უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდოს.

- პატიმრობა და რეპრესიები მხოლოდ ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებაში მყოფ და მასთან დაახლოებულ პირებსაც ეხებათ - ამის დასტურია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმის გამოძიება და მისი ჩამოშორება პროცესებიდან. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს ეს ტენდენცია?

- ნანა ყეინიშვილის საკითხი უკვე აღარ არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლების გარყვნილება აპოგეაშია. ძალიან უცნაური იყო, რომ ისეთ ადგილზე, როგორიც ეროვნული ბანკის საბჭოა, აბსოლუტურად არაკომპეტენტური პირი აღმოჩნდა. ასეთი ადამიანისგან ნეტავ რას ელოდებოდნენ, ქვეყნის მშენებლობას დაიწყებდა? როდესაც სისტემა კორუფციაზე დგას, რა მნიშვნელობა აქვს ნანა ყეინიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე? ძალიან მაინტერესებს: ნანა ყეინიშვილი ისე გაბედავდა ამ დანაშაულის ჩადენას, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან არ ყოფილიყო შეთანხმებული? ნათია თურნავასთან მაქვს კითხვა: არ იცოდა, რას აკეთებდა ყეინიშვილი? თუ არ იცოდა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუ იცოდა და ხელს აფარებდა, მაშინ კიდევ უარესად ყოფილა საქმე.

- რამ შეიძლება გამოაცოცხლოს პოლიტიკური პროცესი ან საპროტესტო მუხტი ისევ ქუჩაში გამოიყვანოს?

- იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი გამოცოცხლდეს, ოპოზიცია აზრზე მოვიდეს და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, უკვე მილიონი მიზეზი არსებობს. ხელისუფლება პერმანენტულად არღვევს კონსტიტუციას - ამაზე მეტი მიზეზი რა შეიძლება იყოს? ხელისუფლება უკვე გაცხადებულად უხვევს ევროპული კურსიდან, კონსტიტუციაში კი ჯერ კიდევ გვიწერია, რომ ჩვენი გზა ევროინტეგრაციაა. ამაზე უარესი რაღა შეიძლება მოხდეს?

- სააკაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები დღეს ბოდიშს იხდიან ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანის გამო და საზოგადოებას ურთიერთპატიებასა და გაერთიანებას სთავაზობს. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშორებაში, ხედავთ თუ არა დღეს ამ ნაბიჯის გამო ბოდიშის მოხდის ან სინანულის საფუძველს?

- კი, ბევრი ნანობს. მე, მაგალითად, არ ვნანობ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟში მივიღე აქტიური მონაწილეობა, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მაშინ გასასტუმრებელი იყო. მე ვნანობ იმას, რომ მერე საშუალება მივეცი ბიძინას ისეთივე და კიდევ უარესი რაღაცებიც გაეკეთებინა - აი, ეს არის ჩემი სანანებელი! თორემ საქმე ისე არ არის, რომ მე თავზე ნაცარი წავიყარო და ვიძახო, რას ვერჩოდი ამ ანგელოზ სააკაშვილს-მეთქი. მიშაც ისეთივე მამაძაღლი იყო, როგორიც დღევანდელი ხელისუფლებაა.

ხათუნა ბახტურიძე