"ცეცხლის ფასი" ანუ როდის გაიაფდება საწვავი?! - კვირის პალიტრა

"ცეცხლის ფასი" ანუ როდის გაიაფდება საწვავი?!

ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასი ლამის ყოველდღიურად იმატებს, რაც გლობალურ პროცესებს უკავშირდება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ საქართველო ნავთობმომპოვებელი არ არის და სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ეს კი, ცხადია, გავლენას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ახდენს. რამდენად ადეკვატურია ქვეყანაში დღეს არსებული ფასები და რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

- მთავარი მიზეზი უკვე თქვით და ეს მაგონებს ნაპოლეონის შეკითხვას გენერლისადმი, არტილერია ეფექტურად რატომ არ მუშაობდაო. გენერალმა უპასუხა, ხუთი მიზეზი მაქვს და პირველი ის არის, რომ ჭურვები არ გვქონდაო. ნაპოლეონმა კი მიუგო, აღარაა საჭირო დანარჩენი ოთხის ჩამოთვლაო - ანუ მთავარია გლობალური პროცესები. ეს ფაქტორი ნამდვილად მუშაობს და ამ ვითარებაში ყველა ცდილობს ხელის მოთბობას - მომწოდებლებიც, შუამავლებიც, დისტრიბუტორებიც და ა.შ. ამბობენ, რომ ამით რისკის დაზღვევა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდეს, რაც საბოლოოდ თავისთავად აჩქარებს ამ პროცესს.

- ანუ ასეთ მაღალ ფასს რეალურად არა თვითღირებულება, არამედ ეს რისკები, მოგების სურვილი და ა.შ., სხვა სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს?

- ბევრი ფაქტორია, მათ შორის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რაზეც ადრეც გვისაუბრია.

როცა ვითარება არამყარია და ფასების ზრდას გრძელვადიანი, განგრძობითი ხასიათი აქვს, ბიზნესის ყველა მონაწილე ცდილობს "უსაფრთხოების ბალიშის" შექმნას და როგორც მიუწვდებათ ხელი, ისე მოქმედებენ.

შემიძლია სხვა მაგალითიც მოვიყვანო - 2008 წლის აგვისტოს კრიზისი განპირობებული იყო არა მარტო საქართველო-რუსეთის ომით, არამედ იმითაც, რომ იმ დროს ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ერთ ბარელზე 147 დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძველი რეკორდული ნიშნულისთვის ნავთობის ფასს ჯერ არ მიუღწევია, სამომხმარებლო ბაზარზე ფასებმა დიდწილად მაინც გადააჭარბა 2008 წლის დონეს. სწორედ ეს ფაქტორი - გაურკვევლობა, მსოფლიო კრიზისი და სპარსეთის ყურის ამბები განაპირობებს ამ პროცესს. შემდეგ კი, ჯაჭვური რეაქციით, ყველამ "წაკრა თითო ქიშტი", გურამიშვილის არ იყოს.

საქართველოც გლობალური ეკონომიკის მონაწილეა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წილად მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 0,05% მოდის, სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს ჯამში 140-მდე ქვეყანასთან. იმდენად ვართ ჩართული მსოფლიო ვაჭრობასა და კონკრეტულად, ნავთობის იმპორტში, თანაც ჩვენი ეკონომიკაც იზრდება და უფრო მეტი საწვავი გვჭირდება, რომ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის 1 დოლარით გაძვირება ჩვენთვის, 1 წელიწადზე გადაანგარიშებით, დამატებით 12 მილიონი დოლარის გადახდას ნიშნავს. თუ საწყის ფასად 60 ან 70 დოლარს ავიღებთ, წარმოიდგინეთ, ახლა, როცა ფასმა 100 დოლარს დიდი ხანია გადააჭარბა, რამხელა დამატებით ხარჯებთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერს რიგითი მომხმარებელი იხდის.

- გასაგებია, რომ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ ისეთი ქვეყნებიც ხომ ბევრია, რომლებიც ჩვენსავით იმპორტზე არიან დამოკიდებული და ფასების მატება ჩვენთან და მათთან ერთნაირად ხდება?

- იქაც საკმაოდ მაღალი ფასებია. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითოა, ამ პროცესამდეც გაცილებით მაღალი ფასები იყო ჩვენთან შედარებით. შესაბამისად, იქ ფასების ნამატი შეიძლება ისეთი მასშტაბური არ არის. გარდა ამისა, ამ ქვეყნებს გაცილებით მაღალი ინსტიტუციური სიმყარე აქვთ, ხოლო პოლიტიკური, სამომხმარებლო და საგადასახადო კულტურა ისეთ დონეზეა, რაც ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუღწეველია. ეს ფაქტორიც მუშაობს.

a03dc868-689a-415e-9524-3ab7a232771b-w1023-r1-s-1791731357.jpg

- ანუ, ეს ფასი, რაც არის დღეს ჩვენთან, ლოგიკურია?

- ჩვენ ახლა სირაქლემას პოზაში ვერ დავმალავთ თავს ქვიშაში და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი რიგზეა. ეს არის მოცემულობა, რომელსაც სჭირდება ადეკვატურად რეაგირება და ვიდრე შემეკითხებოდეთ, ახლავე გეტყვით, რომ აქციზური განაკვეთის შემცირება, რაზეც დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკია, ბევრი მიზეზის გამო არაეფექტიანად და არაშორსმჭვრეტელურად მიმაჩნია. აქციზური განაკვეთის შემცირებით ყველაზე მეტად მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი კატეგორია ისარგებლებს, ხოლო დაბალშემოსავლიანებისთვის ეს სარგებელი მინიმალური იქნება, თანაც მეტად მოკლევადიანი აღმოჩნდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიუჯეტი გაწერილია, შემოსავლები და ხარჯები კი დაბალანსებული. თუ შემოსავლებს შევამცირებთ, რის ხარჯზე უნდა მოვახდინოთ მისი კომპენსირება? გამოდის, უარი უნდა ვთქვათ გარკვეულ პროგრამებზე, მათ შორის სოციალურზეც, რადგან ბიუჯეტს მხოლოდ იმის განაწილება შეუძლია, რაც მისი მობილიზების სქემაში წერია.

თუ გვინდა მომხმარებელთა ცალკეულ კატეგორიებს გავუკეთოთ შეღავათი, მათზე მიზნობრივი, სელექციური ნიშნით უნდა ვიზრუნოთ. საერთოდ,

ფასები და აქციზი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ იმ კონტინგენტს გავუწიოთ დახმარება, რომლის საქმიანობაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ფასების მიმართ. ასეთი შეიძლება იყოს აგროსასურსათო სექტორი, სადაც მოხვნის, დამუშავების, მელიორაციისა და რიგი სხვა სამუშაოებისთვის საწვავი პირველადი მოთხოვნილების საგანია.

ვინაიდან ისედაც დიდწილად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, საწვავის გაძვირება ამ კატეგორიის მომხმარებლებს მძიმე დარტყმას მიაყენებს, რის გამოც იძულებული ვიქნებით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ იმპორტი და ადგილობრივი წარმოება შევკვეცოთ. ეს მიზნობრივი დახმარება შეიძლება გაკეთდეს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვისაც, მაგრამ აქციზური განაკვეთის საყოველთაო შემცირება პოპულისტურ ნაბიჯად მიმაჩნია. ამ წინადადებას არავითარი ეკონომიკური საფუძველი, პირობა და რაც მთავარია, გამართლება ნამდვილად არ გააჩნია.

- უშუალოდ ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებისთვის საქართველოში რამის გაკეთება შესაძლებელია?

- აქ ისევ და ისევ რესურსების რაციონალურ გამოყენებას მივადგებით. თვალი გადავავლოთ ქუჩებს, სავსეა ავტომობილებით და საერთოდ არ იგრძნობა, რომ საწვავი გაძვირდა და დიზელის ფასმა თითქმის ხუთ ლარს გადააჭარბა. ამ მიმართულებით რაციონალური დამოკიდებულება გვჭირდება და მეტი უნდა ვიფიქროთ, მაგალითად, თბილისში მიწისქვეშა ტრანსპორტის ხაზების გაყვანაზე, თუმცა შეიძლება ეს უკვე გაცვეთილი თემაც იყოს. მოქალაქეები მარტო თბილისის ფარგლებში წელიწადში საცობებში იმდენ დროს ხარჯავენ, მისი ალტერნატიული ღირებულება მილიარდ ლარს აღემატება. ეს თანხა ფიზიკურად რომ გვქონდეს, სულ ცოტა, ორი სადგურისა და გადასარბენი გვირაბების მშენებლობას ეყოფოდა.

მართალია, იყო ინფორმაცია მცხეთასა და რუსთავს შორის მიწისზედა ტრანსპორტის განვითარების შესახებ, მაგრამ ეს მაინც ვერ გადაწყვეტს უშუალოდ ქალაქში მოძრაობის პრობლემას. რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ლონდონიდან სიდნეიში ხუთ საათში თუ ჩაფრინდებით, როცა იქ ჩემოდნის აღებისთვის სამი საათი დაგეხარჯებათ? ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველა ტექნოლოგიური და დროითი კვანძის ოპტიმიზაციაზე. ქალაქებში შიდასატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი პირობაა საცობების ურბანული პრობლემის გადასაჭრელად.

- ეს მაინც შორეული პერსპექტივაა და დღეს რა არის გამოსავალი? და ხომ არ არის მოსალოდნელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაც?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ საწვავის გაძვირება გაგრძელდა, ეს სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებაზეც აისახება და გავლენას მოახდენს ყველა იმ პროდუქტის საცალო ფასზე, რომლის დისტრიბუციაშიც საწვავი გამოიყენება. ფაქტობრივად, ეს ყველაფერზე მოახდენს გავლენას, მაგრამ ზუსტად ამ დღეებში სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შარშან ხელფასი საშუალოდ 9,9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ინფლაცია დაახლოებით 4%-მდე იყო - ანუ საშუალო ხელფასი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ინფლაციის ტემპი.

- საშუალო ხელფასი ბევრს არაფერს გვეუბნება. მედიანური ხელფასით რომ ვიმსჯელოთ, მოსახლეობის ძირითად ნაწილს აქვს იმის ფუფუნება, რომ გაძვირებაზე არ იდარდოს?

- მედიანური ხელფასიც გაიზარდა გაცილებით მეტად, ვიდრე ინფლაციის ტემპია. მართალია, მსჯელობა ცალკეული კატეგორიების მიხედვით უნდა მოხდეს, თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელფასს ყველა არ იღებს - საკმაოდ მაღალი უმუშევრობის დონე გვაქვს. ეს ფაქტორიც მუშაობს. მათთვის ხელფასის მატებას ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ქართულ ფილმში "პირველი მერცხალი", ჩვენი ფეხბურთელები ინგლისელების თამაშს რომ უყურებენ; ანუ მათ ეს პირდაპირ არ ეხება. თუმცა მთლიანობაში, თუ აბსტრაჰირებას მოვახდენთ და მთელ საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, მაინც გამოდის, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შემოსავლები და ხელფასები ინფლაციის ტემპზე სწრაფად იზრდება. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ პიკური დატვირთვის პერიოდში ქალაქის ქუჩებში საცობების რაოდენობა ფაქტობრივად არ მცირდება.

საერთო ჯამში, საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც "ვერ ჰყოფნიან ხელფასს", ჭაბუა ამირეჯიბის ნათქვამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ. გაცილებით სწრაფად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისი ხელფასიც იმდენად დიდია, რომ ნორმალურ პირობებში არც კი უნდა იყოს ამდენი. დღევანდელ პირობებში მათი ხარჯვა ცოტა შეუსაბამოა. შეიძლება ითქვას, ხარჯვის რაღაც ახალი ფორმები უნდა მოძებნონ, რადგან მათი ხელფასი გაცილებით მეტია, ვიდრე ნორმალური პირობებისთვის იქნებოდა საკმარისი.

- რა კატეგორიაზე, საქართველოს მოსახლეობის რა პროცენტზე საუბრობთ?

- სხვადასხვა კატეგორიის ხალხია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ წლის პირველ კვარტალში თბილისში, საშუალო და მსხვილ ბიზნესში დასაქმებულ მამაკაცებში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან ნიშნულს აღემატება - ანუ საკმაოდ მოზრდილი სეგმენტი უკვე გადასცდა 1000-დოლარიან მაჩვენებელს, რაც აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან მაჩვენებლად. თუ ავიღებთ ხელფასის წლიური ფონდისა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის თანაფარდობას, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამ თანაფარდობით (და არა აბსოლუტური მოცულობით) ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის აშშ-საც კი. ეს ნიშნავს, რომ ხელფასმა თითქმის მთლიანად დაიბრუნა თავისი ეკონომიკური ფუნქცია და დამაჯერებლად იფართოებს საკუთარ სეგმენტს მთლიანი შემოსავლების საერთო მოცულობაში - ანუ

ხელფასი, მათ შორის საჯარო სექტორშიც, არა მხოლოდ პრესტიჟული გახდა, არამედ მას ეკონომიკური საფუძველი და გამართლებაც აქვს. ის აღარ ატარებს იმგვარ სიმბოლურ ხასიათს, როგორიც 90-იანი და 2000-იანი წლების მიჯნაზე ჰქონდა.

- მაშინ ფასების ზრდა ყველას ასე რატომ აწუხებს?

- არსებობს ე.წ. ტოკვილის ეფექტი. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ ადამიანთა მოთხოვნილებები გაცილებით სწრაფად იზრდება. უჩნდებათ უკმარისობისა და უკმაყოფილების განცდა, რადგან ყველა მოთხოვნილებას ვეღარ იკმაყოფილებენ. მოთხოვნილებების ზრდა უფრო სწრაფი ტემპით მიდის, ვიდრე შესაძლებლობების. მართალია, მოხმარების სტრუქტურა და შესაძლებლობებიც იზრდება, მაგრამ მასთან ერთად იზრდება ადამიანის წარმოსახვა და მოთხოვნილებების მასშტაბიც. მათ შორის სხვაობა აბსოლუტურ განზომილებაში საკმაოდ დიდია, რაც უკმაყოფილების განცდას ქმნის. სწორედ აქედან მოდის შინაგანი, ლატენტური თუ ღია პროტესტი და შემდგომ უკვე პოლიტიკური დასკვნების გაკეთებაც. ამ მდგომარეობას ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური საფუძველი უდევს.

კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით ჩვენი წარსულიდან, რომელიც ყველამ გამოვიარეთ - 1990-იან წლებში საშუალო ხელფასი 5-დან 7 დოლარამდე იყო, ხოლო ერთი ლიტრი ბენზინი ოფიციალურად 70 ცენტი ღირდა. შესაბამისად, ადამიანს ერთი თვის ხელფასით დაახლოებით 10 ლიტრამდე ბენზინის შეძენა შეეძლო. მახსოვს, ბენზინი ქილებით იყიდებოდა - ხატოვნად რომ ვთქვათ, "პიპეტკებით". ახლა კი, სტატისტიკის მონაცემებით, შარშან საშუალო ხელფასი 2100 ლარზე მეტი იყო, პირველ კვარტალში კი თითქმის 2400. თუნდაც საწვავის 5-ლარიანი ფასით რომ ვიანგარიშოთ, ბენზინის მიმართ მსყიდველობითუნარიანობა ახლა რამდენჯერმე უფრო მეტია, ვიდრე 20-30 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს იდეალური შედარება არ არის, მაგრამ გვიჩვენებს დინამიკასა და ვექტორს - საიდან მოვდივართ და სად ვართ ამჟამად. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი მსყიდველობითუნარიანობა ბენზინის, ხორცის თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტის მიმართ გაცილებით მაღალი იქნება.

საბაზრო ეკონომიკის ისტორია თავისთავად ინფლაციის ისტორიაა. ბოლო ერთ საუკუნეში დოლარიც კი დაახლოებით ოცჯერ გაუფასურდა. თუ 2008 წელთან შედარებით ახლა 150%-ით მეტი დოლარი გვჭირდება იმავე რაოდენობის საქონლის შესაძენად, ერთი საუკუნის ჭრილში ეს მაჩვენებელი არა 150%, არამედ თითქმის 2000%-ის ფარგლებშია. ამიტომ ფასების ზრდა კვლავ იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ინფლაცია არ გაგვექცეს - ის არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლების ზრდას. შემოსავლების მატების ტემპი მუდმივად უნდა უსწრებდეს ფასების მატების ტემპს, მათ შორის ნავთობპროდუქტებზეც.

რუსა მაჩაიძე