მარიონეტების ახალი შიშები და ვაი-ვიში სოცქსელებში - წაიყვანენ თუ არა რუსები აფხაზ ახალგაზრდებს უკრაინის ფრონტზე?!
რუსეთში დროებით მცხოვრები აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები შესაძლოა რუსულ არმიაში გაიწვიონ. ეს თემა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში მწვავე პრობლემად განიხილება. საქმე ის არის, რომ ფიქსირდება რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის აფხაზი სტუდენტების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შემთხვევები და სოხუმში შიშობენ, რომ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას შესაძლოა ახალგაზრდების რუსულ არმიაში გაწვევა და შემდეგ უკრაინის ფრონტზე გაგზავნა მოჰყვეს.
"ჩემი შვილი აღრიცხვაზეა, შეიძლება რუსეთის არმიაში წაიყვანონ და იქიდან ომში გაგზავნონ"
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცის განცხადებით, მოსკოვთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რუსეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდები რუსულ სამხედრო აღრიცხვაზე არ დააყენონ და სამხედრო ვალდებულება აფხაზეთში შეასრულონ, რადგან მათი მუდმივი საცხოვრებელი აფხაზეთია და არა რუსეთი.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2026 წლის სექტემბერში გახდა. ადგილობრივ ტელეგრამარხებზე დაიწერა, რომ აფხაზი სტუდენტები რუსულ სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ და პრობლემა სწრაფად უნდა მოგვარდეს. გაისმა უკმაყოფილებაც: "როგორ არის ეს შესაძლებელი, ჩვენ ხომ საკუთარ ქვეყანაში ვართ სამხედრო აღრიცხვაზე?"
იურისტი საიდ ბეია წერს, რომ ამ საკითხს რუსეთის სასარგებლოდ არეგულირებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2022 წლის სექტემბერში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ დადებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 2025 წელს შევიდა. მისი თქმით, პრობლემის საფუძველი შეთანხმების მე-5 მუხლშია, სადაც წერია: "ორივე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც გაწვევის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობენ. შეთანხმება იცავს მათ, ვისაც უკვე აქვს სამხედრო სამსახური გავლილი აფხაზეთში: მათი რუსეთში გაწვევა დაუშვებელია, მაგრამ თუ ახალგაზრდა ჯერ არ მსახურობს აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში და რუსეთში სასწავლებლად წავიდა, ის ამ ნორმის მოქმედების ქვეშ ექცევა".
ამასთან, რუსეთის "სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილზე სამ თვეზე მეტი ვადით ჩადის, ვალდებულია ადგილობრივ სამხედრო აღრიცხვაზე დადგეს. სწავლის მიზნით ჩასული სტუდენტები რამდენიმე წლით დროებით რეგისტრირდებიან საერთო საცხოვრებლებში ან ბინებში. საიდ ბეიას განმარტებით, სწორედ ეს ქმნის რისკს, რომ რუსეთში მცხოვრები და მოსწავლე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა რუსეთის სამხედრო აღრიცხვის სისტემაში მოხვდეს და, თუ მას სწავლის გამო გადავადება არა აქვს, გაწვევის საკითხიც დადგეს.
აფხაზებს პრეტენზია საკუთარ დე ფაქტო ხელისუფლებასთან აქვთ, რატომ არ მოითხოვეს შეთანხმების მე-5 მუხლში დათქმის შეტანა, რომ "სავალდებულო სამხედრო აღიცხვა არ შეხებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებით, განათლების მიღების მიზნით იმყოფებიან". მათი შეფასებით, ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში რუსულ სამხედრო კომისარიატებს აფხაზ სტუდენტებთან პრეტენზია აღარ ექნებოდათ.
პრობლემა შეთანხმების ამოქმედებისთანავე, 2025 წელს გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის უნივერსიტეტებში აფხაზი სტუდენტების რუსულ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. 2025 წლის დეკემბერში ამ საკითხზე განცხადებები დე ფაქტო საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმაც გააკეთეს. მათი თქმით, სამხედრო აღრიცხვაზე დაყენება ავტომატურად გაწვევას არ ნიშნავს, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ რუსეთში დარჩენილი სტუდენტების გაწვევის შესაძლებლობას ქმნის და პრობლემის სამართლებრივად მოგვარებაა საჭირო.
კონკრეტული შემთხვევის შესახებ OC Media-სთან საუბრისას სოხუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ მის შვილს, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობს, სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიუვიდა:
"პანიკაში ჩავვარდი, ვიფიქრე, რომ შესაძლოა ის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გაეგზავნათ. შემდეგ, რა თქმა უნდა, დავმშვიდდი. ის ჯერ სტუდენტია, მაგრამ რა იქნება სწავლის დამთავრების შემდეგ? ის აღრიცხვაზეა, შეიძლება რუსეთის არმიაში წაიყვანონ და იქიდან ომში გაგზავნონ", - ამბობს ქალი.
დადასტურებული ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინაში საომრად წვევამდელებსაც გზავნის. მაგალითად, დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Важные истории წერს, რომ 2024 წლის კურსკის მოვლენების დროს ათეულობით წვევამდელი დაიღუპა, ხოლო ომის განმავლობაში დაღუპული რუსი წვევამდელების რაოდენობა ასეულებს აღწევს. შესაბამისად, აფხაზების შიში, რომ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა მხოლოდ ფორმალური პროცედურა არ არის და შესაძლოა ამას ახალგაზრდების რუსულ არმიაში გაწვევა და შემდეგ უკრაინის ფრონტზე გაგზავნა მოჰყვეს, საფუძვლიანია. ამ შიშს კიდევ უფრო ამყარებს უკვე არსებული გამოცდილება. უკრაინის ომში დაღუპულ აფხაზებს შორის არიან არა მხოლოდ რუსეთის მხარეს მოხალისედ წასული პირები, არამედ რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან გაწვეული ეთნიკური აფხაზებიც.
2025 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" აფხაზეთიდან 70-ზე მეტი კაცი დაიღუპა. რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა ალხას კვიწინიამ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთიდან წასული პირების რაოდენობა რამდენიმე ასეულად შეაფასა. მისი თქმით, ზუსტი სტატისტიკის დადგენა რთულია, რადგან აფხაზები მონაწილეობენ არა მხოლოდ "მოხალისეებად", არამედ რუსული არმიის სამხედრო მოსამსახურეებადაც - მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და აღრიცხული არიან როგორც რუსი სამხედროები. ამასთანავე, არსებობენ დაკარგულად მიჩნეული პირები, რომლებიც დაღუპულთა სტატისტიკაში არ შედიან.
ცნობისთვის: უკრაინის ფრონტზე იბრძვიან ცხინვალის რეგიონიდანაც. "კავკაზსკი უზელის" ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ომში 101 სამხედროა დაღუპული. თუმცა, აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალში ადგილობრივი ახალგაზრდების რუსულ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის საკითხზე საჯარო უკმაყოფილება არ გამოხატულა.
"რუსეთს აფხაზების გაწვევის უფლება აქვს"
ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას რუსული პასპორტი, ანუ რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ამდენად, რუსეთს შეუძლია მათი გაწვევა და ისე გამოყენება, როგორც რუსეთის სხვა ნებისმიერი მოქალაქის. დღეისთვის რუსეთს უკრაინასთან ომი აქვს და შიში, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება გაიწვიონ, სავსებით მართებულია. თავად რუსები გარბიან რუსეთიდან და თუ აფხაზების ომში გაწვევა დაიწყეს, ეს აფხაზებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.
ამჟამად აფხაზების ოფიციალურად გაწვევა არ ხდება, მით უმეტეს, სტუდენტების. ვისაც უნდა, შეუძლია შეუერთდეს რუსეთის ნაწილებს უკრაინაში, თუმცა რუსეთს რომ დასჭირდეს, აფხაზების გაწვევის უფლება აქვს და ამიტომაც ცდილობენ აფხაზები თავი დაიზღვიონ ამ ომის შემდეგი ეტაპებისთვის.
- ცნობილია, რომ რუსეთის არმიის რიგებში იბრძვიან რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და მათ შორის დაღუპულებიც არიან. გამოდის, აფხაზები რუსეთის ჯარში მაინც ხვდებიან?
- არიან აფხაზები, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ რუსეთში, დაამთავრეს იქ სკოლა, უმაღლესი და ჯარშიც მსახურობენ. ეს ერთი კატეგორიაა. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, შესაბამისად, რუსეთის ჯარში მსახურობენ და წაიყვანეს უკრაინაში საომრად. სხვა საკითხია ის აფხაზები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობაც აქვთ, ამავე დროს რუსეთის მოქალაქეებიც არიან და რუსეთში სასწავლებლად მიდიან. ახლა აფხაზები ცდილობენ მათ გაწვევა არ შეეხოთ და ამაზე მიდის მოლაპარაკება მოსკოვთან, სურთ ეს უფლება შეზღუდონ უკვე ნორმატიული იურიდიული აქტებით. მე, მაგალითად, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა დათანხმდეს ამას რუსეთი. არა მგონია, იქ აფხაზებიდან ათასობით კაცი იყოს გასაწვევი.
რატომ უნდა მისცეს მოსკოვმა განსაკუთრებული უფლება აფხაზებს, თუკი ყველაფერი რუსეთიდან აქვთ, რაღაც წვლილი მათაც ხომ უნდა შეიტანონ რუსულ საქმეში, მაგრამ აფხაზებს შეუძლიათ დაიკვეხნონ იმით, რომ წვლილი შეაქვთ, მაგალითად, მოხალისეების სახით.
გავიხსენოთ "პიატნაშკა", რომელიც იბრძვის და დაღუპულებიც ჰყავთ.
- როგორია ამ საკითხისადმი დამოკიდებულება თავად აფხაზეთში? არის უკმაყოფილება, რომ უკრაინაში საომრად შეიძლება მათი ახალგაზრდობა წაიყვანონ?
- ერთხანს აფეთქდა ეს თემა, რომ რუსებმა შეიძლება გაიწვიონ აფხაზები საომრად. შესაბამისად, იყო უკმაყოფილო რეაქციები. მერე ჩაწყნარდა, რადგან ამ ეტაპზე გაწვევის საფრთხე არ იგრძნობა.
თუმცა შიში მაინც არის, რომ მობილიზაცია გამოცხადდება რუსეთში. ალბათ, ოფიციალურად არც გამოაცხადებს, რათა არ აჩვენოს, რომ უჭირს კადრები, თუმცა გაცხადებულია ჯარის რაოდენობის გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს გაიწვევენ.
ზაფხულიდან მოყოლებული, ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აძლევენ უფლებას, დატოვოს რუსეთის საზღვრები. პირდაპირ აეროპორტში ხვდებიან, უფორმებენ სამხედრო კომისარიატში გამოცხადების ვალდებულებას და აბრუნებენ უკან. სიტუაცია სერიოზულია და აფხაზეთშიც აშფოთებთ ეს.
- ცხინვალის რეგიონში რა ხდება? როგორც ამბობენ, 101 დაღუპული ჰყავთ.
- ცხინვალის რეგიონში რუსული ბაზაა და რამდენადაც ვიცი, იქ გადიან მომზადებას ცხინვალელი წვევამდელები. ოსებს ასეთი პრობლემა, როგორც აფხაზებს, არა აქვთ. ოსები უფრო მეტად არიან ინტეგრირებული რუსულ სივრცეში, ვიდრე აფხაზები. ოსებს სურთ რუსეთის ნაწილი გახდნენ და ამიტომ არ გააპროტესტებენ ახალგაზრდების რუსეთის კომისარიატში აღრიცხვაზე აყვანას. აფხაზები კი უფრო არიან ორიენტირებული არიან ე.წ. დამოუკიდებლობაზე.
ეკატერინე ბასილაია