როგორ დავიცვათ პატარები დაბალი თვითშეფასებისგან?
„კარგი შვილი“ - ასეთი ეპითეტით ამკობენ მშვიდ და მორჩილ ბავშვს, რომელიც მშობლების და პედაგოგების მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს. ხომ არ არის ეს მორჩილება დაბალი თვითშეფასების ნაყოფი და რამდენად გამოადგება მოზარდს ცხოვრების გზაზე? - ამ საკითხზე ვესაუბრეთ ბავშვთა ფსიქოლოგს - ნანა გოგიჩაშვილს:
- დასაწყისში განვმარტოთ, რას ნიშნავს „მორჩილი, მშვიდი ბავშვი“ - ვის და რატომ ემორჩილება, ან რას გულისხმობს მორჩილება და სიმშვიდე? ეს აღზრდის შედეგია, პიროვნული ნიშნებია თუ სხვა წინაპირობით, მაგალითად, დაშინებით, ან ძალადობითაა განპირობებული? ბუნებრივია, აქ ზუსტი პასუხის გაცემა და მისი განზოგადება შეუძლებელია, რადგან ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ბავშვის ფსიქოტიპი, ხასიათი, ტემპერამენტი, ასაკი, ოჯახის სტრუქტურა და ისიც კი, მისი მშობლები განქორწინებული არიან თუ ერთად ცხოვრობენ... მნიშვნელოვანია მშობლების მიერ ბავშვის აღიარების და სოციალიზაციის ხარისხი, ასევე სქესი და ის გარემო, თავისი კულტურული თუ ინტელექტუალური რესურსით, სადაც ბავშვი იზრდება. სამწუხაროდ, ბავშვის მორჩილების წინაპირობა შესაძლებელია იყოს მუქარა, აკრძალვა, დაშინება, დასჯა, იზოლაცია, მიტოვების, ან უარყოფის შიში და ა.შ... ამავდროულად, შეიძლება ეს მისი პიროვნული ნიშანი იყოს.
- ხომ შეიძლება უსიტყვო მორჩილებამ მომავალში ბავშვს ბევრი უსიამოვნება მოუტანოს?
- გააჩნია, როგორი გამოცდილებით გადავა ბავშვი მოზარდობაში, შემდეგ ზრდასრულობაში და რაც ყველაზე მთავარია, რამდენად აქვს გაცნობიერებული მოზარდს თუ ზრდასრულს აღნიშნული ქცევის დადებითი და უარყოფითი ასპექტები. აქ იგულისხმევა ისიც თუ რა „სარგებელს“ იღებს ბავშვი თავისი მორჩილებით: ასეთი ქცევით, დედას, მამას, მასწავლებელს უფრო უყვართ და ამით აღიარების და უსაფრთხოების მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, თუ ეს მისი ხასიათის შტრიხია და სხვანაირი ქცევა მას უბრალოდ, არ შეუძლია.
- ასეთი ბავშვები ყოველთვის თავს არიდებენ კონფლიქტებს. ამის გამო, ზრდასრულ ასაკში, ცხოვრებასთან ბრძოლა და თავის დაცვა ხომ არ უჭირთ?
- აქაც გასათვალისწინებელია გარემოება თუ ვისთან შედის კონფრონტაციაში ბავშვი, რა ხდება კონფლიქტის მიზეზი და რა კოგნიტური თუ ემოციური რესურსები აქვს მოზარდს კონფლიქტის მოსაგვარებლად. შესაძლოა, პირიქით მოხდეს: ურთიერთობის უნარის დეფიციტის გამო, მოზარდი ხელს უწყობდეს კონფლიქტის ესკალაციას და დესტრუქციული ქცევით, ამ დეფიციტის კომპენსაციას ცდილობდეს. ისიც საკითხავია, რას ნიშნავს ცხოვრებასთან ბრძოლა, ან რატომ უნდა იბრძოლოს? მოზარდმა უნდა შეძლოს თავისი ძლიერი თუ სუსტი მხარეების აღიარება და რეალური, კონკრეტული, მიზნები უნდა დაისახოს უფროსების დახმარებით. ამ შემთხვევაში, მას ნამდვილად აღარ დასჭირდება ცხოვრებასთან ბრძოლა და თავისი რესურსების თვითრეალიზაციას შეძლებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „კონფლიქტის არიდება“ მოზარდს გაქცევად და სისუსტედ არ უნდა ჩავუთვალოთ, რადგან შეიძლება სწორედ კონფლიქტის არიდებით ახერხებდეს თავისი საზღვრების დაცვას. ეს კი, ზრდასრულობაშიც არაერთხელ დასჭირდება, როგორც კონფლიქტის მოგვარებისთვის, ისე თავისი პოზიციის დასაცავად. მე მიმაჩნია, რომ პრობლემა ის უფროა, როცა ბავშვი დაშინების, დაცინვის, ან მარცხის შიშით ვერ ბედავს თავისი პოზიციის გამჟღავნებას და მის დაცვას, რაც მის თვითრეალიზაციას ხელს უშლის.
- ყველაზე ცუდი ვარიანტია, როცა ჭკვიანი, დამჯერ ბავშვი ბევრს კითხულობს, მეცადინეობს, მაგრამ კლასში თავის გამოჩენა უჭირს. ამის გამოსწორება როგორ შეიძლება?
- აქ უკვე თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის საკითხს ვეხებით, რაც თავის მხრივ, გულისხმობს მოზარდის წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ, მისი თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხს. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს ადამიანის ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას ანუ ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ. მის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს მშობელს, პედაგოგს, ან მოზარდისთვის მნიშვნელოვან უფროს ადამიანებს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ სიმშვიდე და მორჩილება მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში არ იყოს განხილული, რადგან შესაძლოა, ეს ბავშვის ხასიათის და მისი ტემპერამენტის გამოვლინება იყოს. უფროსების რჩევისადმი ყურადღება, ან მორიდება, ასევე პასუხისმგებლობა და დისციპლინა, ზრდასრულობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთ მნიშვნელოვან რესურსებად, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, პიროვნული საზღვრების დაცვა და ეფექტიანი კომუნიკაცია. მე, როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, გეტყვით, რომ მოზარდებს ხშირად აქვთ საჯარო გამოსვლის შიში, რის წინაპირობადაც შეცდომის დაშვების შიშს ასახელებენ, სწორედ ასე, თანდათან ყალიბდება დაბალი თვითშეფასება, თუმცა, გამოსავალი აქაც არსებობს: ეს არის საკუთარი, ძლიერი და სუსტი მხარეების აღიარება და შიშის მიზეზების გაცნობიერება. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს მშობლების და პედაგოგების შიში, კლასელების შეფასებისა და მათი კომენტარების შიში, ან სულაც წარსული გამოცდილება, რომელიც ბავშვს სერიოზულ ბარიერს უქმნის.
- როგორ მოვიქცეთ, რომ ეს თვისება ზრდასრულობაშიც არ გადაჰყვეთ?
- პირველ ყოვლისა, ბავშვს უნდა შევუქმნათ უსაფრთხო და დაცული სივრცე, ამავე დროს, მოზარდს უნდა ავუხსნათ, რომ შეცდომის დაშვება ცოდნის შეძენის ნაწილია და ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და რეალურად რა არის მისი შფოთვის გამომწვევი მიზეზი. მოზარდისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსმენენ და აღიარებენ მას უფროსები, რამდენად ეძლევა მას არჩევანის თავისუფლება, როგორ რეაგირებენ მის შეცდომებზე სხვები და როგორია მის მიმართ გამოხატული ემპათიის ხარისხი. შესაბამისად, მოზარდთან ურთიერთობაში, სასურველია არა მხოლოდ მიღწეული შედეგის შეფასება, არამედ იმ ძალისხმევის აღიარება, რომელიც მან სასურველი შედეგის მისაღწევად გასწია.
- მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ ცელქი, მაგრამ ნიჭიერი ბავშვები მომავალში უფრო წარმატებულები არიან, თქვენი აზრით, რატომ?
- მესმის რასაც გულისხმობთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამ პოზიციის განზოგადება ცოტა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. იმის თქმა, რომ ცელქი ბავშვი აუცილებლად წარმატებული იქნება, არ შეიძლება. ე.წ „ცელქი ბავშვის“ იარლიყის მიღმა შესაძლოა იდგეს ცნობისმოყვარე და ლიდერობის უნარის მქონე ბავშვი, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოამჟღავნებს მაღალ აქტივობას, ძლიერ ცნობისმოყვარეობას და დამოუკიდებლობის სურვილს, რაც შესაძლოა, მისი წარმატების წინაპირობა გახდეს, თუმცა იმავე თვისებებმა, შეიძლება ხელიც შეუშალოს სოციალურ ურთიერთობებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოზარდებს თავიანთი ემოციების ამოცნობა და მართვა ვასწავლოთ.
- საინტერესოა თქვენი რჩევები მშობლებისთვის: როგორ მოვექცეთ ბავშვს, რომელსაც დაბალი თვითშეფასების გრძნობა აქვს?
- თუ კონკრეტულ რჩევებს გულისხმობთ, მე ასე ჩამოვაყალიბებდი:
- არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილები სხვებს, თუნდაც მათ და-ძმებს;
- არ განაზოგადოთ ბავშვის ქცევა მის პიროვნებაზე. მაგალითად: შენ ცუდი ბავშვი ხარ - არასწორია. უკეთესია: გუშინ ალბათ მიზეზი გქონდა, რომ ცუდად მოიქეცი. ხომ არ გინდა ვისაუბროთ?
- მიეცით შვილებს ასაკის შესაბამისი დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც მათში დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გრძნობას გაზრდის;
- მოუსმინეთ მათ, თუნდაც ძალიან დაღლილები იყოთ და აუცილებლად შეუსრულეთ დანაპირები!
- შეაქეთ მათი, თუნდაც მცირედი მონდომება და აუცილებლად გააკეთეთ აქცენტები მათ ძლიერ მხარეებზე, თუმცა, ობიექტურად და გადაჭარბების გარეშე;
- შეუქმენით დაცული და უსაფრთხო გარემო და რაც მთავარია, მიეცით შვილებს უსაზღვრო სითბო და სიყვარული - ზრდასრულობაში ეს მათი თავშესაფარი და ძირითადი სულიერი რესურსი გახდება!
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისსთვის)