როგორ გადაწერა ლიონელ მესიმ არგენტინის ისტორიაში საკუთარი ამბავი - კვირის პალიტრა

როგორ გადაწერა ლიონელ მესიმ არგენტინის ისტორიაში საკუთარი ამბავი

სპორტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის, არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულებამ ორჯერ მოუწია. "ჩემთვის ნაკრებში ყველაფერი დასრულებულია, ეს უკვე მერამდენე მარცხია ზედიზედ ფინალებში. შეიძლება პრობლემა ჩემშია და მე არა ვარ ნაკრებისთვის სასარგებლო", - თქვა არგენტინის ნაკრების იმედგაცრუებულმა ათიანმა "მეტლაიფის" ("მეტლაიფი" სტადიონია ამერიკაში, სადაც მესიმ 2016 წლის კოპა-ამერიკა წააგო, 10 წლის შემდეგ კი ესპანეთთან ფინალი) გასახდელის დერეფანში. ის მოხრილი იჯდა და ხელში თავისი ნივთები ეჭირა მას შემდეგ, რაც პენალტების სერიაში დამარცხდა. ამ მარცხმა ჩილეს 2016 წლის კოპა-ამერიკის ტიტული მოუტანა. "ამ ტიტულის მოგება სხვაზე მეტად მინდოდა, მაგრამ იღბალი არ იყო".

თუმცა ის საყოველთაო სიყვარული, რომლითაც გულშემატკივრები შეხვდნენ მესის გადაწყვეტილებას, საბოლოოდ დაემშვიდობოს არგენტინის ცისფერ-თეთრ მაისურს, განსხვავებულია იმ ემოციებისგან, მის პირველ "პენსიაზე" გასვლას რომ მოჰყვა.

პოპულარული გამოცემა Diario El Sol-ის, რედაქტორი ფედერიკო ბრუსოტი: "არსებობს რაღაც, რაც არგენტინულზე უფრო არგენტინულია, ვიდრე Dulce de leche. ეს არის ჩვენი უნარი, სპორტსმენები გმირებად ან ბოროტმოქმედებად ვაქციოთ".

დღეს, როცა მესის არგენტინაში თითქმის ღვთაებრივის სტატუსი აქვს, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სინამდვილეში მან არგენტინის "ბოროტმოქმედის" როლში უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე გმირის. როგორც თავად ამბობდა, ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საერთაშორისო მატჩების დროს "ბრალდებების, გინებისა და უსაფუძვლო ტყუილების" სამიზნე იყო.

თითქმის ნახევარი საუკუნის წინ არგენტინის ნაკრებში დებიუტი დიეგო მარადონას ჰქონდა. ხოლო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი თითქმის ღვთაების სტატუსამდე იყო აყვანილი, იმდენად, რომ მისმა ზოგიერთმა მიმდევარმა მარადონას სახელობის ეკლესიაც კი დააარსა. ბიჭი, რომელმაც ფეხბურთისა და, შესაბამისად, ცხოვრების მწვერვალს მიაღწია, ღარიბული უბნიდან ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.

მესიც დაბალი, გამხდარი და მარცხენა ფეხით მოთამაშე იყო. ის საშუალო ფენის ოჯახში გაიზარდა. მესის სკოლის მასწავლებელმა გაიხსენა, რომ პატარა ლეოს ნაცვლად ხშირად მისი თანაკლასელი საუბრობდა, იმდენად ეშინოდა მას საკუთარი ხმის გაგონების. როდესაც ის "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა, სესკ ფაბრეგასს ეგონა, რომ მესი მუნჯი იყო. ხუან სებასტიან ვერონმა გაიხსენა, როგორ დადიოდა შეშინებული მესი ოთახში წინ და უკან, სანამ არგენტინის კაპიტნის რანგში პირველად გუნდისთვის სიტყვით გამოსვლა მოუწევდა.

მესისთვის, განსაკუთრებით არგენტინის ნაკრებში კარიერის პირველ წლებში, პრობლემა ის იყო, რომ ქვეყნის უდიდეს კერპთან განსხვავებები თვალსაჩინო იყო - მით უმეტეს, როცა მარადონა თავად იყო მისი მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებში.

დიდი ფეხბურთელი დიდი ტაქტიკოსი არ აღმოჩნდა. ის 80-ზე მეტ გამოძახებაში ქაოსურად ცვლიდა შემადგენლობებს, მაშინ როცა არგენტინა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ცდილობდა გასვლას. ტურნირის დაწყებამდე მესიმ შვიდი თვის განმავლობაში ვერ გაიტანა გოლი ნაკრებში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერაფერი მოახერხა.

გერმანიასთან მეოთხედფინალში დამამცირებელი მარცხის შემდეგ ნარატივი უკვე ჩამოყალიბებული იყო: დამნაშავე მესი იყო. "მას არ აქვს ის თვისებები, რომ თამაშის შემქმნელის როლი შეასრულოს", - დასცინა ტურნირის შემდეგ მესის ყოფილმა თანაგუნდელმა მარტინ პალერმომ - "მესის მარადონას მენტალიტეტი არა აქვს".

2011 წლის კოპა-ამერიკაზე, რომელიც არგენტინაში ტარდებოდა, მესიმ კიდევ ერთი დიდი ტურნირი დაასრულა გოლის გარეშე და სანტა-ფეს გულშემატკივრების სტვენაც დაიმსახურა.

მესის პოპულარობა იმდენად დაეცა, რომ La Nación-ის ჟურნალისტმა კლაუდიო მაურიმ იხუმრა, მას მსაჯზე ნაკლები გულშემატკივარი ჰყავსო. Olé-ში ერნან კლაუსი იხსენებდა, რომ მესის ადანაშაულებდნენ "ეროვნული ჰიმნი არ იცის, თავს ესპანელად მიიჩნევს და ნაკრების მაისური არ უყვარსო".

გულშემატკივრები მას დამცინავად "კატალონიელს" ეძახდნენ. "შესაძლოა ბოკა-ხუნიორსში რომ გაზრდილიყო, დღეს მესის ბევრი მხარდამჭერი ჰყოლოდა, - ამბობდა რექსაჩი, - მაგრამ ასე არ მოხდა. რადგან ის "ბარსელონაში" გაიზარდა, არგენტინელები მას უცხოელად აღიქვამენ".

"ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როცა მეუბნებიან, რომ არგენტინელი არა ვარ, - თქვა ერთხელ მესიმ, - ბავშვობაში ვოცნებობდი არგენტინის უმაღლეს ლიგაში თამაშზე. არგენტინულად ვფიქრობ და კატალონიაში ვცხოვრობ, მაგრამ თავს ძალიან არგენტინელად ვგრძნობ".

არგენტინელ გულშემატკივრებს მხოლოდ ის არ აღიზიანებდათ, რომ მესი ბარსელონაში ცხოვრობდა, პრობლემა ისიც იყო, რომ კატალონიურ კლუბში ის ბევრად უკეთ თამაშობდა. 2009-დან 2012 წლამდე მესი ზედიზედ ოთხჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, თუმცა "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის არაერთგზის გამარჯვებული ვერ ახერხებდა არგენტინის ნაკრების საერთაშორისო ტიტულამდე მიყვანას.

არგენტინამ ზედიზედ სამ ფინალს მიაღწია, თუმცა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანიასთან წააგო, შემდეგ კი კოპა-ამერიკის ორ ფინალში ჩილეს პენალტების სერიაში ვერ მოუგო.

"არ წახვიდე, ლეო", - ეს სიტყვები სოციალურ ქსელებში ტრენდად იქცა, აეროპორტების საინფორმაციო დაფებზე გამოჩნდა და არგენტინის პრეზიდენტმაც კი გაიმეორა მას შემდეგ, რაც მესიმ 2016 წელს საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბუენოს-აირესის ცენტრალურ გამზირზე და ერთხმად სთხოვდა, არ წასულიყო.

ფინალის მეორე დღეს ალეხანდრო უოლმა ემოციური სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "მე შენ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ - მსოფლიო ჩემპიონატებისა და ტიტულების გარეშე".

მარადონას დამოკიდებულებაც კი შეიცვალა. "მესი მიატოვეს და არ მინდა მეც მივატოვო", - თქვა მან.

ხუთ დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ გადაწყვეტილება შეცვალა, მაგრამ რამ შეცვალა თავად ხალხის დამოკიდებულება?

მესის მუდმივად ადანაშაულებდნენ უგულობაში. საზოგადოებამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ 2015 წლის კოპა-ამერიკის ფინალის შემდეგ გასახდელში მესი ტიროდა, 2016 წელს კი "მეტლაიფის" სტადიონზე მსოფლიომ დაინახა მესის ცრემლები. 29 წლის მესის სურათები, არეული თმითა და მის მხარზე ატირებული სერხიო აგუეროთი მთელ არგენტინაში გავრცელდა და უკვე თანაგრძნობით განწყობილმა საზოგადოებამ სხვაგვარად დაინახა მისი ტკივილი.

მესის საბოლოოდ მოედანზე ახალგაზრდა თაობის ფეხბურთელები დაეხმარნენ, მაგრამ მისი დაბრუნებისთვის გზა ახალგაზრდა გულშემატკივრებმა მოამზადეს.

"რივერ პლეიტის" აკადემიის 15 წლის ფეხბურთელმა ფეისბუკზე მესის ღია წერილი მისწერა და თავისი თაობის გრძნობები გამოხატა: "რაც გინდა, ის გააკეთე, ლიონელ, მაგრამ გთხოვ, დარჩენაზე იფიქრე. დარჩი იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღო - რადგან სწორედ ეს წაგართვა ამ ხალხმა".

ეს მოზარდი მოგვიანებით გაიზარდა და ენცო ფერნანდესი გახდა - "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, რომელმაც მესისთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

იმ წლებში, სანამ ფერნანდესი, ალექსის მაკალისტერი და ხულიან ალვარესი გაიზრდებოდნენ და თავიანთ კერპთან ერთად თამაშის ასაკს მიაღწევდნენ, მესიმ კიდევ არაერთი მძიმე მომენტი გადაიტანა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც არგენტინა ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა, მესის ექვსი წლის ვაჟმა მამას ჰკითხა: "რატომ გკლავენ არგენტინაში, მამა?"

2021 წელს არგენტინამ ნანატრი კოპა-ამერიკა მოიგო და მესის წლების განმავლობაში დაგროვილი სიყვარული და მხარდაჭერა დაბრუნდა.

"საჭირო იყო, მომეშორებინა ის ხინჯი, რომელიც ნაკრებთან ერთად რაღაცის მოგებას უკავშირდებოდა", - თქვა გახარებულმა მესიმ, როცა უზარმაზარი თასი ხელში ეჭირა.

მატიას მანა, არგენტინის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იმ ოქროს ეპოქაში, რომელიც კოპა-ამერიკის ამ გამარჯვებით დაიწყო და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხით დასრულდა, ამბობდა, რომ მესი, როგორი გამორჩეული სოლისტიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ელოდებოდა მისთვის შესაფერის ორკესტრს:

"პლატინის სჭირდებოდა ჟირესი-ფერნანდეს-ტიგანა; ზიკოს - ანდრადე-ტიტა-ადილიო; კრუიფს - ნეესკენსი, ჰაანი, მიურენი. მესისაც სჭირდება მხარდაჭერა. კარგ ნახევარმცველებს შეუძლიათ საუკეთესო ფეხბურთელებიც კი უფრო ძლიერები გახადონ და, ცხადია, მესიმაც ყველა მათგანი გააუმჯობესა".

ამ ახალგაზრდა თაობამ არგენტინა დიდ გამარჯვებებამდე მიიყვანა და მესის ყველაზე დიდი ტრიუმფიც მოუტანა - საკუთარი ხალხის აღიარება.

"ახლა ვხედავ უამრავ ადამიანს, რომლებმაც დამოკიდებულება შეიცვალეს, - თქვა უკვე აღიარებულმა ჩემპიონმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, - დღეს არგენტინელების 95% ან 100%-ს ვუყვარვარ და ეს საოცარი გრძნობაა".

ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 9 საერთაშორისო ტურნირის ფინალში აქვს ნათამაშები.

2007 წლის კოპა-ამერიკის ფინალში არგენტინა ბრაზილიასთან 0:3 დამარცხდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა.

2015 წლის კოპა-ამერიკის ფინალში არგენტინა ჩილესთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა.

2016 წლის კოპა-ამერიკის ფინალში არგენტინა კვლავ ჩილესთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა.

2021 წლის კოპა-ამერიკის ფინალში არგენტინამ ბრაზილია 1:0 დაამარცხა.

2022 წლის ფინალისიმაზე არგენტინამ იტალია 3:0 დაამარცხა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

2024 წლის კოპა-ამერიკის ფინალში არგენტინამ კოლუმბია დამატებით დროში 1:0 დაამარცხა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი არგენტინა ესპანეთთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა.

9 ფინალი. - 4 გამარჯვება და 5 მარცხი.

Argentina Sport: "შენ იყავი როსარიოელი ბიჭი, რომელმაც მთელი ქვეყნის ოცნება საკუთარ მხრებზე გადაიტანა. წაგების შემდეგაც დაბრუნდი, კრიტიკის შემდეგაც იბრძოლე და მაშინაც არ დანებდი, როცა ბევრს ეგონა, რომ შენი ისტორია არგენტინასთან დასრულებული იყო.

შენ ორჯერ დაგამარცხა ფინალმა, ორჯერ დაგატირა არგენტინამ და ორჯერ გინდოდა წასვლა... მაგრამ მაინც დაბრუნდი. შენ არა მხოლოდ ტიტულები მოიგე - შენ მოიგე ხალხის გულიც.

ბიჭმა, რომელსაც ოდესღაც "ცივს" ეძახდნენ, საბოლოოდ მთელი ერი აატირა - ამჯერად ბედნიერებისგან.

მადლობა, ლეო, რომ არასდროს შეწყვიტე დაბრუნება. მადლობა, რომ არასდროს შეწყვიტე ოცნება".

ნიკოლოზ თევდორაშვილი