“წარმოდგენა არ მქონდა. არც მეგონა, ჩემს პროფესიასთან შეხებას თუ შევძლებდი. სიყვარულმა ჩამიყვანა ესპანეთში..." - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მსახიობი, რომელიც მაყურებელმა ჩცდ-დან გაიცნო
ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალები“ მდიდარ ბიზნესმენ გრიშა კაკაჩიას შვილი არ ჰყავდა, ერთ მშვენიერ დღეს კი ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა და მის შვილობას იჩემებდა. იმ პერიოდში სოციალურ ქსელში სერიალის აქტიური მაყურებლები სხვადასხვაგვარ კომენტარს წერდნენ: "თემურ ძიგუა გრიშაევიჩი რომ არ აღმოჩნდეს, გავგიჟდები“, "გრიშა რა კარგი ტიპი ყოფილა, ამ ბიჭს სახლიდან რომ არ აგდებს,“ "ვაა, კაკაჩიას შვილი გამოუჩნდა?“ - ეს ყველაფერი 2017 წელს ხდებოდა.
თემურ-თუთა ძიგუას როლის შემსრულებელ მსახიობს, ბექა ლემონჯავას სხვა ქართულ სერიალებშიც ("შუა ქალაქში,“ "ტიფლისი) ჰქონდა მუშაობის გამოცდილება. ასევე იყო თეატრში "რუსთავულის 19“.
დღეს ის ემიგრანტია. ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
Ambebi.ge მას ესპანეთში დაუკავშირდა.ბექა ლემონჯავა: – დიახ, ახლა ბარსელონაში ვარ. საქართველოდან 2017 წელს წამოვედი და მას შემდეგ ესპანეთში ვცხოვრობ. აქ წამოსვლის მიზეზი ჩემი შეყვარებული იყო - დღევანდელი ჩემი მეუღლე, რომელიც მაშინ აქ ცხოვრობდა. სამი წელი დისტანციურ ურთიერთობაში ვიყავით: მე - საქართველოში, ის - აქ. წელიწადში მხოლოდ ორი-სამი კვირით ვნახულობდით ერთმანეთს. მერე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავი. მეუღლე იმ პერიოდში ესპანეთში ინტერიერის დიზაინს სწავლობდა და თან მუშაობდა. ჩამოვედი და ოჯახი შევქმენით...
– გამოდის, უკვე ცხრა წელია მანდ ხართ. მანამდე ასე დიდხანს თუ ყოფილხართ ქვეყნიდან წასული?
– მანამდე მხოლოდ ერთხელ ვიყავი რვა თვით წამოსული ესპანეთში, მაგრამ ასე დიდხანს - არა. საქართველოში ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი, გასულ ზაფხულს. ჩემს მეგობარს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ჰქონდა და ერთი თვით ჩავედი.

– როგორია უცხო ქვეყანაში ცხოვრება? ალბათ, დამოუკიდებლობა უფრო მეტად აყალიბებს და ზრდის ადამიანს, ხომ?
– წამოსვლამდე მშობლებთან ვცხოვრობდი და მანამდე ჩემით საკუთარი საწოლიც კი არ გამისწორებია. შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა. თუმცა, საქართველოშიც ვმუშაობდი და ჩემი შემოსავალი მქონდა, მაგრამ იმ გარემოში არ ვიყავი, რასაც სრული დამოუკიდებლობა ჰქვია.
– ზოგადად, გიჭირთ გარემოს ცვლილება?
– დიახ, არ მიყვარს გარემოს შეცვალა. სამოგზაუროდაც რომ მივდივარ, წასვლისა და წამოსვლის დღეები ძალიან მაწუხებს. ადგილს ვეჩვევი და მერე დაბრუნება მიჭირს, კომფორტის ზონაში ყოფნა მსიამოვნებს.
– პირველ ეტაპზე ესპანეთში ჩასულს სირთულეები შეგხვდათ?
– დიახ, რთული იყო და სულ რთულია. საკუთარი პროფესიით სტაბილურობის პოვნა არც საზღვარგარეთ არის მარტივი და არც საქართველოში. ეს საკმაოდ სპეციფიკური სფეროა: შეიძლება 40 კასტინგზე ჩაწერო სინჯი და ორმოცივეზე უარი მიიღო. ამ დროს ჩნდება სტრესი - იქნებ არ ვვარგივარ, იქნებ ეს ჩემი საქმე არ არის. ყველაზე ცუდი ეს ეჭვებია. ან უნდა შეეგუო იმას, რომ ბევრ უარს მიიღებ, ან ძალიან გაგიჭირდება. ხანდახან ფინანსურად გჭირდება პროექტის გამოსვლა, უარი მოდის და ვერ ხვდები, რა ქნა.