"დიდი გამარჯვება იქნება, როდესაც „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სამარეში გავუშვებთ" - რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაზრდა საზოგადოების „საყოველთაო აღშფოთებისა“ და მედიის დამსახურებაა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს არის პატარა გამარჯვება, რომელიც აჩვენებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„საზოგადოებაში იყო საყოველთაო აღშფოთება და ეს არის ძირითადად მედიის დამსახურება. როგორც კი ბიუჯეტი შემოვიდა, თორმეტი დღის განმავლობაში ეს თემა არ მოხსნილა ეთერიდან. ოპოზიციამაც, რა თქმა უნდა, გააკრიტიკა და მერე პენსიონერთა მოძრაობაც დაიწყო. ეს იშვიათი რამ არის. დაანონსდა მათხოვრული 20 ლარის გაპროტესტებისა და პენსიის ზრდის მოთხოვნა. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ოპოზიციონერი პენსიონერები გამოვიდოდნენ, შეიძლებოდა შექმნილიყო სოლიდარული გარემო. ძალიან დიდი ზიანი განიცადეს [ხელისუფლებამ]...
პატარა გამარჯვებაა, რაღაც დავათმობინეთ. პატარ-პატარა გამარჯვებას გაფორმებაც უნდა და ნუ ვწუწუნებთ, რომ რა არის 45 ლარი. რა თქმა უნდა, რა არის 45 ლარი, ფასების ზრდას ძლივს დაფარავს. ახლა ხომ 20 ლარით მოიმატებდა, კიდევ 20 ლარით უნდა მომატებულიყო 2027 წლის დეკემბერს. ერთი წლის მერე რაც უნდა მოემატებინათ, ის და კიდევ პლუს 5 ლარი მოვამატებინეთ. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ პროცესის აღსაქმელად უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. [ბრძოლა] მცირეოდენი გამარჯვებით დამთავრდა, ხვალ დიდი გამარჯვება იქნება, როდესაც ამათ გავუშვებთ პოლიტიკურ სამარეში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.