“მან ის ჩვენება მოაწყო, ჭუბერის გზას რომ მოგვაგონებდა - სადაც მოდელები ტალახში ატარა და გაოგნებული მაყურებელი უყურებდა ამას...“ - ნინო კასრაძე პირად ტრავმასა და დემნა გვასალიას ფენომენზე
მსახიობი ნინო კასრაძე ეკა ხოფერიას პოდკასტის “შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ სტუმარი იყო, სადაც მან წარსულის მოგონებებსა და იმ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, რომელიც დემნა გვასალიას კოლექციის ნახვისსას განიცადა და დემნას, როგორც დიზაინერის ფენომენი ახსნა.
„დემნამ ჩემი თაობის ისეთი ტკივილები მოუშუშა და ჩვენს ტანჯვაზე ისე ილაპარაკა... აი, ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის ბაზრობა რომ გამახსენდება - ის ლურჯგადაფარებული დახლები, ახლად გახსნილი ბაზრობა რომ იყო... ხომ ხართ ნამყოფი? ჩვენ ყველაფერს იქ ვყიდულობდით და ეს იყო... ნუ, ბედნიერია ის, ვისაც ეს არ გამოუცდია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის 95% იქ დადიოდა, მათ შორის მეც და ჩემი ოჯახიც.
როდესაც გამახსენდება ეს ქალები, ბავშვები, კაცები, ჩვენი თავი... ეს გაჭირვება, როდესაც 25-ლარიანი ნივთის ყიდვაც კი გიხაროდა - აი, ის გარემო, ზოლიანი ჩანთები, ტრავმები, მეორადი ტანსაცმელი და ის, თუ როგორ დადგა ეს რეალობა უეცრად ჩვენს ცხოვრებაში... ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ვის შეიძლება აინტერესებდეს ეს ყველაფერი. უეცრად კი გამოდის კაცი, რომელიც ამბობს: „მე მაინტერესებს და მე მოვყვები ამას“.
და ისიც ყვება... აღელვების გარეშე ვერც ვიხსენებ იმ განცდას, პირველად რომ დავინახე, თუ როგორ იხდიან მთელი ევროპის ლამაზმანები ათასობით დოლარს იმაში, რაც ჩვენი ბავშვობის საშინელება იყო. როდესაც ეს „ოვერსაიზ“ ტანსაცმელი დავინახე - ეს ყველაფერი, რაც მან გარეთ გამოიტანა, ეს ტკივილები - და ამაზე საჯაროდ ისაუბრა... თითქოს სჯიდა კიდეც იმ დასავლურ საზოგადოებას და ახსენებდა: „არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობენ დაჩაგრულებიც და თქვენ დღეს იმაში იხდით ფულს, რაც მათთვის უდიდესი ტრავმა იყო“
ხოლო მოგვიანებით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან ის ჩვენება მოაწყო, ჭუბერის გზას რომ მოგვაგონებდა - სადაც მოდელები ტალახში ატარა და გაოგნებული მაყურებელი უყურებდა ამას... თუნდაც 5-10 წუთით, მაგრამ მაინც რომ მოუწიათ იმ განცდის გაზიარება, რაც თავის დროზე დევნილებმა გადაიტანეს... აი, ეს არის ცხოვრება და ეს არის ხელოვნების ნამდვილი ძალა. ეს რომ დავინახე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თურმე უამრავი რამის გაკეთება და თქმა არის შესაძლებელი.“