ЧУМАდ "გაპარული" ინფექცია?! - რა მოხდა სინამდვილეში ირკუტსკის ლაბორატორიაში და ემუქრება თუ არა მსოფლიოს "შავი ჭირის" საფრთხე
რუსეთში "შავი ჭირის" შემთხვევამ გააჩინა კითხვები, რამდენად რეალურია საფრთხე და რა შეიძლება იდგეს ლაბორანტის გარდაცვალების უკან? საერთაშორისო ორგანიზაციები რუსულ მხარეს მეტი ინფორმაციის გავრცელებას სთხოვენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არსებული მონაცემებით რისკის სრულად შეფასება ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა ამ ეტაპზე ფართო გავრცელების ნიშნები არ იკვეთება. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებითაც, ამ დროისთვის არ არსებობს მეორადი შემთხვევების ან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება.
რუსეთმა უარყო ინფორმაცია მეორე შესაძლო შემთხვევის შესახებაც და განაცხადა, რომ ჩატარებული ათასობით ტესტით საშიში პათოგენების გავრცელება არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, კითხვები კვლავ არის - რა მოხდა სინამდვილეში ირკუტსკის ლაბორატორიაში და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ დაავადების შესახებ? - ამ კითხვებით მივმართეთ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას.
- რამდენად საფუძვლიანია შიში, რომ რუსეთში "შავი ჭირის" შესაძლო შემთხვევა ფართო ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ იქცეს?
- საფრთხე პრაქტიკულად ძალიან დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებითაც საერთაშორისო გავრცელების რისკი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, შესაბამისად, მას სპეციალური რეკომენდაციები არ გაუცია. თუმცა მეორე საკითხია, რომ არა გვაქვს სრული სურათი. ოფიციალურად, ლაბორატორიულად, არ დადასტურებულა, რომ ადამიანი "შავი ჭირით" გარდაიცვალა. ვიცით მხოლოდ ის, რომ მას ჰქონდა მძიმე მიმდინარეობის პნევმონია და მუშაობდა "შავი ჭირის" კვლევით ლაბორატორიაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მეორე ადამიანის გარდაცვალების შესახებაც, თუმცა ესეც არ დასტურდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ რუსეთისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ და რეკომენდაციები მკაფიო სურათის შემდეგ გაიცემა.
არის კითხვები, რატომ გავრცელდა ეს დაავადება. თუნდაც დავუშვათ, რომ მოხდა ტექნიკური დარღვევები ლაბორატორიაში, არსებობს სპეციალური პროტოკოლები, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი, რომელსაც პირდაპირი ექსპოზიცია ჰქონდა ამ პათოგენთან. არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც ეფექტურია, თუ მათ პირველივე საათებში მიიღებენ. ამიტომ უცნაურია, რატომ ჰქონდა ლაბორატორიის თანამშრომელს პირდაპირი ექსპოზიცია მძიმე პათოგენთან და, მეორე მხრივ, რატომ არ დაიწყო დროულად პოსტექსპოზიციური მკურნალობა მის გადასარჩენად. შეიძლება საქმე არა "შავ ჭირთან", არამედ სრულიად სხვა შემთხვევასთან გვქონდეს.
- არის ეჭვი, რომ შესაძლოა რუსეთი, როგორც ყოველთვის, ინფორმაციას მალავს. თუკი "შავი ჭირის" შემთხვევა დადასტურდება რა რისკების წინაშე დადგება ხალხი?
- პრობლემური შემთხვევები ლაბორატორიებში აქამდეც ყოფილა როგორც სსრკ-ში, ისე შემდეგ რუსეთის ფედერაციაში. ამიტომაც იბადება კითხვა, რამდენად სრულფასოვანია ინფორმაცია, რომელსაც რუსეთი ავრცელებს. თუკი დავუშვებთ, რომ საქმე გვაქვს "შავი ჭირის" იმ შტამთან, რომელიც იწვევს ფილტვის დაზიანებას, და ის გავრცელდა (ანუ ერთი შემთხვევის გარდა, არის სხვებიც, რომლებიც არ არის იდენტიფიცირებული), არის რისკი, რომ გავრცელებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღოს.
ხშირად ანალოგად ახსენებენ COVID-19-ს, რაც არასწორია, რადგან ის იყო ახალი ვირუსული ინფექცია, რომლის საწინააღმდეგოდაც სამკურნალო საშუალება არ არსებობდა. ვირუსული ინფექციის გავრცელების ტიპი სხვანაირია. "შავი ჭირის" პულმონურ ფორმას შეუძლია უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე დაავადების სხვა ფორმებს, მაგრამ ის ვერ გავრცელდება ისე სწრაფად, როგორც COVID-19 და სხვა ვირუსები. ვირუსული ინფექციის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს უფრო დიდ მანძილზეც. "შავი ჭირის" პულმონური ფორმის დროს დაინფიცირება შესაძლებელია, თუ მას აქვს ორ მეტრზე ახლო კონტაქტი და თუ იმ პირს უკვე გამოხატული აქვს სიმპტომები. "შავი ჭირის" გამომწვევი ბაქტერიის საწინააღმდეგოდ არსებობს ეფექტური ანტიბაქტერიული მკურნალობა, რაც იძლევა საშუალებას, დაავადების გამოვლენისთანავე დაიწყოს და კარგი შედეგიც მიიღონ. ყველაზე ცუდი სცენარით, შესაძლებელია დაავადება უფრო ფართომასშტაბიანად გავრცელდეს თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე და მეზობელ ქვეყნებშიც იყოს ერთეული შემთხვევები, მაგრამ ის, რომ ბაქტერიულმა ინფექციამ, თუნდაც ლაბორატორიულმა შტამმა, COVID-19-ის მსგავსი პანდემია გამოიწვიოს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ყველაზე ცუდი მოლოდინი ის არის, რომ შეიძლება ლოკალურად უფრო მეტ ადამიანს აღმოაჩნდეს და თუ დროულად ვერ მოხდება დიაგნოსტიკა, მძიმე მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა ახასიათებს.
- რა არის "შავი ჭირი"?
- "შავი ჭირის" დაავადებას იწვევს ბაქტერია და უარყოფითი ჩხირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბაქტერიული აგენტია. ისტორიულად "შავი ჭირი" იყო ერთ-ერთი ვერაგი ინფექციური დაავადება, რომელიც მთელი ცივილიზაციების განადგურებას იწვევდა. თუმცა თანამედროვე ეპოქაში ანტიბიოტიკოთერაპიის დანერგვისა და ზედამხედველობის განვითარების შემდეგ დაახლოებით 50 წლის განმავლობაში "შავი ჭირის" მასობრივი აფეთქებები არ დაფიქსირებულა. იყო ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება გარკვეულ ენდემურ კერებში, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ეფექტური მკურნალობა, ის ადამიანისთვის ისეთ საფრთხეს ვეღარ ქმნიდა, როგორსაც წინა საუკუნეებში.
დაავადების კლინიკური მიმდინარეობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ის ვრცელდება მღრღნელებიდან და ინფიცირებული რწყილებიდან, რის შედეგადაც სხვადასხვა კლინიკური ფორმა ვითარდება. ძირითადად გამოყოფენ ბუბონურ, სეპტიკურ და პულმონურ ფორმებს. ეს უკანასკნელი იშვიათი იყო. ბუნებრივი მიმდინარეობით პულმონური "შავი ჭირი" იშვიათად გვხვდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლაბორატორიულ შტამებს შეუძლიათ ასეთი ფორმის გამოწვევა.
- როგორია პულმონური "შავი ჭირის" სიმპტომები და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ის ადამიანიდან ადამიანზე?
- პულმონური "შავი ჭირის" მთავარი სიმპტომი და კლინიკური გამოვლინება რესპირატორული ტრაქტის დაზიანებაა. პირველ რიგში ზიანდება ფილტვები და იწვევს ძალიან მძიმე ორმხრივ პნევმონიას. მიმდინარეობს ფილტვის ქსოვილის დაზიანება. ამ დროს გამოხატულია ხველა, მკერდის არეში ტკივილი, ტუჩებისა და ცხვირის სილურჯე, მაღალი ცხელება და ინტოქსიკაცია. დაახლოებით 72 საათში შემთხვევა შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. თუმცა ამ ფორმის დროსაც, თუ სწრაფად მიიტანენ ეჭვს დაავადებაზე და დაიწყება ანტიბაქტერიული მკურნალობა, დიდი ალბათობით, პაციენტი გამოჯანმრთელდება. პულმონური ფორმა შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდეს. როდესაც ერთი პირი ინფიცირებულია და აწუხებს ხველა, ზედა სასუნთქი გზების დაზიანების შემთხვევაში წვეთოვანი გზით შეიძლება მეორე ადამიანი დაინფიცირდეს. მაგრამ თუ ვირუსული ინფექციებით ადამიანი შეიძლება 5-6 მეტრშიც დაინფიცირდეს, "შავი ჭირით" დაავადებისთვის აუცილებელია მჭიდრო, ინტენსიური კონტაქტი, დახურულ სივრცეში ყოფნა და ორ მეტრზე ნაკლები სიახლოვე.
- ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ლიეტუვამ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტულად გადაადგილება აკრძალოს, თუ რუსეთში "შავი ჭირის" გავრცელების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, აშშ კი ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს?
- შუა აზიის ქვეყნებს ინტენსიური მიმოსვლა აქვთ რუსეთის ფედერაციასთან და განსაკუთრებით იმ რეგიონთან, სადაც ეს დაავადება დაფიქსირდა. რეაგირებაც, ჩემი აზრით, ადეკვატურია. რაც შეეხება აშშ-სა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ, ეს უფრო პრევენციული ხასიათისაა. საქმე გვაქვს მძიმე პათოგენთან და თადარიგს იჭერენ. რაც შეეხება საქართველოს, პირველ რიგში უნდა შესწავლილ იქნეს, არის თუ არა პირდაპირი მიმოსვლა იმ ქალაქებთან, სადაც ეს დაავადებაა დაფიქსირებული და კარანტინია გამოცხადებული; მეორე - უნდა მივყვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს. თუ გაიცემა რეკომენდაციები ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა, მათი შესრულება საქართველომ სწრაფად უნდა დაიწყოს.