"ქართული კულტურა მუდამ თან დამაქვს...ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის..." - ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ "ეკიპს" (L'Equipe). ვფიქრობთ, ის ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება...
"არ ვფიქრობ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მაინცდამაინც ჩემი გადმოსვლის შემდეგ იქცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდად. ეს არის გუნდი, სადაც ყველა ფეხბურთელი ძალიან ფასეულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თამაშობს და ვინ - სათადარიგოთა სკამზეა. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ იმ ფეხბურთელებს შორის აღმოჩნდა ჩემი ადგილი, რომლებმაც კლუბს ესოდენ ამდენი ტიტული მოუტანეს...
როცა აქ მოვედი, ჩემმა თანაგუნდელებმა ისეთი ატმოსფერო შემიქმნეს, თითქოს ორი-სამი წლის ნაცნობობა გვქონდა. ისე ვიგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში. მარტივი იყო ადაპტაციის გავლა...
მჯეროდა, რომ ევროპაში დომინირება შეგვეძლო. ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ ჩემი თანაგუნდელები, რაოდენ ნიჭიერები იყვნენ ისინი. მივხვდი, რომ ამ კონტინგენტით ყველაფრის მიღწევა შეიძლებოდა. გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი და შტაბი. შეგვეძლო ყველაფრის მოგება, თუ მწვრთნელის მითითებებს შევასრულებდით...
ლუის ენრიკესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ის მუდამ განვითარებისკენ მიბიძგებს - რომ ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. მასთან კომუნიკაცია ძალიან მიადვილდება. მომწონს მისი სტილი. სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი დიდებულია...
ძალიან მომწონს ის ატმოსფერო, რომელიც არის დიდ მატჩებში. თავს მუდამ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა აქ ისიცაა, რომ თანაგუნდელები ყოველთვის შესანიშნავად თამაშობდნენ და მეხმარებოდნენ. გუნდური თამაშის გარეშე, ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი...
ყოველთვის დიდ პატივს ვცემ მეტოქეებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ მოთამაშეთა გვარებს. ჩემთვის მინდორზე ყველა ერთია. მთავარია, როგორი მოტივაციით გადის ფეხბურთელი მინდორზე, დებს თუ არა თამაშში ყველაფერს. როცა მინდორზე გავდივარ, ჩემთვის მეტოქეს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მინდა, საკუთარი გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო და ყველაფერი გავიღო მისი წარმატებისთვის...
ჩემი საგოლე გადაცემებიდან გამოვარჩევდი პასს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავუკეთე უსმან დემბელეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. "ალიანც არენა" ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ფეხბურთელმა შეიძლება ჩაატაროს გასვლითი თამაში. გოლის გატანა გვჭირდებოდა და შეტევა ძალიან ლამაზი გამოვიდა...
გოლს რაც შეეხება, შესაძლოა, ასეთად პირადად ჩემთვის "ასტონ ვილასთან" გატანილი ბურთი დავასახელო. რამდენიმე გოლია, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის ალბათ ეს იყო ყველაზე ლამაზი...
ფეხბურთში მიყვარს დრიბლინგი, რისკზე წასვლა. ვფიქრობ, თავს ყველაზე ამაყ ადამიანად ვგრძნობ მაშინ, როცა ბურთი მაქვს. მიყვარს ერთი-ერთზე წასვლა მეტოქეზე და ჩემი გუნდის დახმარება გოლის გატანაში. მინდორი ის ადგილია, სადაც დუელები არის, თუმცა ეს ყველაფერი რჩება მინდორზე...
შესაძლოა, ერთ შემთხვევაში წარმატებით ვერ გავცდე მეტოქეს, მაგრამ მეორედ აუცილებლად ვცდი. შესაძლოა, ხუთი მცდელობიდან ერთხელ გამოგივიდეს ისეთი კარგი მოძრაობა, რომ გუნდმა გატანა შეძლოს.
თუ შევადარებთ პარიზსა და ნეაპოლს, პარიზში უკეთესია, რადგან აქ არის ბევრი ტურისტი. ისე, შეააძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთზე არაფერი იცოდეს, ნეაპოლში კი ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. ცხადია, პარიზშიც არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან ვუყვარვარ და ქუჩაშიც მცნობენ.
დაცვაში თამაშს რაც შეეხება, ნეაპოლში არ ვიყავი ასეთი ტიპის ფეხბურთელი. როცა დავინახე აქ, რომ გუნდი ყველაფერს გაძლევს, მივხვდი, რომ მინდორზე მთელი 100 პროცენტით უნდა დაიხარჯო. ისინი ამას იმსახურებენ.
აქ მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა, რადგან ეს არის გუნდი, რომლის თითოეული წევრიც იმსახურებს ყოფნას ძირითად შემადგენლობაში. შესაძლოა, ერთმა შეცდომამაც კი იკმაროს, რომ სათადარიგოთა სკამზე გადასანაცვლებლად. მინდა, ყველაფერი გავიღო და "პარი სენ ჟერმენს" დავეხმარო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.
არ ვიცოდი, ფეხბურთში ამდენს თუ მივაღწევდი. ისიც კი არ ვიცოდი, გავხდებოდი თუ არა პროფესიონალი ფეხბურთელი. ერთი კი ნამდვილად ვიცოდი - ფეხბურთი უსაზღვროდ მიყვარდა...
დიდი გზა გავიარე. საქართველო ძალიან დამეხმარა. ამიტომ მუდამ თან დამაქვს ქართული კულტურა. მომწონს, რომ წარმოვადგენ პატარა ქვეყანას, რომელსაც თავისი მენტალიტეტი, ერთი დიდი ოჯახის ფასეულობა აქვს. ძალიან ვამაყობ, ქართველი რომ ვარ. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის...
ფეხბურთში არის ხოლმე პერიოდები, როცა თავს ცოტა დაძაბულად გრძნობ. ასეთ დროს ოჯახის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრები ბედნიერს გხდიან და გეხმარებიან, რომ უკეთ შეიგრძნო საკუთარი თავი...