მეღვინე ქალი აკურის ვენახებიდან
თეონა ომარაშვილი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და 10-წლიანი სამუშაო გამოცდილებაც აქვს. თუმცა დღეს უკვე მეღვინეა, ამ სფეროში მთელი მონდომებით არის ჩართული და კახეთში ერთ-ერთი არტიზანული მეღვინეობის თანადამფუძნებელი, სულისჩამდგმელი გახლავთ. ამბობს, რომ საქმე, რომელსაც დღეს ემსახურება, მისი მეორადი პროფესიაა. დამეთანხმებით, საინტერესო ცვლილებაა. რატომ გაუჩნდა იდეა, მეღვინეობაში გადაენაცვლა და რა პროცესებს უძღვება ვენახსა თუ ღვინის დაყენებისას, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
- წინაისტორია ასეთია: წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ჩუმლაყიდან ვარ. იქ დიდი პაპის დატოვებული სახლი მამამ შეინარჩუნა, ხოლო ვენახები აკურასა და შილდაში გააშენა. ერთი მხრივ, მამას ვენახები და მეორე მხრივ, ჩემი ბიძა (დედის ძმა), რომელიც ყოველთვის საუკეთესო ღვინოს აყენებდა, ქმნიდნენ გარემოს, სადაც რთველი და ღვინის დაყენება იყო ოჯახური ტრადიციისა და შესაბამისად, ჩემი ბავშვობის საყვარელი ნაწილი. ბიძა მეღვინეობის თანადამფუძნებელია და პროფესიით ქიმიკოსია, თავდაპირველად სწორედ მისგან ვისწავლე ღვინის დაყენების მეთოდები. ასე რომ, ერთი მხრივ, ვენახები და, მეორე მხრივ, ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნიკა გავაერთიანე და გადავწყვიტე, ჩვენი ღვინო ფართო აუდიტორიისთვის წარგვედგინა.
გარდა ამისა, ისედაც სულ მინდოდა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კურსების გავლით თეორიული ცოდნის მიღება. 2016-2018 წლებში სამსახურის გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი სწავლას და გადადება მიწევდა, თუმცა ეს იდეა გონებიდან არ გამოსულა.
2020 წელს, პანდემიის დროს, სამსახურებრივი საქმიანობა რომ დაპაუზდა, მივხვდი, რომ სწორედ დრო იყო გამეკეთებინა ის, რაც დიდხანს მინდოდა. 2019 წლის მოსავლიდან სახლისთვის უკვე გვქონდა დაყენებული ღვინო.

თეონა ომარაშვილი:
- 2020 წლის თებერვალში დავარეგისტრირეთ კომპანია და ბაზარზე 2019 წლის 200 ბოთლი ღვინით გავედით. ექვს-შვიდ თვეს ვმუშაობდით ბრენდის კონცეფციასა და ვიზუალზე, ლოგო და ეტიკეტი კი მეგობარმა დაგვიხატა.
- ამ წლების განმავლობაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციის პირობებში რამ შეგანარჩუნებინათ პოზიციები?
- ბევრი იწყებს, მაგრამ ხშირად კომპრომისზე მიდიან ხარისხის ხარჯზე, რადგან ოპერირება რთულია. ჩვენ თავიდანვე მკაფიოდ დასახული გეზი გვქონდა - ხარისხზე კომპრომისზე არ წავსულიყავით და ამ ხაზს დღემდე ვინარჩუნებთ.

- რა ქმნის თქვენი ღვინის ხარისხს?
- პირველ რიგში, მიდგომები - როგორ ვუვლით ვენახს და როგორ ვამზადებთ ღვინოს. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიმართულია იქითკენ, რომ მივიღოთ ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის ყურძენი და შემდეგ ღვინო. მივდევთ მდგრადი მევენახეობის პრინციპებს, ბალახი ითიბება, ასევე, ვენახში ოპერაციებს მთვარის ფაზების მიხედვით ვგეგმავთ. ვენახს პირადად ვუვლი. ეს ხშირად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ბაზარზე ყურძნის ყიდვაა.
ჩვენი კონცეფციაა "ერთი ვენახი - ერთი ღვინო" (Single Vineyard). აქცენტი კეთდება ტერუარზე. ღვინის დაყენებას ბუნებრივი ღვინის ტექნოლოგიით ვუძღვებით. ფერმენტაციას ვატარებთ ველურ მიკროფლორაზე (ველურ საფუვრებზე), არ ვხმარობთ დანამატებსა და ფილტრაციას. ჩვენი მიზანია შევქმნათ ღვინო, რომელიც ყოველ წელს საუკეთესოდ ასახავს ჯიშიანობას, მოყვანის ადგილსა და მოსავლის წელიწადს; ქმნის კოლექციას, სადაც მოსავლებს შორის განსხვავება ვენახისა და კლიმატური მოცემულობის ბუნებრივი ნაზავია და არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ნაწილი. ტექნოლოგიური ხაზი უცვლელია, ხოლო ღვინის ხასიათს ბუნება და მოსავლის წელიწადი განსაზღვრავს.
- ყურძნის რომელი ჯიშები გაქვთ?
- სამი ჯიში გვაქვს: საფერავი, რქაწითელი და კახური მწვანე. რქაწითელი და მწვანე შერეული ნარგაობაა (Fიელდ Bლენდ) - დაახლოებით 80% რქაწითელი და 20% მწვანე. ეს ვენახი სოფელ აკურაშია და 40 წლისაა. საფერავის ვენახიც აკურაშია და ის 20 წლისაა. ეს სოფელი წინანდლის მიკროზონას ეკუთვნის. ფართობს რაც შეეხება, საფერავი 1 ჰექტარია, ხოლო რქაწითელ-მწვანის 12 რიგი გვაქვს. წარმოება წავკისშია. მთელი წლის განმავლობაში ვენახს აკურაში ვუვლით, რთვლის შემდეგ კი ყურძენი წავკისში გადაგვაქვს.
- როგორია ვენახის მოვლის ყოველწლიური ციკლი თქვენთან?
- ზამთარი (თებერვლის შუა რიცხვები): იწყება ვაზის გასხვლა, სარემონტო სამუშაოები. ნიადაგს ვამუშავებთ, რიგგამოშვებით, რათა სტრუქტურა არ დაზიანდეს. ვთესავთ საფარ კულტურებსაც.
გაზაფხული (მაისი-ივნისი): ვეგეტაციის დაწყებისას პირველი წამლობებიც იწყება. მაისი ყველაზე კრიტიკულია ნორჩი ფოთლისა და წვიმების გამო.
ყვავილობამდე ვატარებთ მწვანე ოპერაციებს - არასამტევნე ყლორტების შეცლასა და მტევნის ზონაში ფოთლების შეცლას (4-5 ბაზალური ფოთოლი). ამ ოპერაციაზე აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად კვლევაც ჩავატარეთ: ეს მეთოდი ყურძნის შემადგენლობაში მეტ შაქარს, ფენოლებს, ფერის ექსტრაქციასა და საბოლოო ჯამში, მეტ ინტენსივობას იძლევა, რაც განსაკუთრებით საძველე საფერავისთვისაა მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, განაპირობებს მტევნის აერაციას და მზის სხივებთან თანდათანობით შეგუებას.
ზაფხული (ივნისის ბოლო-აგვისტო): ყვავილობის შემდეგ ვაკეთებთ აკვრასა და ვეგეტატიური მასის გასწორებას, ნამხრევების შეცლას. საჭიროების შემთხვევაში, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში, თავებს გადავაჭრით, ხოლო დაახლოებით თვეში ერთხელ მხოლოდ ბალახი ითიბება.
აგვისტოს დასაწყისი: ტარდება ბოლო წამლობა.
სექტემბრის ბოლო-ოქტომბერი: იწყება რთველი. 2022 წელს, როცა ძალიან მშრალი წელიწადი იყო, შეთვალებისას "მწვანე რთველიც" გვქონდა - დაახლოებით ერთი ტონა მომწიფებაში ჩამორჩენილი მწვანე მტევანი შევაცალე ვაზს, რათა დარჩენილი ყურძენი კარგად დამწიფებულიყო.

- რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებთ წლიურად?
- საფერავის ვენახი იძლევა დაახლოებით 7-8 ტონა ყურძენს, რაც 6000 ბოთლამდე ღვინოა. რქაწითელ-მწვანის ვენახიდან დაახლოებით 1000-1200 ბოთლი გამოდის. ჯამში, ორივე ვენახიდან მაქსიმალური წლიური წარმადობა 7000 ბოთლია.
ვენახის სეზონურ სამუშაოებზე ადგილობრივ მოსახლეობას ვასაქმებთ და ტექნიკასაც ადგილზე ვქირაობთ, უშუალოდ ღვინის წარმოებაში კი მე და ჩემი ოჯახი ვართ ჩართული. დიდი ღონისძიებებისას ოჯახის წევრები და მეგობრები გვეხმარებიან, რაც სამუშაო პროცესს ჟრიამულად გადააქცევს.
- უშუალოდ ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზეც გვითხარით...
- საფერავს ვამზადებთ კლასიკური მეთოდით, უჟანგავი ფოლადის ავზებში. ერთი წლის თავზე გადადის ბოთლში და დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ გადის ბაზარზე. მუხას არ ვიყენებთ, რადგან გვინდა ჯიშურ თვისებებს გაესვას ხაზი.
რქაწითელ-მწვანისგან დაყენებულ ღვინოს აკურა“ჰქვია - იმ სოფლის პატივსაცემად, სადაც ვენახებია. ის მზადდება ქვევრში, კანთან კონტაქტით (შკინ ცონტაცტ), ქარვისფერი ღვინის ტექნოლოგიით, ჭაჭის შედარებით ნაკლები რაოდენობითა და დავარგების ნაკლები დროით. სტილისტიკურად უფრო მსუბუქსა და სასიამოვნო ქვევრის ღვინოს ვიღებთ.
- ექსპორტზე თუ გადის თქვენი ღვინო?
- დიახ, ძირითადად ექსპორტით გადის. ჩვენი სტაბილური ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, აშშ და შვედეთი. ასევე ვართ ცნობილი ქართული ღვინის ქსელის გერმანიის ფილიალში.
- წავკისის მარანში ტურისტებს თუ იღებთ?
- წავკისში გვაქვს წარმოება და საძველო მარანი-საცავი, ეს ჩვენი საცხოვრებელი გარემოცაა. ამიტომ სადეგუსტაციო სივრცეში მხოლოდ კერძო მიწვევებით ვმასპინძლობთ ახლობლებს ან უცხოელ პარტნიორებს.
- დღეს ამ საქმის კეთება თქვენთვის რას ნიშნავს?
- აქ ბევრი ემოციის თანხვდენაა. სულ სიახლეა, არც ერთი წელიწადი მეორეს არ ჰგავს. ჩემთვის ეს მრავალფეროვანი დინამიკა და შემოქმედებითი პროცესი მიმზიდველი და სასიამოვნოა.
გაზაფხულ-ზაფხულში ვენახზე ხარ კონცენტრირებული, მერე წარმოებაზე, მერე გაყიდვებსა და გამოფენებზე. ერთი სიამოვნებაა, როცა ხედავ, ღვინოს როგორ მიირთმევენ, სიამოვნებთ და ხარობენ. ეს გაზიარების სიხარული ყოველგვარ დაღლილობას გადაწონის.
ვისაც ამ საქმის დაწყება სურს, თავიდანვე უნდა გაითვალისწინოს, რომ შექმნას პრაქტიკული და კომფორტული სამუშაო გარემო. პროცესები ისე უნდა აეწყოს, რომ შრომა იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული და ნაკლებად დამღლელი. საჭიროა ნებისყოფა, მიზანდასახულობა და მოთმინება, რადგან ეს არის ფიზიკურად და ემოციურად დატვირთული საქმე, რასაც დიდი შინაგანი რესურსი, ფინანსური მზაობა და რაც მთავარია, დრო სჭირდება.