სოფლის რუტინული, მაგრამ სიცოცხლით სავსე ცხოვრება - კვირის პალიტრა

სოფლის რუტინული, მაგრამ სიცოცხლით სავსე ცხოვრება

"მიუხედავად იმისა, რომ ახლა პაუზა მაქვს, ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს პროფესიას. ამასთან ერთად, სოფელსა და აქ შრომას ყოველთვის დიდი ადგილი ექნება ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს ექიმი ნინო ერისთავი და გვიამბობს, როგორ ახერხებს, ერთდროულად სოფლის საქმეებში ჩართვას და ქალაქშიც ყველაფრის მოსწრებას.

- პროფესიით თერაპევტი, სტომატოლოგი ვარ. თუმცა ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, ორი წელიწადია სოფელში ვარ. ვინაიდან ბებო უკვე 84 წლისაა, ძველებურად აღარ შეუძლია და ვეხმარები.

- როგორც ვიცი, ქალაქში გაიზარდეთ, მაგრამ სოფელი ამჯობინეთ.

- ქუთაისში დავიბადე და სკოლაში შესვლამდე ვანის რაიონ სოფელ სალომინაოში ვიზრდებოდი. ქუთაისში სკოლის დამთავრების მერე ქალაქში ვცხოვრობდი, თუმცა ვინაიდან ბებო მარტო მყავდა, ყოველ შაბათ-კვირას ან ზაფხულში სოფელში ვიყავი. აქედან გამომდინარე, სულ ვხედავდი, როგორ შრომობდა და უკვე ექვსი წლიდან მეც ძალიან შემიყვარდა სოფლის მეურნეობა. პატარა ასაკის მიუხედავად, სოფლის საქმეებში ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. ყანის თოხნაშიც წილი მედო ჩემი პატარა თოხით... სოფელი რომ მიყვარს, ამაში ბებოს წვლილი დიდია. როცა წამოვიზარდე და სკოლა დავამთავრე, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთე, რადგან ჩემთვის ძალიან ძვირფასია სოფელში ყველაფერი.

2aec4b9c-d4e0-4520-a4af-42ddc21f7709-1791964463.jpg

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ზაფხულობით სულ სოფელში ვარ, სხვა დროსაც ყოველდღიურად მიწევს ქუთაისში სიარული. ქუთაისთან ახლოს ვართ და სოფელში მისვლა-მოსვლა არ არის რთული... ჩემი დილა იწყება იმით, რომ მე და ბებო საქონელს, ფრინველებს ვუვლით. დილის საქმეების შემდეგ მიყვარს ყავის დალევა ეზოში და ლამაზი კადრების გადაღება. ფოტოგრაფია ჩემი საყვარელი სფეროა. შემდეგ დღე კვლავ საქმით გრძელდება - სეზონიდან გამომდინარე, იქნება ყანის თოხნა, სიმინდის მოჭრა, ვენახი თუ ბოსტანი... საღამოს ისევ სოფლის რუტინული საღამოს საქმეა, რაც ყველანაირ ამინდში გასაკეთებელია, საქონლისა და ფრინველების დაბინავება და სხვა.

- როგორც ფოტოებიდან ჩანს, ბევრი ინდაური და ქათამი გყავთ.

- დიახ, ფრინველები ყოველ წელს გვყავს, ხან როგორ, ხან როგორ... წლეულს 50 ფრთა ინდაური და ქათამი გვყავს. ორი ყანაც გვაქვს, არც ისე დიდი, თუმცა ქალისთვის სამუშაოდ მაინც რთულია. გვაქვს ვენახიც, ცოლიკაურისა და ოჯალეშის ჯიშები. ვაყენებთ ღვინოსაც, როგორც თეთრს, ასევე წითელს.

- თუ ყიდით რამეს?

- კვერცხს, ყველს, ყურძენსაც, როცა რაოდენობა ხელს გვიწყობს.

7876b7f7-b6a8-455c-bd51-c67adbea6047-1791964462.jpg

- ამდენად დატვირთული გრაფიკის შემდეგ, სხვებს რას ურჩევთ?

- ადამიანს თუ ფიზიკურად შეუძლია და თუ დროს აქვს, შეუძლებელი არაფერია. სოფლად შრომა იმდენად შრომატევადი და დამღლელია, ვერაფერს გააკეთებ, თუ არ გიყვარს ყველაფერი, რასაც უვლი - იქნება ცხოველი, ფრინველი, ვენახი თუ სხვა. სოფელს ყოველთვის დიდი ადგილი ექნება ჩემს ცხოვრებაში. მთავარი მონდომება და სურვილია. სხვებს ვურჩევდი, თუ აქვთ სოფელში შრომის შესაძლებლობა, იშრომონ. საკუთარ ეზოში აღებულ პროდუქტს არაფერი სჯობია, აქ ყველაფერი ნატურალურია. სოფელში შემოსავალიც არის. შეიძლება მცირედი და დიდი შრომის ფასად, თუმცა, საკმარისი, რომ ადამიანმა თავი გაიტანოს. სოფელში ყველაფერი უფრო ნამდვილია, აქაურ მშრომელ ადამიანებში ყველაზე მეტად იგრძნობა სიცოცხლე, ნამდვილობა და ბუნებრიობა...

- თქვენს შვილსაც ასე აყვარებთ სოფელს?

- ვცდილობ შევაყვარო. რუსკა 12 წლისაა, მასაც ძალიან უყვარს ცხოველები, ფრინველები, სოფლის საქმეები. ხანდახან, როცა ამის ხასიათი აქვს, გვეხმარება.