რა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. სასამართლოს ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება 2026 წლის 13 ოქტომბრით თარიღდება.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძემ აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მანანა კობახიძე მის მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.
დოკუმენტის თანახმად, კობახიძეს ოჯახის წევრად მეუღლე ჰყავს მითითებული.
დეკლარაციის მიხედვით, მანანა კობახიძის საკუთრებაშია 73.7 კვადრატული მეტრის ბინა თბილისში, რომელშიც მან 2024 წელს 65 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბინა შეძენის მომენტში მშენებარე იყო, თანხის გადახდა კი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
გარდა ამისა, კობახიძე ფლობს 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, რომლის შესაძენადაც 2017 წელს 70 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობებიც არის განთავსებული.
დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის შევსების მომენტში მანანა კობახიძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამურად 11 588 ლარი, ხოლო ანაბარზე 28.85 აშშ დოლარი ჰქონდა.