“პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა - უკვე დანიშნული პროცესები კი ნიშნავს, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ, ემზადებიან...“ - რას აცხადებს ეკა ბესელია - კვირის პალიტრა

“პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უპრეცედენტოა - უკვე დანიშნული პროცესები კი ნიშნავს, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ, ემზადებიან...“ - რას აცხადებს ეკა ბესელია

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა და საკონსტიტუციო სარჩელი უპრეცედენტოა - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რეპრესიული პოლიტიკა კულმინაციურ ფაზაში გადადის! აპირებენ, რომ პარტიების ერთი ხელის მოსმით განადგურების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესს აყენებს უდიდესს ზიანს და საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს ანადგურებს, არამედ აზიანებს თვითონ “ქართულ ოცნებას“.

„ეს იქნება ევროკავშირისათვის გაგზავნილი „მესიჯი“, რომ არ გვაინტერესებს რას ამბობს ევროკავშირი, ევროკომისია და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მეორე მხრივ, უკვე დანიშნული პროცესები ნიშნავს იმას, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ - თავმჯდომარე შეიცვალა და ორ მოსამართლე გააწესეს. ფაქტია, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვერ ირჩევს, რადგან კვორუმი არ ჰყოფნის. საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და გამომდინარე იმათგან ვინც ჰყავთ, პლენუმისთვის უფრო დაბალი კვორუმი იქნება. ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად და ფორსირებულად მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი თვალსაზრისით საზიანო პროცესი იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დატოვებას, ბესელიას თქმით, თუ კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, ხოლო თუ აიძულეს, „ეს უკვე დანაშაულია და ამაზე კობახიძემ თავად უნდა ისაუბროს“.

განაგრძეთ კითხვა