რა ხდება ფრონტის ხაზზე?! - სამდღიანი პაუზის შემდეგ უკრაინა გააგრძელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს - კვირის პალიტრა

რა ხდება ფრონტის ხაზზე?! - სამდღიანი პაუზის შემდეგ უკრაინა გააგრძელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს

სამდღიანი პაუზის შემდეგ უკრაინა გააგრძელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს, მიუხედავად არნახული ამერიკული ზეწოლისა...

ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომში აქამდე არნახული ზეწოლა განხორციელდა, ოღონდ არა უშუალოდ ფრონტის ხაზზე, არამედ „პოლიტიკური ფრონტის“ კულუარებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდეტ ტრამპის ადმინისტრაციამ, მილიარდერ ილონ მასკთან ფარული შეთანხმებით, უკრაინას წაართვა საშუალება, მიეღო ინფორმაცია რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტებზე და შეტევითი ოპერაციებისთვის გამოეყენებინა „სტარლინკის“ სისტემები...

ტრამპის ადმინისტრაციიდან ათზე მეტ უკრაინელ მაღალჩინოსანს დაურეკეს და კატეგორიულ ფორმაში მოსთხოვეს რუსულ ენერგოობიექტებზე, განსაკუთრებით კი - რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე საჰაერო შეტევების სასწრაფოდ შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების ბლოკირებით დაემუქრნენ...

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მართლაც სამი დღით შეაჩერა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, ტრამპი-მასკის „დუეტმა“ მაინც განახორციელა მუქარა -უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობისთვის საჰაერო განგაშის ადრეულად გამოცხადება ვეღარ ესწრება და, ამასთან, უკრაინულ კამიკაძე-დრონებსა და გადამჭერ-დრონებს ეზღუდებათ ფრენის სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე, „სტარლინკის“ გამოყენებისას.

საინტერესო ისიცაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ილონ მასკი ცდილობენ ერთმანეთს „გადააბრალონ“ „სტარლინკის“ ფუნქციონირების შეზღუდვა, უკრაინის არმიისთვის.

თეთრი სახლი პასუხობს კიევს, რომ „სტარლინკი“ ეკუთვნის ილონ მასკის SpaceX-ს, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ და პასუხი უკრაინელებმა სწორედ მასკიდან უნდა მიიღონ...

თავად ილონ მასკი კი აცხადებს, რომ Starlink-ის სამხედრო ვარიანტის, Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. სიჩქარესთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება, საბოლოო ჯამში კი - აშშ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს.

„Starlink-ი არის კომერციული მომსახურება, რომელიც SpaceX-ის საკუთრებაშია და ის აკონტროლებს. “Starlink-ის გამოყენება შემოიფარგლება სამოქალაქო ან თავდაცვითი საქმიანობით; მისი გამოყენება შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის დაუშვებელია, რადგან ეს შეუსაბამო იქნებოდა კომერციული კომპანიისთვის”, - აცხადებს მასკი.

ერთმანეთთან გადამისამართების მიუხედავად, ტრამპიც და მასკიც ერთ რამეში სოლიდარულები არიან - უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ უკრაინა სერიოზულ დათმობებზე წავიდეს პუტინის რუსეთთან, თვით კაპიტულაციამდეც კი, რათა რუსეთ-უკრაინის ომი ბოლოსდაბოლოს დამთავრდეს...

ამ ომში, უკრაინის პირველი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირიდან ტრამპის ამერიკა იმავე უკრაინის წამყვან მოწინააღმდეგედ ყალიბდება და დგება არა მარტო აგრესორი რუსეთის, არამედ - იმ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდითაც, რომლებიც „შაჰიდებითა“ და მებრძოლებით ეხმარებიან პუტინის არმიას, უკრაინის თანდათანობით ოკუპირებაში...

“არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ “, - საპასუხოდ აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ზოგიერთ გავლენიან ადამიანს სურს მისი შეცვლა, რადგან ის არასდროს აღიარებს უკრაინის მიწას რუსეთის მიწად“.

„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაანონსა, რომ ის წყვეტს სამდღიან მორატორიუმს რუსულ ენერგოობიექტებზე შეტევებზე და უახლოეს პერიოდში უკრაინული კამიკაძე-დრონები ისევ ააგიზგიზებენ მორიგ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას...

მანამდე კი, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 2026 წლის 14-15 ოქტომბრის ღამეს მასშტაბური სარაკეტო დარტყმა მიიტანეს რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე „ბორისოგლებსკის“ სამხედრო აეროდრომზე, რასაც ობიექტზე ძლიერი აფეთქებები და მძლავრი ხანძარი მოჰყვა.

ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მონიტორინგის არხების ცნობით, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ათობით აფეთქება დაფიქსირდა, ხოლო ხანძრისა და კვამლის დანახვა დიდი მანძილიდანაც იყო შესაძლებელი.

ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზაა. აქ დისლოცირებულია 105-ე შერეული ავიადივიზიის ნაწილები და 783-ე სასწავლო საავიაციო ცენტრი.

აეროდრომზე განთავსებულია Су-34, Су-35 და Су-30СМ ტიპის საფრონტო ბომბდამშენები და გამანადგურებლები, რომლებსაც რუსული არმია უკრაინის ქალაქებისა და პოზიციების დასაბომბად (მათ შორის, მართვადი საავიაციო ბომბებით) იყენებს.

ბაზაზე ასევე მდებარეობს საავიაციო საწვავის საცავები და შეიარაღების, კერძოდ - მართვადი ბომბების საწყობები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამხედრო ობიექტი უკრაინული დრონებისა და რაკეტების სამიზნე მანამდეც არა ერთხელ გამხდარა (მაგალითად, 2024 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში, ასევე, 2025 და 2026 წლის ივლისში), რის შედეგადაც საწვავის რეზერვუარები და საწყობები დაზიანდა. ბოლო შეტევის ზუსტი შედეგებისა და განადგურებული სამხედრო ტექნიკის შესახებ მონაცემები ამ დროისთვის ზუსტდება.